ავტორი:

"ამ დღეების განმავლობაში, ცდილობდნენ ახალგაზრდა თაობა ჩვენგან გამოეყოთ, Gen Z-ის თაობა მიესაკუთრებინათ, მაგრამ ეს თაობა სწორედ ჩვენი შვილებია" - ნინო წილოსანი

"ამ დღეების განმავლობაში, ცდილობდნენ ახალგაზრდა თაობა ჩვენგან გამოეყოთ, Gen Z-ის თაობა მიესაკუთრებინათ, მაგრამ ეს თაობა სწორედ ჩვენი შვილებია" - ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში უღირსი ადამიანები ცდილობდნენ Gen Z-ის თაობა მიესაკუთრებინათ.

როგორც მან პარლამენტის სესიაზე განაცხადა, "პარლამენტის შენობის "შტურმისტები“, პოლიციელების დამამცირებლები და მოძალადეები, "მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებულები, ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ“.

"ამ დღეების მანძილზე, ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად ვაკვირდებოდი, რომ უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ Gen Z-ის თაობა მიესაკუთრებინათ ისევე, როგორც ცდილობენ პროევროპულობაზე მოიპოვონ მონოპოლია. ამ დღეების მანძილზე ახალგაზრდა თაობის სახელით რატომღაც საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან. ამ დღეების მანძილზე ცდილობდნენ ახალგაზრდა თაობა ჩვენგან გამოეყოთ, მაგრამ ეს თაობა სწორედ ჩვენი შვილებია. ვისაც, ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, ვიცით რა მოსწონთ, რა იდეები აქვთ,რა საჭიროებები აქვთ. სწორედ იმიტომ, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და რომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან, გავაუქმეთ ინიციატივა, რომელზეც ამბავი ატყდა. მათი ინტერესები და მათი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ამიტომ დავიხიეთ და ეს ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის შენობის "შტურმისტები“, პოლიციელების დამამცირებლები და მოძალადეები, "მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებულები, ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ. კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ საერთოდ არ მოსწონთ, უცხო სიტყვებით და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ "გაბრენდვას“, - განაცხადა წილოსანმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა იმაზე, რომ მიმდინარეობს კამპანია, რომლითაც ადამიანებს მოღალატეებად აცხადებენ.

"არ შემიძლია არ დავიწყო იმ უსირცხვილო კამპანიით, ერთი ხელის მოსმით ადამიანებს მოღალატეებად რომ რაცხავდნენ. სუფთა საბჭოთა, ბოლშევიკური ხელწერით ადამიანების უსამართლოდ "გაშავებას“ ისახავდნენ მიზნად. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თუ ადამიანი სიტყვა "მოღალატის“ შინაარს კარგად ხვდება, ასე ხელის აღებით, მარტივად ვერ გამოიყენებს სხვის მიმართ“, - განაცხადა წილოსანმა.