ავტორი:

"არასოდეს მისცე შენიშვნა სხვების თანდასწრებით - ეს მის თვითშეფასებას დაანგრევს" - როგორ აღვზარდოთ შვილები? თიკა სვანიძე ვენკოს 5 პრინციპი

"არასოდეს მისცე შენიშვნა სხვების თანდასწრებით - ეს მის თვითშეფასებას დაანგრევს" - როგორ აღვზარდოთ შვილები? თიკა სვანიძე ვენკოს 5 პრინციპი

შვილის აღზრდა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან მშობლის თითოეულმა ფრაზამ და ქმედებამ შეიძლება მასზე სამომავლოდ გამოუსწორებელი კვალი დატოვოს. კითხვა, როგორ აღვზარდოთ შვილები, ყოველთვის აქტუალურია და მასზე სხვადასხვა პასუხი არსებობს, თუმცა თანამედროვე სამყარო შეთანხმდა იმაზე, რომ ბავშვებს არ უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ უუფლებო არსებებს და მათი მოსმენა უნდა ვისწავლოთ.

ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ასევე, ფონდის - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი თიკა სვანიძე-ვენკო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ქალი სხვა სამყაროდან“ თავის საბჭოთა და ევროპულ გამოცდილებაზე საუბრობს, როგორც აღნიშნავს, თავად 3 შვილს ზრდის და ახალბედა, მომავალ თუ უკვე გამოცდილ დედებს უზიარებს თავის ცოდნას, რა უნდა გაითვალისწინონ ბავშვებთან ურთიერთობაში.

„ზოგმა მშობელმა უბრალოდ არ იცის, რა მოუხერხოს თავის ცელქ და მოუსვენარ შვილს, როგორ ააწყოს მასთან უშუალო, ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ან, სულაც, მის საუკეთესო მეგობრად იქცეს. სამ ბიჭს ვზრდი და ეს არც ისე მარტივია. წლების განმავლობაში შევიძინე გამოცდილება, შევიმუშავე მათთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი პრინციპები და თავს უფლებას მივცემ, ისინი თქვენც გაგიზიაროთ. იმისთვის, რომ ჩვენი თანაცხოვრება ასეთი ჯანსაღი და ჰარმონიული ყოფილიყო, ბევრი ვიშრომე და, ძვირფასო მკითხველო, გამიხარდება, თუ აღზრდის შესახებ ჩვენს დამოკიდებულებებს ერთმანეთს გავუზიარებთ“, - წერს წიგნის ავტორი თიკა სვანიძე-ვენკო.

წიგნში ავტორის სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად საუბარია 5 პრინციპზეც, რომელიც ყველა მშობელს დაეხმარება:

პრინციპი #1 - არასდროს შელახო მისი თავმოყვარეობა!

შენი მოპყრობა შვილისადმი იმ იდეალების შესაბამისი და შესატყვისი უნდა იყოს, რაც მასთან მიმართებით გაქვს დასახული. თუ გინდა, რომ გახდეს ღირსეული ადამიანი, რომელსაც თავმოყვარეობის შეგრძნება აქვს სათანადოდ განვითარებული, ზუსტად ასევე უნდა მოექცე მასაც! არასდროს, არასდროს შელახო მისი ღირსება! პირიქით, მნიშვნელოვანია, დაეხმარო მას, რომ გახდეს უფრო თავდაჯერებული, ირწმუნოს და სჯეროდეს საკუთარი თავის. სერიოზულად აღიქვი და პატივი ეცი მის გრძნობებს, განცდებს, აზრებს და ელაპარაკე, როგორც თანასწორს.

არასოდეს მისცე შენიშვნა სხვების თანდასწრებით - ეს მის თვითშეფასებას უბრალოდ დაანგრევს და თავს ძალიან ცუდად აგრძნობინებს. ადეკვატურად შეხვდი მის შეცდომებს და გახსოვდეს, არასოდეს აგრძნობინო თავი დამცირებულად!

შენიშვნის მიცემა სხვათა წინაშე მხოლოდ თვალებით შეიძლება. თქვენ უსიტყვოდ უნდა გესმოდეთ ერთმანეთის - რამენაირად კომუნიკაციის ამ დონეს უნდა მიაღწიოთ. უთქმელად უთხარი შენი სათქმელი, არა - სიტყვებით, არამედ - შეგრძნებებით. ისინი სიტყვებზე უფრო ძლიერია. თუ მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის უხილავი ძაფები არ არის გაბმული, ეს ურთიერთობა არასრულყოფილია.

პრინციპი #2 - იყავი მისთვის მაგალითი!

ყველას გვინახავს დივანზე გაშოტილები, როგორ აბოლებენ სიგარეტს და თანაც საკუთარ შვილებს მოძღვრავენ: „შვილო, არასოდეს გაეკარო ამ საშინელებას!“

ბავშვს კი ლოგიკური პროტესტი უჩნდება: „კარგი ერთი, აბა, შენ რატომ ეწევი?“

ასეთი მიდგომა არასწორი და დამაზიანებელია. გახსოვდეს, შენ მისთვის მაგალითი ხარ, როლური მოდელი, რომლისგანაც ყველაზე მეტს სწავლობს. თუ თავად მწეველი ხარ და თან ცდილობ, დაარწმუნო, რა მავნებელია სიგარეტი, არ დაგიჯერებს და მართალიც იქნება.

