ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს.
"თემებს, რომლებსაც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეეხებიან უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა.

"ჩინეთი და რუსეთი არიან როგორც მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო საქმეებში. არასტაბილური და ცვალებადი მსოფლიოს პირობებში ჩინეთი მზადაა, საერთაშორისო წესრიგის მტკიცედ დასაცავად რუსეთთან მუშაობა გააგრძელოს“, - აღნიშნულია სი ძინპინის განცხადებაში.
"მოუთმენლად ველი ვიზიტის დროს პრეზიდენტ პუტინთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე სიღრმისეულ განხილვას, რათა შევქმნათ გეგმა ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული კოორდინაციისა და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს ჩინეთის პრეზიდენტი.
სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია.