ავტორი:

"ვფიქრობ, ვინც ეს დაუკვეთა, საიდუმლო საფლავში წაიღო" - 70-იანი წლების ბურუსით მოცული დანაშაული და ფილმში გახმაურებული ტაბუდადებული თემები: "ჭაბუკიანის ხანძრის" ისტორია

"ვფიქრობ, ვინც ეს დაუკვეთა, საიდუმლო საფლავში წაიღო" - 70-იანი წლების ბურუსით მოცული დანაშაული და ფილმში გახმაურებული ტაბუდადებული თემები: "ჭაბუკიანის ხანძრის" ისტორია

მსოფლიო გენიად აღიარებული ვახტანგ ჭაბუკიანის შთამომავალი თამარ რუხაძე სოციალურ ქსელში მადლობის წერილს აქვეყნებს რეჟისორ ნარგიზა გარდაფხაძის მიმართ, ფილმის ("ჭაბუკიანის ხანძარი") შექმნისთვის...

"მრავალი წლის განმავლობაში ტაბუდადებულ თემასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის კვლევა და გაშუქება გმირობის ტოლფასია! არანაკლებ მნიშვნელოვანია ჭაბუკიანის, როგორც ხელოვანის და პიროვნების ჭეშმარიტი სახის წარმოჩენა ახალგაზრდა თაობისთვის" - ამბობს იგი.

ფილმი ეხება 70-იანი წლების გახმაურებულ საქმეს - ოპერაში გაჩენილ ხანძარსა და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. ნარგიზა გარდაფხაძე ვრცელ ინტერვიუზე დაგვთანხმდა და დღემდე უცნობი მასალები მოგვაწოდა:

- ქალბატონო ნარგიზა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ ფილმი მიგეძღვნათ საუკუნის ურთულესი ამბისთვის?

- ჩემი დაინტერესება ლეგენდარული მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ დიდია. მეორეს მხრივ, კონსერვატორიაში სტუდენტობის პერიოდიდან მე მახსოვდა, რომ 1973 წელს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხანძრის შემდეგ, მოარული ხმებით, ვახტანგ ჭაბუკიანი ამ დანაშაულის დამკვეთად მოიაზრებოდა. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ ხანძრის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ სხდომაზე და თავად გავხდი მოწმე ზოგიერთი დრამატული დეტალისა. ამიტომ, როდესაც მე ვახტანგ ჭაბუკიანზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღება მომინდა, გადავწყვიტე გამერკვია, თუ რატომ ედებოდა მას ბრალი ამ ვანდალურ აქტში. მხოლოდ ამ კვლევების პროცესმა მთლიანად ფილმზე მუშაობის დროის ნახევარი წაიღო და ჯამში - იდეიდან დაწყებული, ფილმის დასრულებამდე - ჩემი ცხოვრების ხუთი წელი შეადგინა. შემდეგ უკვე პირველი არხის ტელეფილმების მხატვრული ხელმძღვანელი, მწერალი კოტე ჯანდიერი დაინტერესდა ჩემი იდეით და რაც მთავარია, პირველი არხის ხელმძღვანელობამაც დაუჭირა მას მხარი, რაც საბოლოოდ ფილმის გადაღებით დასრულდა.

დამწვარი ოპერა

- ოპერის დაწვასთან დაკავშირებით რამდენად ვრცელი მასალაა არქივში და რა დგინდება ახალი ამ მასალების მიხედვით?

- ოპერის ხანძრის საგამოძიებო და სასამართლო სხდომების მასალები წარმოადგენს 12 ტომად გაერთიანებულ 3,5-წლიან საბჭოთა მართლმსაჯულების ისტორიის ერთ ეპიზოდს. მთელი ამ ტომეულების შესწავლის შემდეგ პასუხი თქვენს კითხვაზე, თუ რა დგინდება, მე მაქვს ერთი - სამწუხაროდ არაფერი! ჩემი კვლევების 2,5 წლის განმავლობაში მე ვიმოგზაურე საოცრად დრამატული გამოძიების ლაბირინთებში. ეს საგამოძიებო საქმე შედგება სხვადასხვა მასალებისგან. ესენია: ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც გზადაგზა იცვლებოდა.

