ავტორი:

ძალოვნებისგან შემდგარი ნარკოქსელი აფხაზეთში და დაკავებული მაღალჩინოსანი - "ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნარკოდანაშაულისთვის სომხური დაჯგუფება აიყვანეს"

ძალოვნებისგან შემდგარი ნარკოქსელი აფხაზეთში და დაკავებული მაღალჩინოსანი - "ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნარკოდანაშაულისთვის სომხური დაჯგუფება აიყვანეს"

აფხაზეთში ე.წ. მილიციის თანამშრომლები ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა abkhaz-auto.ru ავრცელებს.

  • დაკავებულია უფროსი ლეიტენანტი, სოხუმის სამორიგეო იზოლატორის უფროსი თანამშრომელი აიკა არზრუმიანი, რომელსაც გასაყიდად გამზადებული როგორც ვენური, ასევე სააფთიაქო ნარკოტიკული დანიშნულების ფხვნილი, აბები და ერთჯერადი შპრიცები აღმოუჩინეს.

გამოცემა წერს, რომ მისი დაკავების შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კიდევ რამდენიმე მილიციელი აიყვანეს.

"ძალოვანი უწყებისგან შემდგარი ნარკოქსელის წარმომადგენლების გამოვლენა და დაკავება გრძელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზაციის მუხლით" - წერს გამოცემა.

აფხაზების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აფხაზეთში ნარკორეალიზატორების სომხური დაჯგუფება აიყვანეს. თუმცა, გრძელვადიან პატიმრობაში თითქმის არავინ დარჩენილა, რადგან კარგი მფარველები ჰყავთ.

ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლების თქმით, "არზრუმიანის ქსელი" აფხაზეთში ყოველდღიურად იზრდებოდა. სოხუმში მისი გვარ-სახელი ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა თავად მილიციამ რატომღაც ახლა გაიგო.

"არადა, მის სახლთან კი არა, სამსახურთან, სკვერში ლამის ნარკომომხმარებლების რიგი იდგა" - წერენ ისინი.

"ბარემ ისიც გამოავლინეთ, ვინც მას მფარველობდა. თუ არ შეიძლება? მარტო მოქმედებდა არზრუმიანი?.. რუსეთიდან შემოსული რუსი, ყაზახი, სომეხი, ან სულაც რამდენიმე დღის წინ დაკავებული უზბეკი, დანილ ლოკტოვი, რომელსაც მთელი ჯგუფი ჰყავს, ვის მიერ კონტროლდება? როგორ უკავშირდებიან ისინი ადგილობრივ გამავრცელებლებს, მსხვილ შემსყიდველებს? თუ სხვა ქვეყანაში, სადაც კანონს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ნარკორეალიზატორები ჩუმად მოქმედებენ, ქვის ან სხვა ნივთების ქვეშ ტოვებენ ნარკოტიკს, ჩვენთან შინ მიაქვთ, საჩუქარივით შეფუთული, ბიზნესმენებთან, დეპუტატებთან, ე.წ. კრიმინალურ ელემენტებთან და გამკითხავი არავინაა... ჩემს რაიონში მხოლოდ სამი მილიციელი მე ვიცი, რომლებიც ნარკოტიკის გასაღებაზე მუშაობენ, რადგან ის გროშები, რასაც ხელფასის სახით იღებენ, არაფერში ჰყოფნით..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ნურ კვიცინია.

"ხაჭაპურებივით შეაქვთ მილიციის განყოფილებაში ნარკოტიკი. ორ წელიწად ნახევარია მთელი პლანტაცია აქვთ განყოფილების შენობასთან ახლოს, პარალელურად, გაცხარებული ვაჭრობა მიმდინარეობს, თავადაც ყიდიან, მსხვილ ნარკოგამსაღებლებთანაც თანამშრომლობენ.

არზრუმიანი და მისი რამდენიმე ქვეშევრდომი ძალიან დიდ დანაშაულს სჩადიან, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მათი აყვანა, ზღვაში წვეთია, რა ხდება სოხუმის, მთლიანად აფხაზეთის ქუჩებში, ვინმემ არ იცის? იმდენად აშკარაა ნარკოვაჭრობა, რომ ხანდახან დანაშაულადაც კი არ მიგვაჩნია" - მიაჩნია აქტვისტ ლეონ გაბელიას.