ავტორი:

"მართალია, სამი დღე დასჭირდათ იდენტიფიცირებული მოძალადის დასაკავებლად, თუმცა მაინც კარგია" - რას ამბობს ჟურნალისტი მასზე ძალადობის ბრალდებით "ალტ-ინფოს" წევრის დაკავებაზე

"მართალია, სამი დღე დასჭირდათ იდენტიფიცირებული მოძალადის დასაკავებლად, თუმცა მაინც კარგია" - რას ამბობს ჟურნალისტი მასზე ძალადობის ბრალდებით "ალტ-ინფოს" წევრის დაკავებაზე

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, "ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

  • საქმე ეხება 15 მარტს მომხდარ ფაქტს. კერძოდ, ნატო გოგელია ცდილობდა, ჩაეწერა ინტერვიუ "ალტ-ინფოს" წევრ მამუკა ანდღულაძესთან, რომელიც ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩამოხიეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, გაღიზიანდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტ ნატო გოგელიას ბრალდებულმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, წაართვა და დაუზიანა მობილური ტელეფონი.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ.ა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია "TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მ.ა. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წელს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ხსენებული საქმეების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ იქნა დაწყებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება თავად ჟურნალისტის პოზიციას, ნატო გოგელია იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშვეს გირაოთი არ გაათავისუფლებენ და ის სათანადოდ დაისჯება.

"მართალია, სამი დღე დასჭირდათ იდენტიფიცირებული მოძალადის დასაკავებლად, თუმცა მაინც კარგია, რომ დააკავეს და ამაში დიდი წვლილი ჩემს ტელევიზიას, ჩვენს კოლეგებს და სამოქალაქო სექტორს მიუძღვის. ისინი ამ ფაქტს ეხმიანებოდნენ და აშუქებდნენ. ვნახოთ, რა იქნება ახლა. როგორც წესი, მოძალადეებს გირაოთი უშვებენ, რის პრაქტიკაც გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერად მაინც ეყოფათ გონიერება და ეს მოძალადე ადამიანი გარეთ არ გამოვა. ასევე, იმედი მაქვს, რომ ამ მოძალადეს პასუხს ევროკავშირის დროშის ჩამოხევისთვისაც მოსთხოვენ", - აცხადებს ambebi.ge -სთან ნატო გოგელია.