მე უნდა მიმხვდარიყავი, როდის ამბობდნენ ისინი სიმართლეს და როდის წერდნენ ტყუილს საკუთარ თავზე. ეს საქმე აგრეთვე შეიცავს სასამართლო სხდომების სტენოგრამებს. მათ შორის იგივე ბრალდებულების, რომლებიც სამსჯავროს წინაშე, ერთი მეორის მიყოლებით უარყოფდნენ ადრე აღიარებულ დანაშაულს. როგორც იმ დროს გამომძიებელი სტაჟიორი, ბ-ნი ჯემალ გახოკიძე ფილმში გვეუბნება, ამას ისინი ადვოკატების რჩევით აკეთებდნენ, რაც მიღებული პრაქტიკა ყოფილა. მხოლოდ რაღაც გრძნობით ან ინტუიციით თუ მიხვდება მკვლევარი, თუ როგორ იყო საქმე სინამდვილეში. ჩემი ინტუიცია არ მინდა სხვას მოვახვიო, რადგანაც როცა საქმე გაქვს დანაშაულთან, დამნაშავის შთამომავალთან და აგრეთვე ამ დანაშაულის მოპირდაპირე მხარეს მდგომ ძალოვანი სტრუქტურების ცოცხალ წარმომადგენლებთან, ეს არ იქნება სწორი.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბ-ნ ჯემალ გახოკიძეს, აგრეთვე ბ-ნი გურამ გვეტაძის ხსოვნას, ორივე დამთანხმდა ამ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობაზე და რომ არა ისინი, ჩემი ფილმი საინტერესო არ გამოვიდოდა! მასში დარჩებოდა მხოლოდ ერთი მხარე, ანუ ბრალდებულების, რაც ნაწარმოებს ძალიან სწორხაზოვანს გახდიდა. ამ ორი პიროვნების თუნდაც მზაობა ფილმში მონაწილეობისათვის, ჩემთვის მიანიშნებს იმაზე, რომ პირადად მათ, არავითარი ბრალი არ მიუძღოდათ ბრალდებულების მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში.

ჩემი არქივში მუშაობის დროს ზოგჯერ ვცდილობდი 50 წლის წინ დაწერილ ხელნაწერებში სიმართლისათვის სხვა მეთოდით მიმეგნო. მაგალითად, ბრალდებულების ხელწერა სხვადასხვა დაკითხვების დროს განსხვავებული იყო. როგორც ვიცით, ადამიანის ხელწერა მის ემოციურ მდგომარეობას ასახავს. ზოგი ჩვენების ხელნაწერი ისეთი „დაჭყანული“ ხელწერით გამოირჩევა, უნებურად წარმოვიდგენდი ამ დროს რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ამის დამწერი. ასეთი უცნაური ხელწერა ჰქონდათ ზოგიერთ დაკითხვებში ბრალდებულებს - თენგიზ რუხაძეს, გოგი ხეცურიანს, გიორგი გეკერს...

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ საჯაროდ განაცხადო, თითქოს მიაგენი ბრალდებულებზე ფიზიკური ზეწოლის მტკიცებულებას! ამიტომ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი ფილმში არასწორად ჩავთვალე... გარდა განსხვავებული ხელწერისა, ეჭვებს იწვევდა ჩემში აგრეთვე იმ ქიმიური ნივთიერებების ჯამური რაოდენობა, რაც ბრალდებულებმა თითქოს ხანძრის ორგანიზებისათვის გამოიყენეს.

  • საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ მათ გააჩინეს 4 ცეცხლის კერა და თითოეულზე დატოვეს კონვერტები, თითოში 250 გრამი კალიუმ პერმანგანატით და თითო კერას გადაასხეს 250 მილილიტრი გლიცერინი. მოსკოვში ჩატარებული ექსპერტიზის დროს გამოიყენეს 20 გრამი ე.წ. „მარგანცოვკა“ და დაასხეს 10 მლ. გლიცერინი. ანუ, ათჯერ ნაკლები, ვიდრე ეს საბრალდებო დასკვნაში წერია. ალის სიმაღლემ ექსპერიმენტის დროს შეადგინა რამდენიმე დეციმეტრი! გასაოცარია, რომ ისეთმა კარგმა სპეციალისტმა, როგორიც იყო მთავარი მხატვარ-გამნათებელი, გიორგი გეკერი, არ იცოდა, რომ ოთხ კერაზე ჯამურად 1 კგ კალიუმ პერმანგანატის გამოყენება + 1 ლიტრი გლიცერინით, „პატარა ხანძრის“ მოსაწყობად, თითქოსდა სარემონტო თანხების მოსაზიდად, მთელი მაყურებელთა დარბაზის დანგრევას გამოიწვევდა?

