ავტორი:

კრემლის 10-წლიანი გეგმა მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის - რა წერია "ეფ ეს ბე"-ს  საიდუმლო დოკუმენტში

კრემლის 10-წლიანი გეგმა მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის - რა წერია "ეფ ეს ბე"-ს  საიდუმლო დოკუმენტში

რა წერია კრემლის "საიდუმლო დოკუმენტში", რომელიც მოლდოვის დესტაბილიზაციის 10-წლიან გეგმას სახავს.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ეფ ეს ბე) მიერ შედგენილი საიდუმლო გეგმა მოლდოვის დესტაბილიზაციის დეტალურ ვარიანტებს მოიცავს, მათ შორის პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერას, მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენებას და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მუქარას, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანია განმარტავს, რომ როგორც ჩანს, დოკუმენტი შედგენილია მოლდოვის დასავლეთისკენ სწრაფვის შესაჩერებლად, რაც მოიცავს ნატოს-თან უფრო მჭიდრო ურთიერთობასა და ევროკავშირში გაწევრიანებას.

მასში არაერთხელაა მინიშნებული მოლდოვას ნატო-ში გაწევრების პრევენციის მნიშვნელობა.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტი მოიპოვა და პირველად გამოაქვეყნა მედიის კონსორციუმმა, მათ შორის VSquare-მა, RISE Moldova-მ, Expressen-მა, Dossier Center-მა და სხვა მედია საშუალებებმა.

CNN-მა დოკუმენტის - "რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“ სრული ვარიანტი ნახა, რომელიც, როგორც ჩანს, 2021 წელს რუსეთის უშიშროების სამსახურის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის დირექტორატმა დაწერა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დოკუმენტი მოლდოვის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევისთვის 10-წლიან სტრატეგიას ადგენს.

გეგმა მოიცავს მოლდოვის დამოკიდებულებას რუსული გაზის იმპორტზე და სოციალური კონფლიქტის გაღვივებას, ასევე ცდილობს დაბლოკოს მოლდოვის ძალისხმევა, რომელიც პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში გავლენის მოპოვებისკენაა მიმართული. ხუთგვერდიანი დოკუმენტში საუბარია მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მიზნებზე. უახლოეს მიზნებს შორისაა „მოლდოვის პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ კონსტრუქციულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან“ და „მოლდოვის რესპუბლიკის იმ ინიციატივების განეიტრალება, რომელიც მიმართულია დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო ყოფნის ლიკვიდაციისკენ“.

საშუალოვადიან მიზნებს შორისაა მოლდოვის რესპუბლიკასა და ნატო-ს შორის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეფესბე-ს დოკუმენტი ასახავს გრძელვადიან მიზნებსაც, მათ შორის "მოლდოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებში სტაბილური პრორუსული გავლენის ჯგუფების შექმნას“ და „ნატო-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“.

დოკუმენტის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: ”ჩვენ არაფერი ვიცით ასეთი გეგმის არსებობის შესახებ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მორიგი „ფეიკია“. რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია კეთილმეზობლური, ორმხრივ სარგებელზე ორიენტირებული ურთიერთობების დამყარებისთვის, მათ შორის მოლდოვასთან.“