ავტორი:

"ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, მოულოდნელად, სრულიად უცხო ადამიანი დამიკავშირდა და ხატვის გაკვეთილები შემომთავაზა" - გაიცანით საჯარო მოხელე, რომელიც საოცარ ნამუშევრებს ქმნის

"ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, მოულოდნელად, სრულიად უცხო ადამიანი დამიკავშირდა და ხატვის გაკვეთილები შემომთავაზა" - გაიცანით საჯარო მოხელე, რომელიც საოცარ ნამუშევრებს ქმნის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი 2005 წელს ვაჭრობის ეკონომიკისა და მარკეტინგის განხით დაამთავრა. მას მერე შემოსავლების სამსახურში მებაჟე ოფიცრია. უყვარს თავის საქმე და მიაჩნია, რომ თავისი პროფესიით მცირედი წვლილი მაინც შემაქვს ქვეყნის მშენებლობაში.

ლაშა ხარაძის შესახებ საუბარს სხვანაირად ვერ გავაგრძელებთ, მის ინტერესთა სფეროებს რომ არ შევეხოთ. უყვარს ხატვა, ხეზე მუშაობა, რესტავრაცია, აგროვებს ძველ ნივთებს, რომელთაც თავისი უნიკალური ისტორია გააჩნიათ. ასევე ძალიან უყვარს ბუნებაში სეირნობა. ის ახლა ჩვენთან სწორედ მისი ამ მრავალმხრივი გატაცების შესახებ საუბრობს.

- ბავშვობაში ძალიან ბევრს ვხატავდი, მიყვარდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ეს პროცესი, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ მშობლებმა ხელი არ შემიწყეს, მე კი მაშინ პატარა ვიყავი და დამოუკიდებლად არაფერი შემეძლო. შედეგად, გავიბუტე და თითქოს გული ავიცრუე...

- როდის განახლდა შემოქმედებითი პროცესი და რა აღმოჩნდა ამის მიზეზი?

- დიდი ხნის შემდეგ, ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც ყველაფერი მტკიოდა - სული, გული... და თითქოს საშველიც არსაიდან ჩანდა. მოულოდნელად, ბარბარობას, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი, არაჩვეულებრივი პიროვნება და საუცხოო მხატვარი ბატონი გიორგი ნინიძე დამიკავშირდა და ჩემდა გასაოცრად, ხატვის გაკვეთილები შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, რა თქმა უნდა. შუმერული ეპოსის - გილგამეშიანის მოტივებზე უბრალო ფანქრით პატარა ჩანახატი გავაკეთე და ასე მივედი ჩემს ახალ გაცნობილ მეგობართან.

თვითონ საღებავები გამზადებული დამახვედრა ხატვა დავიწყე. მოგვიანებით ამ ნახატს "ზღაპარი“ დავარქვით. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და დღემდე ასე გრძელდება.

- როგორც აღნიშნეთ, ცხოვრებაში თქვენთვის რთულ პერიოდში სრულიად უცხო ადამიანი დაგიკავშირდათ, რომელმაც შემოგთავაზათ, ხატვაში გარკვეული ნიუანსები ესწავლებინა. რა იყო ეს ამბავი თქვენს ცხოვრებაში?

- ვიტყვდი, რომ ეს იყო, აღმოჩენა, ღვთის წყალობა, მალამო, რომელიც გულზე მომეცხო და ტკივილები დამიამა. მოკლედ, ყველაფერი კარგი... ნამდვილად არ მეგონა, თუ ჩემზე ფერწერა ასე იმოქმედებდა. ამ პროცესმა ძირეულად შემცვალა, სრულიად გარდაქმნა. ეს არის ჩემთვის გზა, იაპონურად - დო, მიმავალი სულიერი სრულყოფისკენ, რომ კიდევ უკეთ შევიცნო საკუთარი თავი, გადმოვცე და ფერებით ავსახო ჩემი გულისნადები, სათქმელი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ, სადღაც სულის სიღრმეში მიმალული გრძნობები, აზრები, ფიქრები. ძალიან საინტერესო პროცესია, ვატყობ, რომ ყოველ დღე ვიზრდები და საკუთარ თავში რაღაც ახალს ვპოულობ. ეს ასეა და მგონი, არც არასოდეს დასრულდება. მინდა, თქვენი საშუალებით, მოვეფერო და მოვესიყვარულო ამ დიდებულ და ბუმბერაზ ადამიანს. კაცს, რომელსაც ცხოვრების მიზნად დაუსახავს სიკეთე და სიყვარული. მუდამ მისი მადლობელი ვიქნები. ამაში ამ ადამიანს რაიმე საფასური არ მოუთხოვია.

- და არც ის უთქვამს, რატომ გადაწყვიტა, თქვენთვის პროფესიული საქმიანობის ასეთი დეტალები გაეზიარებინა?

- ვიმეორებ, არანაირი საფასური. სრულიად უანგაროდ. ის სხვების მიმართაც ასეთია. უბრალოდ, ასეთი პიროვნებაა. მისი საფასური, როგორც მოგახსენეთ მეგობრობა და სიყვარულია. რამდენჯერმე მეც დავუსვი იგივე შეკითხვა, მაინტერესებდა თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რატომ მაინცდამაინც მე და არა სხვა? რა დაინახა ჩემში ისეთი, რომ თავი გადადო და ყველაფერი დამითმო? მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი დღემდე ვერ მივიღე. ამიტომ შევეშვი ამაზე ფიქრს და უბრალოდ ხატვა გავაგრძელე.

- როგორც ვიცი, შემდეგ სასწავლებელში სწავლა გადაწყვიტეთ, ხეზე ჭრით დაინტერესდით. ეს რატომ გადაწყვიტეთ?

- როგორც იტყვიან, "მადა“ გამეხსნა... ბავშვობიდან ხატვასთან ერთად ხეზე მუშაობაც მიყვარდა. ყველაფერი კარგად გამომდიოდა. ამიტომ მომინდა ხის კვეთის შესწავლა საბაზისო დონეზე მაინც, ჩავაბარე პროფესიულ სასწავლო კოლეჯ "სპექტრში“. ვთვლი, რომ აქაც გამიმართლა და შემხვდა არაჩვეულებრივი პედაგოგი და ხის კვეთის საუცხოო ოსტატი - ბატონი ედიშერ მაჩალაძე. სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ ამ საქმიანობამ ასე გამიტაცა და თანაც იმდენად, რომ ყველაფერი დამავიწყა. მუდამ ვგრძნობ მის მხარდაჭერას და გვერდში დგომას. რაც, მამხნევებს და სტიმულს მმატებს. ძალიან გვიდგას მხარში კოლეჯის დირექტორი ბატონი მათე (როინ) ტაკიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ აბრეშუმის გალერეაშია არაჩვეულებრივი გამოფენაც მოგვიწყო. სამი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო ბატონი ედიშერ მაჩალაძის და ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები. მსგავს ღონისძიებაში მანამდე მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. გამოგიტყდებით და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამ ყველაფრით.

- ე.ი. ხეზე ჭრაში თქვენი პედაგოგი ცნობილ ოსტატი ედიშერ მაჩალაძე აღმოჩნდა - მოგვყევით თქვენი როგორც შეგირდის და ბატონი ედიშერის, როგორც ოსტატის ურთიერთობის ამბავი.

- როგორ გითხრათ, ამ კითხვაზე ჩემზე უკეთ ალბათ უფრო ბატონი ედიშერი გაგცემთ პასუხს. მე ვიტყოდი მხოლოდ იმას, რომ მასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებაა. უყურადღებოდ არავის ტოვებს, უშუალო და გულკეთილია, როდესაც მოწაფე დავალებას კარგად ასრულებს თვითონაც უხარია, ბავშვებს დიდ დროს უთმობს, როგორც ყველა ჭეშმარიტი ოსტატი, ისიც მზადაა ყველას უანგაროდ დაეხმაროს და დრო დაუთმოს. მისთვის დასვენება არ არსებობს, ის ამ პროცესით სულდგმულობს. ამ თვისებების წყალობით ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას.

- თურმე ასევე ამზადებთ იარაღსაც...

ბავშვობიდან მიყვარს იარაღი, განსაკუთრებით ცივი იარაღი. ეს ალბათ ჩემი სისუსტეა. ბოლო დროს დანებისთვის ისე ვეღარ ვიცლი, როგორც ადრე, თუმცა შიგადაშიგ ძველ ხელობას მაინც არ ვივიწყებ, მაინც ვაკეთებ დანებს, რომელთაც შემდეგ მეგობრებს ვჩუქნი. მათთან ერთად მეც ვიზიარებ ამ სიხარულს. დანებთან ერთად შესრულებული მაქვს ჯაჭვის პერანგის ფრაგმენტიც. თავის დროზე ძალიან დამეხმარა ჩემი უფროსი მეგობარი, მხატვარი და მეიარაღე ბატონი მამუკა მრელაშვილი. მისგან ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რაც ბევრჯერ გამომადგა ჩემს საქმიანობაში და დღემდე მადგება.

- რა სამომავლო გეგემები გაქვთ და კონკრეტულად რა მიმართულებით აპირებთ რომ იმუშაოთ?

- მაქვს ოცნება - ჩემი პერსონალური გამოფენა, სადაც გვერდიგვერდ იქნება გამოფენილი, როგორც ტილოზე შესრულებული ნამუშევრები, ასევე ხეზე შესრულებული კვეთა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ორიგინალური გამოვა, მაგრამ, იქამდე ძალიან შორია. ბევრი შრომა და მოთმინებაა საჭირო. თუმცა, ვიცი, ღმერთის წყალობით ყველაფერი გამომივა. მანამდე კი გავაგრძელებ, იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი და ვიცხოვრებ ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდი.

ასევე იხილეთ: