ავტორი:

ზელენსკი რუსეთთან დაკავშირებულ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრებთან სასაუბროდ არ გავიდა - მღვდლები მოედანზე ორი საათის განმავლობაში იდგნენ

ზელენსკი რუსეთთან დაკავშირებულ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრებთან სასაუბროდ არ გავიდა - მღვდლები მოედანზე ორი საათის განმავლობაში იდგნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებული, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მანამდე მოსკოვის საპატრიარქო) სინოდის წევრებთან სასაუბროდ არ გავიდა. სასულიერო პირები 20 მარტს პრეზიდენტის ოფისთან მივიდნენ, იმ იმედით, რომ ზელენსკის დაელაპარაკებოდნენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მღვდლები მოედანზე დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში იდგნენ, შემდეგ კი საჰაერო განგაშის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია.

  • აღნიშნულ შემთხვევაზე უკრაინის ეკლესია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასულიერო პირები ოფისში მივიდნენ, რათა ხელისუფლებისთვის ეცნობებინათ ეკლესიის პოზიცია კიევ-პეჩორის ლავრიდან ბერების გამოსახლებასთან დაკავშირებით.

ორშაბათს დილით სინოდმა ამავე თემაზე სხდომა გამართა, მანამდე კიევ-პეჩორის ლავრის ბერებმა ჩაწერეს მიმართვა უკრაინის ხელისუფლების მიმართ, არ გამოესახლებინათ ისინი, მანამდე კი განაცხადეს, რომ ნებაყოფლობით არ დატოვებდნენ ლავრას.

უკრაინის ხელისუფლებამ ბერებს მიმართა, 29 მარტამდე დაეტოვებინათ ლავრის ტერიტორია და შენობები (წყარო).

  • ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა ჩაატარა. მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩაატარეს კონტრაზვერვითი სამუშაოები, რომლის მიზანიც იყო ლავრისთვის აერიდებინათ "რუსული საიდუმლო სამსახურების დივერსიული საქმიანობა და მოსახლეობა დაეცვათ ტერორისტული თავდასხმებისა და პროვოკაციებისგან."

მათივე განცხადებით, ღონისძიებები ჩატარდა, რათა ლავრა "რუსული სამყაროს ცენტრი" არ გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 15 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა კიევ-პეჩორის მონასტრის ერთ-ერთ ტაძარში "დედა რუსეთზე" შესრულებული საგალობლის გამო. SBU-მ ყოველივეს "რუსული სამყაროს განმადიდებელი პროპაგანდა" უწოდა.

ლავრის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ერთ-ერთ ლოცვაზე მრევლმა "დედა რუსეთს" უმღერა. ცნობილია, რომ იმ მღვდელმსახურს, რომელიც ღვთისმსახურებას ხელმძღვანელობდა, უფლებამოსილება შეუჩერეს.

  • ინფორმაციისთვის, მიიჩნევა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის საპატრიარქოსთან არის კოლაბორაციაში. უკრაინელ მღვდელმთავრებს აქვთ მუდმივი კავშირი მოსკოვთან.

2022 წლის მაისამდე ის ოფიციალურად ექვემდებარებოდა რუსეთის საპატრიარქოს და როგორც ჩანს, არ სურთ მათ ამ კავშირის გაწყვეტა.

დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო ხელს შეუშლის "რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან.“ სანქციები დაწესდა რამდენიმე სასულიერო პირზეც.