ავტორი:

პრინცესა ჯარში მიდის - ესპანეთის ტახტის 17 წლის მემკვიდრე 3-წლიან სამხედრო წვრთნას გაივლის

პრინცესა ჯარში მიდის - ესპანეთის ტახტის 17 წლის მემკვიდრე 3-წლიან სამხედრო წვრთნას გაივლის

ესპანეთის მეფე, ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია აცხადებენ, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრე, 17 წლის პრინცესა ლეონორი სამწლიან სამხედრო წვრთნას გაივლის. გოგონა ამჟამად საერთაშორისო ბაკალავრიატის საფეხურზე უელსის UWC Atlantic College-ში სწავლობს. პრინცესას სამხედრო წვრთნები სარაგოსას გენერალურ სამხედრო აკადემიაში აგვისტოდან დაიწყება, ამის შემდეგ ის საზღვაო ფლოტში გაატარებს 1 წელს. ლეონორი წვრთნების ბოლო, მესამე წელს, გენერალურ საჰაერო აკადემიაში გაატარებს.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმაც დაადასტურა ეს ინფორმაცია პრესკონფერენციაზე:

"ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ, რომ შეიარაღებულ ძალებში ქალებიც ჩართულიყვნენ. ეს მისი უდიდებულესობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მეთაურობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია“,- განაცხადა რობლესმა.

სამხედრო მომზადების დასრულების შემდეგ, ლეონორს საზღვაო ფლოტში უმცროსი ოფიცრის, ჯარში ლეიტენანტის და საჰაერო ძალებში კი სარდლის წოდება ექნება. პრინცესა ლეონორი მამის, ფილიპეს კვალს მიჰყვება, რომელმაც სამხედრო წვრთნა მანამდე გაიარა, ვიდრე მადრიდის უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხს აიღებდა.

პრინცესა ლეონორი UWC Atlantic College-ში 15 წლის ასაკში ჩაირიცხა

მეფე-დედოფალმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც განაცხადეს, რომ სექტემბერში ლეონორის უმცროსი და, 15 წლის ინფანტა სოფიაც UWC Atlantic College-ში ჩაირიცხება. შესაბამისად, სოფიაც დიდ ბრიტანეთში გადავა და კამპუსის რვა პანსიონატიდან ერთ-ერთში იცხოვრებს. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად, ამავე სასწავლებელში სწავლობდა მეფე ჩარლზიც.

მეფე-დედოფალი ლეონორსა და სოფიასთან ერთად
  • საინტერესო ფაქტები პრინცესა ლეონორის შესახებ

პრინცესა ლეონორი ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელია. ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ისა და დედოფალ ლეტიცია ორტისის უფროსი ქალიშვილი. დედოფლად კურთხევის შემდეგ,1800-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ქვეყანას დედოფალ ისაბელ II მართავდა (1833-1868), ესპანეთის პირველი მონარქი ქალი გახდება. 17 წლის პრინცესა თავისუფლად ლაპარაკობს ესპანურად და ინგლისურად, სკოლაში ჩინური ენის შესწავლაც დაიწყო. ლეონორს, რომელსაც ასტურიის პრინცესას ტიტული აქვს, 2018 წლის იანვარში სპეციალურ ცერემონიაზე მეფე ფილიპესგან ოქროს საწმისის ორდენი (Toison de Oro) მიენიჭა, რომელიც ესპანეთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.

პრინცესა ლეონორი ოქროს საწმისის ორდენის მიღებისას

მეფე ფილიპი და დედოფალი ლეტიცია ახალშობილ პრინცესა ლეონორთან ერთად

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა