ავტორი:

"ხვიჩა ჩვენიც არის" - როგორ გულშემატკივრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში ხვიჩა კვარაცხელიას და რას წერენ ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავზე

"ხვიჩა ჩვენიც არის" - როგორ გულშემატკივრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში ხვიჩა კვარაცხელიას და რას წერენ ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავზე

უკვე თვეებია, რაც ქართველი გულშემატკივარი იტალიური "ნაპოლის" ყველა თამაშს გულისფანქცალით ელოდება. ფეხბურთის ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია კი, ყოველი თამაშით სიხარულს ჩუქნის ქომაგს. "ნაპოლი" "სკუდეტოს" მოგებასთან ასე ახლოს ბოლო 30 წელია არ ყოფილა.

მათ ხვიჩა უყვართ იმიტომ, რომ ქარიზმის, ნიჭის, პროფესიონალიზმის, ნებისყოფისა და ყოველდღიური მუშაობის შედეგად, ნიგერიელ ფორვარდთან, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, ულამაზეს სანახაობას სთავაზობს მაყურებელს.

როგორც "კვარას" იტალიელი გულშემატკივრები ამბობენ, "22 წლის, თავმდაბალი, მოკრძალებული ბიჭი" ახლა უამრავი მოზარდისთვის მაგალითია და აჩვენებს, ნიჭთან ერთად, რა შედეგი მოაქვს შრომას, მიზანდასახულობას და საქმისადმი სიყვარულს.

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული გზა შეუმჩნეველი არც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს დარჩენიათ. ბოლო ხანებში, დახურულ ჯგუფებში, ფეხბურთის მოყვარულები უკვე რეგულარულად ინტერესდებიან, სად, რომელ საიტზე შეიძლება უყურონ "ნაპოლის" თამაშებს.

თავდაპირველად, ასეთი კითხვის ავტორს, ან უგულებელყოფდნენ, ან უხეშად ეკითხებოდნენ, - რატომ ინტერესდებოდა მისი თამაშით. თუმცა, თანდათან ტონი შეიცვალა და განსხვავებული შინაარსის კომენტარები წამოვიდა.

"მათ, ვისაც არ ესმის ამ ახალგაზრდის წარმატების მიმართ ჩვენი ინტერესი, ავუხსნი, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბურთის ტრიალი და სპორტი არ არის, ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ, გოლების გატანა, ან ლამაზი პასი", - წერს "იასონ აფხაზი".

"ჰკითხეთ თქვენს უფროსებს, მამებს, ბაბუებს, თუკი, გყავთ ისინი და მოგიყვებიან, - საბჭოთა წლებში, პატარა აფხაზეთსაც ჰყავდა წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც ისტორიას წერდნენ, მაგალითად, სოხუმის "დინამოს" უძლიერესი მეკარე, ვლადიმერ მარღანია, რომელმაც მართლაც უდიდესი ისტორია დაწერა. ასევე აფხაზი თავადების ღირსეული შთამომავალი - ნიაზბეგ ძიაშპბა, გაგრელი გიორგი სიჭინავა, რომელსაც ერთ-ერთი თამაშის დროს, ფეხბურთის ლეგენდა პელემ მაისური გაუცვალა.

ასე რომ, ფეხბურთი კულტურაა, სიხარული და ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობებია. საბჭოთა რესპუბლიკის დროს, აფხაზები წარმატებული ფეხბურთის ისტორიის დაწერაში თავიანთ ღირსეულ კვალს ტოვებდნენ. თანაც, სპორტს, მით უფრო ღირსეულ ფეხბურთელს, ეროვნება არ გააჩნია. მაგრამ ამას ყველა ვერ გაიგებს. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები ამ პატარა მეგრელს. ხვიჩა, თავისი ლამაზი და საინტერესო თამაშით, ჩვენიც არის, ფეხბურთის მოყვარულების", - მიაჩნია "ბაგათელია სუხუმსკის".

"მე ვნახე მისი რამდენიმე თამაში და აღვფრთოვანდი. ცნობისთვის, ჩვენ კი არა, ასობით, ათასობით რუსი გულშემატკივრობს. ზოგი იმიტომ, რომ თურმე ადრე რუსულ გუნდ "რუბინში" თამაშობდა, მაგრამ იქ თამაშის დროს, ამ პატარა ბიჭს მხოლოდ რუსეთსა და საქართველოში თუ იცნობდნენ. ახლა კი, მსოფლიო გაჰყვირის მის სახელს.

ფეხბურთი, როგორც ბევრი სხვა რამ, რუსეთის ძლიერი მხარე არ არის, ეს არის ევროპასა და რუსეთს შორის განსხვავება, ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა ახალგაზრდებმა. აფხაზეთი როგორ უნდა ეცადოს ევროპისკენ იაროს?! წარმატებული ფეხბურთელის ყურება თუ ჩვენს ახალგაზრდებს აინტერესებთ, ეს არ არის ღალატი და ამის გამო ნუ დასჯით მათ, კვარაცხელია არის მაგალითი, ქუჩაში უსაქმოდ დგომა, დალევა და ჩხუბისთავობა წარმატებას ვერ მოგვიტანს", - მიაჩნია ილიას გულიას.