ავტორი:

როგორ ვიცნოთ სოციალურ ქსელში ტროლი და ბოტი?

როგორ ვიცნოთ სოციალურ ქსელში ტროლი და ბოტი?

Fake News - ის, ანუ ყალბი ამბების გავრცელება ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რასაც ხელი ტექნოლოგიების განვითარებამ შეუწყო. ამჯერად გვინდა გესაუბროთ ტროლ-ბოტების საშუალებით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობებსა და მისგან თავის დაცვის გზებზე.

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელები ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არხად იქცა, მსოფლიო პოლიტიკაში მისი "ბოროტად“ გამოყენება, ერთგვარ სამსახურადაც ჩამოყალიბდა და ჰიბრიდული ომის განუყოფელ ნაწილად იქცა. გამონაკლისი ამ კუთხით არც საქართველო აღმოჩნდა.

  • ვინ არის ტროლი?

ტროლი არის ადამიანი, რომელიც ინტერნეტსივრცეში იდენტობის მითითების გარეშეა დარეგისტრირებული და ყალბი პროფილით პოზიციონირებს. ტროლების ძირითადი საქმიანობაა ონლაინ სივრცეში აგრესიული და არათემატური კომენტარების დაწერა, რათა მთავარი თემიდან მომხმარებელთა ყურადღება გადაიტანონ და მათი პროვოცირება მოახდინონ. ტროლის შემთხვევაში ფეიკ ექაუნთის უკან ერთი ადამიანი დგას. თავად ექაუნთებს თუ დაუკვირდებით, ხშირად სახელი თუ ფოტოები სრულიად გაუგებარი და არაავთენტურია. რიგ შემთხვევაში სხვა, მაგალითად, უცხოელი მომხმარებლის ფოტოებია გადმოკოპირებული, შესაძლოა, პროფილის ფოტოდ გამოყენებული იყოს ინტერნეტში მოძებნილი შემთხვევითი ან ცნობილი მსახიობის ფოტოც კი. შეგიძლიათ ამ ფოტოების საძიებო სისტემებში მოძებნით ადვილად იპოვოთ მათი რეალური მფლობელი.

ბიოგრაფიული მონაცემები, სამუშაო ადგილი თუ სხვა მაიდენტიფიცირებული მონაცემები შევსებული არ არის ან გაყალბებულია. შეიძლება არსებობდნენ ე.წ. ალტრუისტი ტროლები, რომლებიც, უბრალოდ, ამით ერთობიან, მაგრამ მათი დიდი ნაწილი, როგორც ამბობენ, სხავადასხვა სტრუქტურებისგან ანაზღაურებას იღებენ, შესაძლოა, ისინი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზეც მუშაობდნენ...

არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა" წაშალა ამგვარი "ფეიკპროფილები" თუ ცრუ მედიაგვერდები. მაგალითად, 2020 წელს სოციალურმა ქსელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წაშალა რუსეთთან დაკავშირებული ქსელები, რომელთა მიზანი სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა იყო. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, ამ სიაში მოხვდა საქართველოც. ამ ერთ ჯერზე წაიშალა 214 მომხმარებელი, 35 "ფეისბუქგვერდი", 18 ჯგუფი და 34 ექაუნთი "ინსტაგრამზე". კომპანიაში განმარტეს, რომ თითოეულ "ფეისბუქგვერდს" დაახლოებით - 8 500, "ინსტაგრამის" ანგარიშებს კი დაახლოებით 7 500 გამომწერი ჰყავდა. გარდა ამისა, თითოეულ ჯგუფში 9 500-მდე ადამიანი იყო გაწევრებული.

მათი განცხადებით, ეს ქსელი, პირველ რიგში, მიმართული იყო სირიასა და უკრაინის, ასევე, თურქეთის, იაპონიის, სომხეთის, საქართველოს, ბელარუსისა და მოლდოვას წინააღმდეგ. მათივე თქმით, ამ ქსელის საქმიანობის მცირე ნაწილი ორიენტირებული იყო დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე. ერთ-ერთი ამგვარი წმენდისას, ლიკვიდაციის პროცესში "ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციული გვერდებიც მოხვდა.

