ავტორი:

"წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით" - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

"წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით" - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკრაინაში კვლავ ურთულესი ვითარებაა, განსაკუთრებით კი ქვეყნის აღმოსავლეთით.

"აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან მძიმე და მტკივნეულია. მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს და ჩვენ მას გავანადგურებთ. ბელოგოროვკა და მარინკა, ავდიივკა და ბახმუტი, ვუჰლედარი და კამენკა - და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება ჩვენი მომავალი, სადაც ჩვენი მომავალისთვის იბრძვის ყველა უკრაინელი“, - ეს განცხადება პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში ბახმუტის ირგვლივ ვითარება განსაკუთრებულად გართულდა - ოკუპანტები აგრძელებენ თავდაცვითი ხაზის გარღვევისა და ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილების მცდელობებს, მაგრამ მძიმე დანაკარგებს განიცდიან. უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებასა და ომის შესაძლო განვითარებაზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი გვესაუბრება:

- რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილებია: ჩრდილოეთით კრემენნოე, შუაში ბახმუტი და სამხრეთით ვუჰლედარი, ასევე ავდეევკა. მთავარი მაინც ბახმუტია, რუსებმა ამ ქალაქზე შეტევა გასული წლის 3 აგვისტოში დაიწყეს. წარმოიდგინეთ, უკვე შვიდი თვეა, ამ ერთ ქალაქს ვერ იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ძალები შეალიეს.

- პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ბახმუტის მიმართულებით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, რუსებმა 1 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს, მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით, 6 მარტიდან მოყოლებული 1 500 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა და 10-ზე მეტი საბრძოლო მასალის საცავი დაიწვა.

- როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, საკუთარი ძალების დანაკარგების სტატისტიკას შემცირებულად, ხოლო მტრის დანაკარგებს გაზვიადებულად წარმოაჩენს. ეს საინფორმაციო ომის ერთგვარი მეთოდია. ამიტომ ზუსტი ციფრებით ლაპარაკი გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ ცხადია, ბახმუტი რუსებისთვის ხორცსაკეპ მანქნასავით იქცა. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, რუსებს მეტი აქვთ, იმიტომ, რომ ისინი შეტევაზე მიდიან, უკრაინელები კი სარდაფებში სხედან და თავს იცავენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსები დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებს იყენებენ და უკრაინებსაც აქვთ მსხვერპლი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბახმუტი ალყაშია ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, მხოლოდ დასავლეთის მხრიდან არის დარჩენილი 5-კილომეტრიანი თავისუფალი სივრცე. ე.ი. რუსებს მხოლოდ ეს ზოლი აქვთ დარჩენილი ალყის შესაკრავად.

ველოდი, რომ უკრაინელები ორგანიზებულად დაიწყებდნენ უკან დახევას. ბახმუტი არ წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს და მისი დაკარგვა ან დათმობა ტრაგედია არ არის. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით მნიშვნელოვანია მებრძოლების და საბძოლო ტექნიკის შენარჩუნება, რადგან ასეთივე ბრძოლები შეიძლება გაიმართოს სხვა მომზადებულ თავდაცვის ზღუდეებზეც. როგორც ჩანს, აქ პოლიტიკური პრინციპის საკითხია, პრეზიდენტ ზელენსკის არ უნდა ბახმუტის დათმობა, რაშიც მას ეთანხმებიან გენერლები: ზალუჟნი და სირსკი. მათ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ბახმუტის დაცვას. ეს საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილებაა და ერთგვარ რისკსაც შეიცავს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს 5 კილომეტრიანი "ტომარის“ ყელის შეკვრა, ალყაში მოექცევა რამდენიმე ათასი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ძალიან სავალალო დღეში აღმოჩნდებიან. ალყიდან გამოღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. იმედია, რომ უკრაინის გენშტაბი და დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსანი სამხედროები საზღვრავენ ამ რისკებს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინელები ასეთ ალყაში არ აღმოჩნდნენ.

