ავტორი:

რა განათლება აქვს განათლების ახალ მინისტრს გიორგი ამილახვარს და როგორია მისი და მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა?

რა განათლება აქვს განათლების ახალ მინისტრს გიორგი ამილახვარს და როგორია მისი და მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან მიხეილ ჩხენკელის უკვე მეორედ გაშვების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი წარადგინა.

ის დღემდე საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ, რომელიც დეპუტატი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.

  • განათლება

გიორგი ამილახვარი 1984 წლის 1-ლ იანვარს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.

როგორც პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, 1999-2000 სასწავლო წელი ამერიკაში, ტეხასის ალამოს უმაღლეს სკოლაში გაატარა, 2016 წელს კი, კვლევითი სტაჟირება გაიარა გერმანიაში, კერძოდ, ჰამბურგში, მაქს-პლანკის საერთაშორისო, კერძო და შედარებითი სამართლის კვლევით ინსტიტუტში.

  • სამუშაო გამოცდილება

2004 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონურ კომპანიაში "კლინტონ დავის პალასი - ადვოკატები", ადვოკატის თანაშემწედ;

2007 - 2008 წლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა;

2008- 2010 წლებში გახლდათ ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს "სავერუსის“ საქართველოს ფილიალის "სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი;

2010 - 2020 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

2010 - 2020 წლებში კი იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში.

  • ოჯახური მდგომარეობა:

ახალი მინისტრი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე - ნინო წერეთელი და ორი ქალიშვილი - 15 წლის ნიცა და 9 წლის ანა მარია.

  • ქონებრივი დეკლარაცია

დეკლარაცია ბოლოს დეპუტატის პოსტზე 2023 წლის 27 თებერვალს შეავსო.

ამილახვარს თბილისში აქვს ერთი ბინა, ყაზბეგის გამზირზე, რომელიც მისთვის 2006 წელს უჩუქებიათ. ამავე მისამართზე აქვს არასაცხოვრებელი ფართი, სარდაფი და მანსარდა.

მისი მეუღლის სახელზე გაფორმებულია ბინა ამაღლების ქუჩაზე, რომელიც 2011 წელს 500 000 ლარად არის შეძენილი, ამავე მისამართზე აქვს 10 000 ლარად შეძენილი დამხმარე ფართი, ასევე 15 000-ად შეძენილი ავტოფარეხი. ეს ყველაფერი მის მეუღლეზეა გაფორმებული.

გიორგი ამილახვარს ლეონიძის ქუჩაზე, 2018 წელს 5000 ლარად შეუძენია დამხმარე ფართი, ასევე შინდისში 2021 წელს უყიდია 798 000 ლარად მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება ავტომობილს, ამილახვარის საკუთრებაშია 76 000 ევროდ შეძენილი Mercedes GLE 450.

დეპუტატი ფლობს ძვირადღირებულ ავეჯს, ფერწერულ ტილოებსა და სამკაულებს. კერძოდ, მის საკუთრებაშია - 25000-ლარიანი საათი, 28000 ლარად ნაყიდი 2 ცალი ფერწერული ტილო, 9700 ევროდ ნაყიდი საათი, ასევე ანტიკვარული საათი და როიალი, რომელიც საჩუქრად მიიღო.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ნინო წერეთელის მფლობელობაშია 22000 ლარად ნაყიდი საათი, ასევე 4900 ევროდ ნაყიდი საათი, 47 000 ლარად ნაყიდი ოქროს სამეული და 3200 ევროდ შეძენილი ოქროს ბეჭედი.

დეკლარაციის შევსების მომენტში, გიორგი ამილახვრის მიმდინარე ანგარიშებზე ირიცხებოდა 1738,77 ლარი და 307,86 დოლარი. ხოლო მისი მეუღლის მიმდინარე ანგარიშებიდან ერთ-ერთზე - 3 651,94 ლარი, ხოლო ანაბარზე - 42 680 დოლარი. მისივე სახელზე ფიქსირდებოდა დანაზოგი შემოსავლიდან 50 000 დოლარის ოდენობით.

შვილების სახელზე გახსნილ ორ სხვადასხვა საბავშვო ანაბარზე კი შეტანილი იყო 35 896,28 და 18 311,39 დოლარი.

რაც შეეხება წილებს სხვადასხვა კომპანიაში, ნინო წერეთელი ფლობს 100-პროცენტიან წილს შპს "თოუ დეველოპმენტში", საიდანაც მიიღო 42 3686 ლარის შემოსავალი. ის ასევე არის ამავე კომპანიის დირექტორი, რაშიც ერთი წლის განმავლობაში 120 000 - ლარიანი შემოსავლი ჰქონდა.

ნინო წერეთლი ასევე არის დირექტორი შპს "ნიმში", შპს "ნიმი 1"-ში და "ნიმი 2" -ში, ბოლო 2 კომპანიაში პარტნიორი გახლავთ გიორგი ამილახვარი. სამივე კომპანიიდან ნინო წერეთელმა და გიორგი ამილახვარმა მიიღეს 96000, 34800 და 48000 ლარი.

გიორგი ამილახვარმა 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიიღო 53501,65 ლარის ოდენობის ხელფასი.

რაც შეეხება გასავალს, წყვილმა შვილების განათლებაში დახარჯა 25000 ლარი და 5900 დოლარი;

დახმარებაში ნინო წერეთელმა გადაიხადა 20 000 ლარი, ხოლო სახლის მშენებლობაში 350 000 ლარი; გიორგი ამილახვარმა საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის დახარჯა 25 000 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ 30 000. მან და მისმა მეუღლემ ტანსაცმლის შესაძენად დახარჯეს სულ 40 000 ლარი.

ნინო წერეთელმა 2022 წელს 44000 ლარად გაყიდა მანქანა. წყარო