ავტორი:

"ხვიჩა რომ დაინახა, გიორგის ცრემლები წამოუვიდა..." - როგორ აუხდინა "კვარამ" ოცნება მის პატარა გულშემატკივარს, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის

"ხვიჩა რომ დაინახა, გიორგის ცრემლები წამოუვიდა..." - როგორ აუხდინა "კვარამ" ოცნება მის პატარა გულშემატკივარს, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით კი პატარებისთვის უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა. მის გულმხურვალე გულშემატკივართა შორის 14 წლის გიორგი მურვანიძეც აღმოჩნდა, რომელიც ბერი ანდრიას ფონდში 2 წელია ცხოვრობს. მას უმძიმესი დაავადება აქვს, რომელსაც ვაჟკაცურად ებრძვის. გიორგის ხვიჩა კვარაცხელიას ფანობის შესახებ ბერი ანდრიას დედამ, თინათინმა გუშინ საღამოს საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა:

"ვფიქრობ, ხვიჩას ხმა როგორ მივაწვდინო, რომ მოვიდეს ფონდში ჩემი განსაკუთრებულად ტკბილი და თბილი შვილობილის, გიორგის გულის გასახარად, დამეხმარეთ!“

ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, კეთილი ადამიანების დახმარებით, გიორგის ნატვრა აუხდა, რაც ასევე დედა თინათინის მორიგი პოსტიდან შევიტყვეთ:

"ასე უცებ აგვისრულდა ოცნება, დღეს ზუკა დავითაშვილმა დაგვირეკა და გაგვახარა, ხვიჩას ველაპარაკეთ. მალე ლაივშიც ჩაიხუტებს ჩვენს გიო მურვანიძეს... რაღა დაგიმალოთ და ძალიან ბედნიერები ვართ!“ - დაწერა დედა თინათინმა, რომელიც მადლობას უხდიდა მათ, ვინც ცნობილი ფეხბურთელი გიორგის ვიდეოზარით დააკავშირა.

"მთავარია, ძალიან გინდოდეს რაიმე, შენი დედა თინათინი ბერი ანდრიას დედა იყოს და ისეთი მეგობრები გყავდეს, როგორიც ჩვენ, ბერი ანდრიას ფონდს გვყავს! ძალიან უნდოდა ჩვენს გიორგის ხვიჩა კვარაცხელიას ჩახუტებოდა, ერთმა ჩვენმა მეგობარმა მიიტანა კვარას ყურამდე ეს ამბავი და მანაც არ დააყოვნა, მალე, ძალიან მალე ჩაეხუტება გიორგის!“ - ვკითხულობთ ბერი ანდრიას ფონდის "ფეისბუქგვერდზე".

ambebi.ge დედა თინათინს დაუკავშირდა:

- როდესაც ფონდში ახალი ბავშვები მოდიან, ახლოს ვეცნობი, მათთან ხანგრძლივად ვსაუბრობ. ინტერესს ვიკვლევ, - რა უხარიათ, რა იზიდავთ, რა უყვართ, რათა ამაზე პატარების ყოველდღიურობა ავაგო - მათი ცხოვრებაც გავამრავალფეროვნო და როცა საჭირო იქნება, გავახარო კიდეც. როდესაც გიორგის გავესაუბრე, გავიგე, რომ ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს, კარგად მღერის, მშვენიერი სმენა აქვს და ცეკვავს. ჩვენი ფეხბურთელებიდან ხვიჩა კვარაცხელია უყვარს. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ხვიჩა. ასე მასობრივად არც სხვები იცნობდნენ. ამ ბავშვს იმდენად უყვარს ხვიჩა, რომ ჯერ ბევრისთვის უცნობი რომ იყო, მის კარიერას იქიდან მოჰყვებოდა, მისით აღფრთოვანებულია. ყველაფერი იცოდა ფეხბურთელის შესახებ. მოკლედ, ხვიჩა სულ პირველად გიორგიმ შემაყვარა. დღეს კი ის მთელი საქართველოს სიამაყეა. ხვიჩა არა მარტო დიდი ფეხბურთელი და ვარსკვლავია, დიდი ადამიანია.

- ხვიჩა ახლა საქართველოშია, როგორც ცნობილია, თამაშისთვის ჩამოვიდა...

- ამ თამაშისთვის რომ ჩამოდიოდა, ვიცოდი და ისიც, რომ გიორგის ძალიან გაუხარდებოდა მასთან შეხვედრა. ეს ხომ მისი ყველაზე დიდი სანუკვარი ოცნებაა. მოკლედ, გავაქტიურდი და პოსტი დავწერე, ზუსტად ვიცოდი, როგორც კი ეს ამბავი მის ყურამდე მიაღწევდა, მოსვლას არ დაგვამადლიდა... მოკლედ, ჩემი ნათესავის თანაკლასელი თამაშობს ხვიჩასთან. უთხრა თუ არა, მაშინვე გადმორეკა. დილიდან კლინიკაში ვიყავი, ამ ზარს არც ველოდი. ხვიჩა რომ დავინახე, უზომოდ გამიხარდა. მერე გიორგის დავანახე. რომ დაელაპარაკა, ბავშვს ცრემლები წამოუვიდა და ვერაფერი უთხრა... მისთვის ისეთი მოულოდნელი და დაუჯერებელი რამ იყო, ძალიან აღელდა. ხვიჩას ვთხოვე, მოვიდეს ჩვენთან ფონდში და სხვა ბავშვებიც - ჩემი სხვა შვილებიც გაიცნოს და რა თქმა უნდა, გიორგის ჩაეხუტოს. შეგვპირდა, რომ გვესტუმრება. უზომოდ ბედნიერი ვარ...

  • თუ გსურთ ფონდს დაეხმაროთ, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი: GE73TB7171536080100002

საქართველოს ბანკი: GE38BG0000000855311400

ლიბერთი ბანკი: GE88LB0115143636765001