ტროლების მთავარი ფუნქცია მხოლოდ მედიაარხებზე კომენტარების წერა არ არის, მათ საქმიანობაში შედის დეზინფორმაციის გავრცელებაც.

  • ვინ არის ბოტი?

ბოტი ატლანტიკური საბჭოს Digital Forensic Research Lab (DFRL) -ის განმარტებით, სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური პიროვნების პროფილისთვის მიმსგავსებული მახასიათებლები აქვს.

ბოტების მართვა შესაძლებელია ერთგვარი ქსელის სახით, როდესაც ერთი კონკრეტული მომხმარებელი დისტანციურად ათეულ ათასობით ავტომატიზებულ ანგარიშს მართავს. ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტის ინსტიტუტი გამოყოფს ბოტების კიდევ ერთ სახეობას - პოლიტიკურ ბოტებს, რაც სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას ან კომპიუტერულ კოდს გულისხმობს, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური ადამიანის ქცევას არის მიმსგავსებული. ისინი არჩევნების და რეფერენდუმების პერიოდში სხვადასხვა მანიპულაციურ ტექნიკებს იყენებენ, მათ შორის ყალბი ამბებისა და პროპაგანდის გავრცელებას, ასევე ამა თუ იმ სუბიექტის ან ჯგუფის მიმართ ყალბი პოპულარობისა და მხარდაჭერის ილუზიის შექმნას ახდენენ. პოლიტიკური ბოტები მათთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველ ინფორმაციას აზიარებენ (share), იწონებენ (like) და ონლაინ სივრცეში ჯანსაღი პოლიტიკური დისკურსის შეცვლას ცდილობენ.

ხშირად გვინახავს პოლიტიკურ პოსტებზე, როდესაც ათასობით უცხოური პროფილი, მაგალითად, საქართველოში რომელიმე ხიდის აშენებას ან პოლიტიკოსის წარმატებას იწონებს. ბოტების სისტემა შეიძლება გამოიყენონ როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურმა ძალებმაც, ამის მაგალითებიც არაერთი გვახსოვს.

ბოტების გამოყენება მსოფლიო პოლიტიკაში მძაფრი პოლიტიკური პროცესების ან არჩევნების დროს აქტიურდება. მათი საშუალებით პოლიტიკოსები ერთგვარ მხარდაჭერების ილუზიას ქმნიან. პოლიტიკური ბოტები ხელისუფლებისთვის ან ოპოზიციისთვის სასურველი შინაარსის შემცველ ინფორმაციას აზიარებენ, იწონებენ, რისი საშუალებითაც ონლაინ სივრცეში პოლიტიკური მიმართულების მათ სასარგებლოდ შეცვლას ცდილობენ.

ბოტებს იყენებენ ასევე "ფეისბუქის", "ინსტაგრამისა" და "ტვიტერის" გვერდებზე ლაიქების და მიმდევრების გასაზრდელად. ამ ტექნიკაზე უარს, სამწუხაროდ, ხშირად არც ბიზნესი ამბობს, გამონაკლისი არც საქართველოა.

  • როგორ ამოვიცნოთ ბოტი?

მათი ამოცნობა არც ისე მარტივია, მაგრამ მაინც არსებობს გზები, რომელიც ბოტების ამოცნობაში დაგვეხმარება.

პირველ რიგში პოსტების სიხშირე, ისინი ძალიან ბევრს პოსტავენ, აზიარებენ ისეთ სტატიებს, რომელიც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება. დააკვირდით ასევე, რამდენად ხშირად წერენ საკუთარ თავზე, აქვეყნებენ თუ არა პირად და ოჯახურ ფოტოებს. ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ ქსელში არა თქვენი რეალური მეგობრების თუ გამომწერებისგან ხედავთ, შეამოწმეთ, გადადით მათ პროფილზე, ნახეთ რას აზიარებს, რა ინფორმაცია ან ფოტოები უდევს, თუ ეჭვი გეპარებათ, საძიებო სისტემით მოძებნეთ მათ მიერ საკუთარ ფოტოებად გასაღებული ფოტოები. ნუ დაიჯერებთ და გააზირებთ ინფორმციას, რომელიც სანდო მედიის ან უშუალოდ თქვენი ნაცნობების მიერ არ ვრცელდება.