- ჯერ კიდევ იანვარში უკრაინისთვის ამერიკული Abrams-ებისა და გერმანული Leopard-ების გადაცემა გადაწყდა. მაშინ უკრაინელები იმედოვნებდნენ, რომ ამ შეიარაღების წყალობით ომის სურათს მნიშვნელოვნად შეცვლიდნენ, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ ეს შეიარაღება ფრონტის ხაზზე გაზაფხულამდე ვერ ჩააღწევდა. ახლა რა ხდება ამ მხრივ?

- ამერიკული Abrams-ები შეიძლება ამ წლის ბოლომდეც კი ვერ ჩავიდეს უკრაინაში, რაც შეეხება Leopard-2 ტიპის ტანკებს, ამ ეტაპზე პოლონელებმა უკვე გადასცეს უკრაინას 14 ერთეული. გერმანიაში გაგზავნილმა უკრაინელებმაც დაამთავრეს წვრთნები. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს ჯავშანტექნიკა. ერთი ვარიანტია, რომ უკრაინებელმა ეს Leopard- ები ბახმუტის დამცველებს მიაშველონ, მეორე ვარიანტია და ჩემი აზრით, უფრო ჭკვიანურიც, რომ ეს ტექნიკა შეინახონ და მათი საშუალებით დააკომპლექტონ ის ახალი ბატალიონები და ბრიგადები, რომელთა პირადმა შემადგენლობამ მომზადება გაიარა ბრიტანეთსა და გერმანიაში. 10 000 -ს ჯარისკაცზეა საუბარი. წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინელებმა მაშინ უნდა დაიწყონ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა და დასავლური ტექნიკით დაკომპლექებული და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი საბძოლო დანაყოფებიც მაშინ გამოიყენონ. მანამდე უკრაინელებმა მათ ხელთ არსებული ძალებით უნდა შეინარჩუნონ ბახმუტი. უკრაინელი ლიდერები ბახმუტის შენარჩუნებას ალბათ იმიტომაც ცდილობენ, რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში კრამატორსკისა და სლოვიანსკის ჯერი დადგება და ამ ორ უკრაინულ ქალაქსაც ისევე დაანგრევენ რუსები, როგორც ბახმუტი დაანგრიეს. კი ბატონო, იბძოლონ ბახმუტისთვის, მთავარია, რუსებმა "ტომარის“ ყელის შეკვრა ვერ მოახერხონ.

- ამასობაში, რით არ ამოუწურა რუსეთის რეზერვი, მით უფრო რომ სანქციების ფონზე?

- გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი 140 - მილიონიანი ქვეყანაა, რესურსიც დიდი აქვს, თუმცა ამოუწურავი არაფერია. უკვე რუსეთიც განიცდის საარტილერიო ჭურვების, რაკეტების, ჯავშანტექნიკის სიმცირეს. სწორედ ამიტომაც არის, რომ იმ ტანკების გარემონტებას და წინა ხაზზე გამოყვანას აპირებენ, რომელთა წარმოება 60-იან წლებშია დაწყებული. რუსებს განსაკუთრებული პრობლემა აქვთ დრონების თვალსაზრისით. მათ არ შეუძლიათ იმ მიკრო-ჩიპების წარმოება, რომლებიც დრონების დასამზადებლად არის საჭირო, ამიტომ შემოვლითი გზებით ცდილობენ ყიდვას და სხვათა შორის, ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც. უკრაინელები ჩამოგდებულ დრონებში ხშირად ნახულობენ ჩიპებს, რომლებიც დამზადებულია დასავლურ ქვეყნებში, არა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, არამედ გასულ წელს.

- თქვენი ვერსიით, მაინც რაზეა უმთავრესად დამოკიდებული ამ ომის ბედი?

- რესურსებზე, ანუ იმაზე თუ ვისი ეკონომიკა უფრო დიდხანს გაძლებს და ასევე იმაზეც, ისევ დოზირებულად გააგრძელებს დასავლეთი უკრაინის იარაღით მომარაგებას თუ კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს სრულად მიაწვდის.