ავტორი:

უკრაინაში 22 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "ვანოს სამხედრო განათლება ხარკოვში ჰქონდა მიღებული"

უკრაინაში 22 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "ვანოს სამხედრო განათლება ხარკოვში ჰქონდა მიღებული"

გავრცელებული ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი დაიღუპა. ამის თაობაზე ინფორმაციას "დედოფლისწყაროს ტელევიზია" ავრცელებს. სწორედ დედოფლისწყაროში იზრდებოდა ჩოხელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი ხარკოვში დაბრუნდა და სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქართველი ქალაქ ხარკოვში, 16 მარტს დაიღუპა.

"უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი. მას დედაც გარდაცვლილი ჰყავს და ერთ ხანს სოფელ ზემო ქედის სკოლაში სწავლობდა და მამასთან დედოფლისწყაროში იზრდებოდა, შემდეგ ისევ ხარკოვში დაბრუნდა და სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება. წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდა. ქიზიყიTV თანაგრძნობას უცხადებს მამას, ზაზა ჩოხელს, პაპას - უშანგი ჩოხელს და ბებიას - ქეთევან ქიმოსტელს" - წერია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ვანო ჩოხელი უკრაინაში დაღუპული რიგით მეორმოცე ქართველი მებრძოლია.