ავტორი:

"მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ იცოცხლო და თანამედროვეც იყო" - ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკამ წლის ქალის წოდება მიანიჭა: რას გვიყვება 100 წლის ელენე აბაშიძე?

"მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ იცოცხლო და თანამედროვეც იყო" - ქართველი მეცნიერი, რომელსაც ამერიკამ წლის ქალის წოდება მიანიჭა: რას გვიყვება 100 წლის ელენე აბაშიძე?

ის მეცნიერია, გეოგრაფი, გეოლოგი, კარსტოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდრო-გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერებას შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა. ელენე აბაშიძე 18 მარტს 101 წლის გახდება. გვაოცებს თავისი საუბრით, აზროვნებით, შემართებით და ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულებით. 10.000-ზე მეტი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული, არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. როგორც აღნიშნავს, დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება გაიარა.

"კარსტს ( ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში - კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი - მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად - რედ.) სწავლობდნენ, მაგრამ მხოლოდ მის ფორმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. არავის აინტერესებდა, ის რა პროცესს გადიოდა, ვიდრე ამ ფორმას მიიღებდა... უცნაურია, 2 საუკუნის განმავლობაში ხალხი ვერ მიხვდა, რომ აქ წყლის სიჩქარეებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ამისთვის მეშვიდე კლასის პროგრამა დამჭირდა, მეტი არაფერი... იუგოსლავიაში კონგრესზე რომ გამოვედი, გაოცებულები მისმენდნენ, თურმე შეიძლებოდა სხვანაირი კუთხით ამ პროცესის შესწავლაო,“ - გვეუბნება მეცნიერი.

  • 79 წლის ასაკში დაცულმა დისერტაციამ კი დიდი აღიარება მოუტანა. ამერიკამ ჯერ წლის ქალის წოდება მიანიჭა, შემდეგ 300 ყველაზე საინტერესო ადამიანს შორის დაასახელა და დააჯილდოვა.

- ქალბატონო ელენე, როგორც ვიცი, სადოქტორო დისერტაცია 79 წლის ასაკში დაიცავით...

- კი, ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა, ეს იყო 1999 წელს. შემდეგ ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ინსტიტუტისგან დიდი მილოცვა და აღიარება მოვიპოვე. წლის ქალად დამასახელეს. ამის მნიშვნელობა და ფასი კარგად ახლა გავიგე, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის წლის მამაკაცის წოდება გადასცეს (იცინის). მაშინ მივხვდი, ეს რა ყოფილა... იმაზე არც მიფიქრია, თუ ჩემი საქმიანობის ასეთი დამფასებელი ვინმე იქნებოდა. მეცნიერების დარგში ვისაც რამე გაუკეთებია, ეს ინსტიტუტი ამას აღწერს, მათ მსოფლიოს მასშტაბით 300 ადამიანში დამასახელეს...

1999 წელს დაცული დისერტაცია სინამდვილეში 1984 წელს უკვე გამზადებული მქონდა, მაგრამ ჩასაფრებული ბევრი იყო. ჩემს წინსვლას ეღობებოდნენ, ამიტომ 1999 წელსაც შიშით ვიყავი, ხელი არ შეეშალათ იმაში, რომ ახალი ნაბიჯები გადამედგა... ამერიკიდან ის წერილი უკვე მოსული იყო და ვახტანგ ბოჭორიშვილს წავაკითხე, გადაირია, აღფრთოვანდა, სასწრაფოდ ვაცნობოთ ყველას, გავასაჯაროოთო. გავაჩერე, ჯერ დისერტაცია დავიცვა-მეთქი... მოკლედ, დისერტაცია დავიცავი და იმის შემდეგ არც ერთხელ არ ამიღია დოქტორის ხელფასი. არ მომცეს...

პირველი დისერტაცია 1976 წელს დავიცავი და 12 წლის განმავლობაში ხელფასი 35 მანეთი მქონდა. ჩემი შემოსავალი სულ ეს იყო. მშიერ-მწყურვალი ვიყავი, ლობიოს რომ მოვხარშავდი, მარილი, მწვანილი და პური არ მქონდა... შიმშილი არ არის ეს, აბა, სხვა რა ჰქვია? ასე რომ, ის წლები ლობიომ და ტყემალმა გადამატანინა...

- როგორც ჩანს, თქვენთვის იდეას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა...

- ეს იყო პირველი, ამისთვის თავს გავიმეტებდი. თუ შენი საქმე ამ ზომამდე არ გიყვარს, სხვანაირად არაფერი გამოვა. მე დიდი რაღაც გამომივიდა.

***

ელენე აბაშიძე ჭიათურაში დაიბადა, მამა გადაუსახლეს, დედას კი სახელმწიფო სამსახურში მუშაობა აუკრძალეს.

"დედა ოჯახებში დადიოდა და სარეცხს რეცხავდა. მას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ თბილისში წამოვსულიყავი და მესწავლა. ამიტომ უნდა მემუშავა. ორგან ვსწავლობდი და ერთგან ვმუშაობდი“, - ამბობს ქალბატონი ელენე.