იყავი მისთვის მაგალითი და ისეთ წესებსა და შეზღუდვებს ნუ დაუდგენ, რასაც თავადაც არ იცავ! გაიღე მსხვერპლი შენი შვილისთვის და თავადაც ისე იცხოვრე, როგორი ცხოვრებაც მისთვის გემეტება! დამიჯერე, ამაზე უკეთესს საკუთარი თავისთვისაც ვერაფერს გააკეთებ.

პრინციპი #3 - არ დაკარგო შვილთან კავშირი!

ეცადე, არ გაიზარდო! ცოტათი მაინც ბავშვად უნდა დარჩე იმისთვის, რომ შვილის გაგება შეძლო. მოიქეცი მასავით, გიყვარდეს ის, რაც მას უყვარს, იოცნებე მისი ოცნებებით და ყველაფერი კარგად იქნება.

მოეპყარი შვილს როგორც თანასწორს, მეგობარს. დაიმახსოვრე, შენ არ ხარ მისი უფროსი. ეცადე, რომ დაუახლოვდე და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შენი შვილი საუკეთესო მესაიდუმლე გახდეს. დამიჯერე, მისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება!

უნდა მოახერხო და თქვენი სამყაროები ერთმანეთს დაახლოოთ. არ ჩამორჩე, აჰყევი თანამედროვეობას და ეცადე, გქონდეთ რამდენიმე ერთობლივი ჰობი, საქმიანობა, დროის ერთად გატარების საშუალება.

თუ ასე არ მოიქცევი, ნელ-ნელა მასთან კავშირს დაკარგავ და ერთმანეთისთვის უცხოებიც კი შეიძლება გახდეთ.

პრინციპი #4 - ყოველთვის აუხსენი შენი გადაწყვეტილებების მიზეზები!

იმიტომ! - ეს არის სიტყვა, რომელიც მთელი კატეგორიულობით, როგორც განაჩენი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხშირად გაგვიგონია. ო, როგორ მძულს ის! ამ სიტყვის ნათესავები არიან გამოთქმები: „ასეა და მორჩა!“, „მე ასე მინდა!“, „მე ვამბობ და იმიტომ!“, „შეასრულე ზედმეტი კითხვების გარეშე!“

არასოდეს, არასოდეს გამოიყენო ისინი!

გახსოვდეს, ბავშვის „საქმე“ სწორედ კითხვების დასმაა და შენ ვალდებული ხარ, მისი ცნობისმოყვარეობა სრულად დააკმაყოფილო.

ბავშვს უნდა ესმოდეს, თუ რას და რატომ უკრძალავენ. თუ მის ცხოვრებაში არსებობს აკრძალვები, რომელთა მიზეზებსა და შინაარსსაც ვერ აცნობიერებს და უბრალოდ რობოტული მორჩილებით იცავს მათ, ეს მის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.

პრინციპი #5 - არასოდეს დასაჯო!

დასჯა არ არის გამოსავალი. თუ აქამდე მივიდა საქმე, ესე იგი, ყველაფერი მთლად რიგზე ვერ არის და თქვენ ერთმანეთის საკმარისად არ გესმით.

ახალ-ახალი სასჯელების მოფიქრებით ნუ ხარ დაკავებული! პირიქით, ის მოიფიქრე, იმისათვის, რომ შედეგს მიაღწიო, რა სტიმული, წამახალისებელი საჩუქარი შეგიძლია გაუკეთო.

მახსენდება ასტრიდ ლინდგრენის ერთი ძალიან ემოციური, სულისშემძვრელი ამბავი, რომელიც შენც მინდა გაგიზიარო:

„ერთხელ ერთი პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, პირველი შვილი რომ შემეძინა, ცემის სიკეთისა საერთოდ არ მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყოო.

მაგრამ მერე, როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პრინციპებისთვის უღალატია და შვილის გემოზე გაროზგვა გადაუწყვეტია - პირველად ცხოვრებაში.

ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად. ბიჭს კარგა ხანს დაუგვიანია და როცა დაბრუნებულა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონია სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:

„დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო“.

და ამ დროს დედას ცხოვლად შეუგრძნია ბავშვის თვალით აღქმული ვითარება: თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას - წკეპლით თუ ქვით.

გულშეძრულ დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ. მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოუდია, როგორც მუდმივი შეხსენება იმისა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის”.

არასოდეს, არასოდეს დასაჯოთ შვილები! დაელაპარაკეთ მათ, ისინი ყველაფრის გაგებას შეძლებენ!

ავტორი წიგნში ჰყვება როგორ გაიზარდა საბჭოთა კავშირში, რა შეხედულებები ჩამოუყალიბდა მას და როგორ შეიცვალა აღნიშნული შეხედულებები მას შემდეგ, რაც 22 წლის ასაკში ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად. წიგნი 2022 წელს გამოიცა და წიგნის მაღაზიებში ახლაც ხელმისაწვდომია.

R