ბ-ნი გურამ გვეტაძის სიტყვებით, დამნაშავეებს შეეშალათ და ვერ გათვალეს სწორად რაოდენობა და პატარა ხანძრის მაგივრად დიდი გამოუვიდათო... თუმცა საგამოძიებო საქმეში არსებობს გიორგი გეკერის თეატრის მთელი ელექტრო გაყვანილობის, ისეთი უზუსტესი ნახაზები, რაც მოწმობს, რომ ის ძალიან განათლებული სპეციალისტი უნდა ყოფილიყო და ძნელი დასაჯერებელია, რომ მან ვერ გათვალა ზუსტად ის ქიმიური რაოდენობა, რაც პატარა ხანძრის მოსაწყობად მათ თითქოს სჭირდებოდათ. მაგრამ ეს კითხვაც ლოგიკური ანალიზის შედეგად მიჩნდება და ბ-ნ გურამ გვეტაძის საპირწონე მტკიცებულებები მე არ გამაჩნია.

კადრი ფილმიდან "ჭაბუკიანის ხანძარი" - ბრალდებულების დაკითხვის ეპიზოდი

მოკლედ, ყველა ბრალდებულს მიესაჯა კანონით გათვალისწინებული პატიმრობა. როდესაც ვკითხულობდი ბრალდებულთა აღიარებებს, მჯეროდა მათი, რადგან ისინი იმდენად დეტალურად აღწერდნენ დანაშაულს, რომ ეჭვები მიპყრობდა, ეგებ მართლა ესენი არიან დამნაშავეები? შემდეგ უკვე, როდესაც სასამართლოს სტენოგრამებში ასახულ მათ გამოსვლებს ვკითხულობდი, მათ საჩივრებს სხვადასხვა ინსტანციებისადმი, სადაც ისინი უარყოფენ თავიანთ აღიარებით ჩვენებებს, იქაც ვუჯერებდი მათ და ვგრძნობდი მათ გულწრფელ სინანულს, რომ იძულებულები იყვნენ დანაშაული თავის თავზე აეღოთ... პირადად ჩემთვის ეს - გაურკვევლობის ინტრიგა - იყო ამ საქმეში ყველაზე საინტერესო და ამიტომ ვეცადე ფილმშიც ჩემი ეს ორაზროვანი დამოკიდებულება შემენარჩუნებინა.

- ოპერის არქივში ინახება ერთ-ერთი ბრალდებულის წერილები ციხიდან, თუ შევიდა ფილმში ეს წერილები... ოპერის გაზეთ "ქნარში" დაიბეჭდა სტატია ამ წერილების მიხედვით, სადაც ედუარდ შევარდნაძის მტრობა იკვეთებოდა ჭაბუკიანის მიმართ...

- ოპერის არქივში ეს წერილები არ შემხვედრია. ეტყობა არ უნდა ინახებოდეს იქ, რადგანაც ეს არქივი კარგად მაქვს შესწავლილი. თქვენს მიერ ნაგულისხმებ წერილებში ალბათ სოლისტ გოგი ხეცურიანის წერილები გაქვთ მხედველობაში, რომლებსაც ის ციხიდან მალულად უგზავნიდა თავის უმცროს კოლეგას, ანზორ შომახიას. ბ-ნი ანზორი ჩვენი დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ეს წერილები მე თავად ბ-მა ანზორ შომახიამ გამაცნო და ისინი გაზეთ „ქნარში“ იყო გამოქვეყნებული. გოგი ხეცურიანის წერილები ძალიან ემოციურია. მთავარი, რასაც ის სთხოვს ანზორ შომახიას, არის ის, რომ არ დაუჯეროს გამოძიების ოფიციალურ ვერსიას. მას გული სტკივა, რომ საზოგადოების უმრავლესობამ დაიჯერა მისი დანაშაულში მონაწილეობა. სასოწარკვეთილებამდე მისული ინტონაციით, თავის წერილებში ის ცდილობს ახლო მეგობარი მაინც დაარწმუნოს იმაში, რომ ის არ არის ბოროტმოქმედი! სამწუხაროდ, ფილმის ისედაც მასშტაბურობის გამო, ეს წერილები ფილმში ვერ მოხვდა... რაც შეეხება, ედუარდ შევარდნაძის მტრობას ჭაბუკიანისადმი, ამაზე საუბრობს გაზეთ „ქნარში“, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი, გიგლა ტატიშვილის და, თინა ტატიშვილი. ეს იყო მისი პირადი შეხედულება. დანამდვილებით ჩვენ არ ვიცით, ვის ვინ სძულდა და ამიტომ ამ ინფორმაციის გამოყენება ფილმში საჭიროდ არ ჩავთვალე.