მუსიკოსობაც უნდოდა, უკრავდა, ცდილობდა ამ სფეროშიც წარმატებისთვის მიეღწია. ზოგჯერ თურმე მუსიკალური ტექნიკუმი გვიან თავისუფლდებოდა და ისიც მეცადინეობას ღამის 12 საათზე იწყებდა.

"ანგარიშს მიწევდნენ და მეც მრცხვენოდა, მეტად ვერ ვაწუხებდი და მუსიკას ამიტომ თავი დავანებე, რასაც დღემდე მტკივნეულად განვიცდი... ადამიანში ყველა თვისება ბავშვობაში ყალიბდება და ამ პროცესში მისთვის ყველა მოგონებას დიდი მნიშვნელობა აქვს... საინტერესო ბებია მყავდა, ჩემში ნებისყოფა, მოთმინება განავითარა... სკოლა წარმატებით, ფრიადებზე დავამთავრე,“ - გვიყვება ელენე აბაშიძე.

უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე შეუდგა აქტიურ კვლევით საქმიანობას და ისეთ ადამიანთა შორის აღმოჩნდა, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეები და ლევან გოთუა, რომლებიც 1945 წელს ხვამლის მთაზე პირველად ავიდნენ.

"ბაწრის კიბეზე 23 წლის გოგო ავედი. ასვლა არ გამჭირვებია, მაგრამ ჩამოსვლისას დაგრძელებული იყო კიბის საფეხურები და თან ქარიც ძალიან აქანავებდა... რთული ეპიზოდები იყო, საშიშიც, მინდოდა მეყვირა, მიშველეთ-მეთქი, მაგრამ ამას არ ვიზამდი, - წვალებით, ტანჯვით ჩამოვედი. მათთვისაც არაფერი მითქვამს, არც მიგრძნობინებია... ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად ხვამლის მთაზე აღმოვჩნდი... ქალბატონმა ალექსანდრამ მითხრა, - ელიკო, შვილო, შენ ხალხი ვერ გაგიგებსო... რადგან ასე მითხრა, ე.ი. მან მე გამიგო, ხომ?! უჭკვიანესი ქალი იყო საქმიანი, მშვიდი, დარბაისელი. გამოქვაბული კი რაც ვნახეთ, თავისთავად ჩვეულებრივი იყო, იქ ახალგაზრდები ჩვენს შემდეგაც ავიდნენ, მათაც ნახეს, რომ არავითარი განძი არ არის. გამოქვაბულში მძლავრი ჩანჩქერია და თუ განძის სახით რამე იყო, სავარაუდოდ, ის ჩანჩქერი ჩარეცხავდა... აღმოჩნდა ასევე ადამიანის კვალი, ნახატები, მხედრები იყო კედლებზე გამოსახული... ნამყოფი ვარ ასევე ექსპედიციაში კაცხის სვეტზე ალიოშა ჯაფარიძესთან, ლევან გოთუასთან და აკაკი ბელიაშვილთან ერთად“, - გვიყვება ელენე აბაშიძე.

- ახლა როგორ ბრძანდებით, როგორია თქვენი განწყობა?

- ძალიან კარგად ვარ, გადასარევად. თუ იმას გულისხმობთ, რას ნიშნავს ემოციურად ის, რომ 101 წლის ვხდები, გეტყვით, რომ მე იგივე ვარ... კარგია ახალგაზრდობა, მაგრამ ადამიანს რა შესაძლებლობაც აქვს და ამას როგორ იყენებს, ესაა მნიშვნელოვანი. ვცდილობ, ეს შესაძლებლობა შევინარჩუნო ფიზკულტურით, მოძრაობით. ზოგადადაც, მოძრაობა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ იცოცხლო და თანამედროვეც იყო". ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ, შემდგომი წლები რას იზამს. საერთოდ, წლების საკითხიც რთული რამ არის და ამას ვებრძვი...

- თქვენს ფოტოებს ვათვალიერებ, საიდანაც ლამაზი ქალბატონი გვიყურებს...

- განსაკუთრებული სილამაზის არ ვყოფილვარ, მაგრამ დღე არ გავიდოდა, ვიღაც მამკაცი არ ამკიდებოდა... მეც, ხმალი რომ გქონდეს ადამიანს ხელში მომარჯვებული და რთულ სიტუაციაში გზას იკვლევდე, ასე ვიყავი. ეს ყველაფერი იმხელა სიმძიმე იყო ჩემთვის, ვერ წარმოიდგენთ... გავთხოვდი, ბავშვი შემეძინა, მაგრამ მომიკვდა, მერე კი წლები და დრო მთლიანად მეცნიერებას დავუთმე. ახლაც ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვეცემი. ძნელია, მაგრამ ხომ გითხარით, სიძნელეებს მიჩვეული ვარ. სირთულეების გადალახვაში ძალა მემატება...

- ერთი საუკუნე ხუმრობა არ არის? საუკუნე ხომ ბევრ რამეს იტევს და ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, თქვენს თვალწინ ჩაიარა...