  • როგორ ამოვიცნოთ ტროლი?

ტროლების ამოცნობა შესაძლებელია კომენტარებით, რომლებსაც ისინი სხვადასხვა "ფეისბუქ-გვერდებზე" ტოვებენ. ასევე ცნობილი ადამიანების სტატუსებზე, ვისაც ბევრი მიმდევარი ჰყავს და ერთგვარ ამინდს ქმნიან სოციალურ სივრცეში.

მათი კომენტარები ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილია, სტატუსის შინაარსს არ უკავშირდება. ასევე კომენტარების ველში აქვეყნებენ არასანდო წყაროებს. გვახსოვს პანდემიის დროს, როგორ მოქმედებდნენ ტროლები, როდესაც ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

ტროლები ბოტებისგან განსხვავებით უფრო აგრესიულები არიან. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ მომხმარებლებს. შეიძლება წერდნენ ლათინური შრიფტით, უშვებდნენ გრამატიკულ შეცდომებს.

მოკლედ, უპირველსად, დააკვირდით კომენტარების შინაარსს და სიხშირეს, შემდგომ კი გააანალიზეთ პროფილი.

იმისათვის, რომ გავიგოთ პროფილი ეკუთვნის თუ არა ტროლს, შეამოწმეთ, მაგალითად, "ფეისბუქზე განყოფილება "ჩემს შესახებ“, რომელიც ხშირ შემთხვევაში ცარიელი დაგხვდებათ. ასევე სამუშაო ადგილად ძირითადად Facebook აქვთ მითითებული.

რაც შეეხება ფოტოებს, პროფილის ალბომში, მაქსიმუმ ორი ან სამი ფოტო დაგხვდეთ, ისიც ბუნების პეიზაჟების ან ცნობილი მსახიობების. თუ ტროლი უფრო გამოცდილია, ის შეიძლება მოპარულ ფოტოებსაც იყენებდეს, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ Google Image Search-ის სისტემა, პროფილის ფოტოს გადასამოწმებლად.

ტროლებს ან ძალიან ცოტა მეგობრები ჰყავთ ან მეგობრების ლიმიტი ძირითადად ამოწურული აქვთ, მაგრამ მათ მეგობრებში დიდი ნაწილი უცხოელებს ან ყალბ პროფილებს უკავიათ.

დააკვირდით, რას აზიარებენ, რას უწერენ მეგობრები კომენტარებში. განსაკუთრებულად პროფილის ფოტოზე...

  • რას გვთავაზობს "ფეისბუქი" ყალბ ანგარიშებთან საბრძოლველად?

ერთადერთი გზა ტროლებთან და ბოტებთან ბრძოლისთვის მათი დარეპორტებაა.

"ფეისბუქზე" სპეციალური ოფციის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ყალბი პროფილის გასაჩივრება. იმ შემთხვევაში კი, თუ აღმოვაჩინეთ, რომ პროფილი სხვა ადამიანის იდენტობას იპარავს, მაშინ შესაბამის გრაფაში დარეპორტებისას უნდა მიუთითოთ “საკუთარი თავის გასაღება სხვა ადამიანად”.

"ფეისბუქი" პროფილს დარეპორტების შემდეგ, განხილვისთვის დროს ითხოვს, თქვენ კი შეგიძლიათ დარეპორტებული პროფილი დაბლოკოთ...

კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩამონათვალს, როგორ შეიძლება ვიცნოთ ტროლი და ბოტი:

  • გადავდივართ მის პროფილზე;
  • ვამოწმებთ აქვს თუ არა განთავსებული პერსონალური ინფორმაცია;
  • რა და რამდენად ავთენტური ფოტოები უდევს;
  • ვაკვირდებით რას აზიარებს, საიდან და რა სიხშირით, რადგან მაგალითად, ბოტებს 24 საათის განმავლობაში დაუღალავად შეუძლიათ პოსტვა;
  • ვამოწმებთ შეესაბამება თუ არა პროფილის URL ექაუნთის სახელს.