ნარგიზა გარდაფხაძე

- ამ ყველაფრის გამო ბოლო ოცი წელი რომ ჭაბუკიანმა შემოქმედებითად ვეღარაფერი შექმნა, ეს ხომ უზარმაზარი დანაკლისია?

- ეს უმთავრესი დანაკლისია, მთელი ჩვენი ერისათვის. საქართველოში მისდამი რეპრესიების გამო, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჭაბუკიანმა ახალი ქართული სპექტაკლების დადგმა ვეღარ მოახერხა. დევნილობის შემდეგ თეატრში კი დააბრუნეს, მაგრამ მან მხოლოდ ძველი სპექტაკლების აღდგენა მოახერხა... გამონაკლისია, 1980 წელს მის მიერ დადგმული “აპასიონატა“, ბეთჰოვენის მუსიკაზე. აქ ჭაბუკიანმა სცადა უსიუჟეტო, თანამედროვე ბალეტის შექმნა, რაც მისი სტიქია არ აღმოჩნდა და მოგვიანებით, ნინო ლაპიაშვილის ფილმში „ინტერვიუ“ ის იტყვის, რომ თანამედროვე ბალეტი მისი საქმე არ არის. ჭაბუკიანს სჭირდებოდა დრამა და მას უნდოდა ქართველი კომპოზიტორების მუსიკაზე დაედგა სპექტაკლები - აი, ამას ვერ ეღირსა ის სიცოცხლის ბოლო 20 წლის განმავლობაში... ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტების მთლიანი სია ძალიან გრძელია, აქედან 8 ბალეტი ქართველი კომპოზიტორების მუსიკაზე აქვს დადგმული. მას ძალიან უნდოდა კიდევ დაედგა ქართული ბალეტები, ჰქონდა საინტერესო ჩანაფიქრები, მაგრამ ამის განხორციელების საშუალება არ მიეცა. ნინო ანანიაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში მან აღადგინა ჭაბუკიანის ორი ბალეტი. ესენია „გორდა“ და „ოტელო“. დიდი მადლობა მას ამისათვის! დრომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჭაბუკიანის ეს ბალეტები უკვდავია, როგორც მუსიკის მაღალი დონით, ასევე სადადგმო კონცეფციით. გარკვეული სამთავრობო წრეებისთვის მიუღებლობის გამო, ჭაბუკიანი მისი ცხოვრების ბოლო 20 წლის მანძილზე ფაქტობრივად აქტიურ შემოქმედებით პროცესს ჩამოაშორეს და ამით ჩვენი ქვეყნის კულტურულ საგანძურს უდიდესი დანაკლისი მიადგა.

ვფიქრობ, რომ ზოგადად, გენიოსებს უფრო მეტად უნდა შევუნდოთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მით უმეტეს, თუკი ისინი სრულიად უდანაშაულოდ, შურისა და ღვარძლის გამო იჩაგრებიან... ასეთი ღვარძლიანები მუდამ იქნებიან საზოგადოებაში, მაგრამ დრო მათ ხსენებას წაშლის და ისტორიას დარჩებიან ისინი, ვისაც ქართველი ხალხი თავად საჭიროდ ჩათვლის. ასეთი უხსენებლების სიაში მოისროლა დრომ ისინი, ვინც 1966 წელს პარიზიდან, გაზეთ „ფიგაროს“ ერთადერთი უარყოფითი და კურიოზული რეცენზია ვახტანგ ჭაბუკიანის „ოტელოს“ შესახებ სასწრაფოდ თბილისში აფრინა. რამაც ძალიან გაახარა ჭაბუკიანის ოპონენტები და ხელი მოუმართა მათ ლეგენდარული მოცეკვავისა და ქორეოგრაფის განადგურებაში... იმედი მაქვს, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ, მომავალში რაღაც გაკვეთილს მაინც გამოიტანს მაყურებელი და ასე იოლად აღარ გასწირავს სამშობლოს სიყვარულში დახარჯულ, ლეგენდარულ ადამიანებს!

საბოლოოდ, პასუხი იმაზე, თუ ვინ დაწვა ოპერა, მე არ მაქვს. მე მაყურებელს შევთავაზე დაფიქრდეს და დასკვნები თავად გამოიტანოს ამ კითხვაზე. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი ამ ხანძართან დაკავშირებით არაფერ შუაში იყო, ხოლო, იმან, ვინც ეს ხანძარი დაუკვეთა, თავის საიდუმლო საფლავში წაიღო.