- ხომ ვამბობ, თუ ბრძოლის უნარი გაქვს, არაფრის უნდა გეშინოდეს... ყოფილი ზვიადისტიც ვარ, დიდ პატივს ვცემდი ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ზვიადმა თავისი წარწერით თავისი წიგნი მისახსოვრა... იმერეთში შემთხვევით გავიცანი - ზვიად გამსახურდია და მანანა არჩვაძე აბდუშელიშვილების ოჯახში იყვნენ ჩამოსულები. ეს წყვილი რომ დავინახე, გაოცებული ვუყურებდი - მანანა ვარდისფერი შიფონის კაბაში იყო და გვერდით შესანიშნავი ვაჟკაცი, ზვიად გამსახურდია ედგა, ულამაზესები იყვნენ... ვაიმე, ვის ვხედავ ამათ? ბატონო ზვიად, აქეთ როგორ მოხვდით, ახლა უნდა გადაგკოცნოთ-მეთქი და გადავკოცნე...

წიგნი მათთან კოშკში სტუმრობისას მაჩუქა... ზვიადი როცა მოკლეს, მაშინ დავიღუპეთ... შევარდნაძე არ მიყვარდა... ქვეყანაში ახლაც მძიმე მდგომარეობაა. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, აღარაფერი გვეშველება, უკან-უკან წავალთ... რიცხობრივად ძალიან შევმცირდით. თუ ჩვენი მთავრობა დაემორჩილება ხალხის სურვილს, მაშინ ჩვენ შევდგებით, როგორც ერი და სახელმწიფო... არ შემიძლია ამ ასაკში ამ ყველაფრის ყურება. რომ ვუყურებ, ვზივარ და ვტირი. არ მომასწროს ღმერთმა ცუდს არაფერს. ღმერთმა დაგვიფაროს.

- ღმერთი ახსენეთ, თქვენი თაობის ადამიანები ეკლესიაში იშვიათად დადიოდნენ...

- ბებიაჩემი ცდილობდა, მორწმუნე ვყოფილიყავი. როგორც უკვე გითხარით, ბებიამ გამზარდა ისეთი, როგორიც ვარ. ეს მისი დამსახურებაა. ბევრ რამესთან ერთად, ხელსაქმესაც მასწავლიდა - დართვას, ქსოვას, კერვას, საჩეჩელს... რადგან რწმენაზე ვსაუბრობთ, გეტყვით, ერთხელ სტუდენტობისას კრიზისული პერიოდი მქონდა, სიზმარში იესო ქრისტე ლურჯ სამოსში გამომეცხადა და შემომანათა, ეს ჩემთვის მაშინ სერიოზული ნიშანი იყო... დავფიქრდი და მისი ვირწმუნე...

წლების წინ ია ბაგრატიონის ინიციატივით პატრიარქს თავადაზნაურთა საზოგადოების წევრები ვეწვიეთ. ქალბატონმა იამ პატრიარქს ჩემი თავი ასე გააცნო: სიტყვას ჩვენ შორის ის იტყვის, ვინც ყველაზე ახალგაზრდაა. ახალგაზრდობის რა მოგახსენოთ და 90 წლის კი ვარ-მეთქი. რას ამბობთ, ჯერ ახალგაზრდა ხართო? - გამეხუმრა პატრიარქი. მოვიდა ჩემთან და ძვირფასი ქვით მოჭედილი ბეჭედი გადმომცა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... ახლაც სულ მგონია, რომ გვერდით ვიღაც მყავს და ეს არის ღმერთი. ჩემი ცხოვრების შესახებ კი გიამბეთ, რა გასაჭირი მაქვს გამოვლილი, მაგრამ იმ მდგომარეობაში მყოფი სხვებსაც მუდამ ვეხმარებოდი...

- კედელზე მედეა ჯაფარიძის ფოტოები კიდია... იცნობდით მას?

- ჩემი მამიდაშვილი იყო, რეზო თაბუკაშვილი კი - ჩემი სიძე გახლდათ. დების შვილიშვილები ვართ. მისი დედა მამაჩემის დეიდაშვილი იყო. მოკლედ, მედიკოს ბებია და ჩემი ბებია დები იყვნენ. ეს ხელზე რომ მიკეთია, მედიკოს დედის ნაქონი ბეჭედია, რომ გარდაიცვალა, მედიკომ მე გადმომცა...

ერთად ვიყავით გაზრდილები. ჩემზე 2 წლით უფროსი იყო და პირველად 12 წლისა გავიცანი. მანამდე, სხვადასხვა გარემოების გამო, მოსკოვში, თავის ბიძაშვილებთან იზრდებოდა. გადასარევი ბავშვი იყო, ულამაზესი, რომ დავინახე, მეგონა, გაფრინდებოდა... კარგად მახსოვს, თხილებში ფარდაგი გაუშალეს, დაწვა და დაიძინა. ხელი მოვკიდე არ გამოფრინდეს-მეთქი.

- ახალგაზრდებს რას ეტყოდით, რას ურჩევდით?

- სირთულეებს არ უნდა შეუშინდნენ, მეც ვიყავი ახალგაზრდა, მიჭირდა, მაგრამ თუ ადამიანს მიზანი და ნებისყოფა აქვს, ყველაფერს შეძლებს!