ავტორი:

"დარანების სიგრძე ზოგჯერ კილომეტრები იყო, იქ ქორწილები და ნათლობებიც კი იმართებოდა..." - რას წარმოადგენდა მიწისქვეშა თავდაცვითი ნაგებობები მესხეთში?

"დარანების სიგრძე ზოგჯერ კილომეტრები იყო, იქ ქორწილები და ნათლობებიც კი იმართებოდა..." - რას წარმოადგენდა  მიწისქვეშა თავდაცვითი ნაგებობები მესხეთში?

რუსეთ-უკრაინის ომის დროს ხშირად ისმის თუ როგორ აფარებს თავს მოსახლეობა მიწისქვეშა თავშესაფრებს... საქართველოში ბევრმა არ იცის ამ მიზნით შექმნილი დარანების შესახებ. დღეს ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენაზე, რომელსაც მესხური დარანი ქვია. მასზე ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. გვესაუბრება ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი, რომელიც დარანების შესახებ უნიკალურ ცნობებს გვაწვდის:

- მესხეთში ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა და კულტურული ძეგლია. ეს მხარე იყო ჩვენს ქვეყნაში განათლების, კულტურის, ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი მძლავრი კერა ... საქართველოს ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული მხარეა იმ თვალსაზრისითაც, რომ უდიდესმა ქარტეხილებმა მასზე გადაიარა, მათ შორის მესხეთზე ოსმალეთის თითქმის ოთხსაუკუნოვანმა ბატონობამ. ადგილობრივი მოსახლეობა ამ განსაცდელებისაგან თავის დახსნას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა, რამაც საინტერესო ნაგებობების აშენებას დაუდო საფუძველი.

დღეს ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან, საინტერესო მოვლენაზე, რასაც მესხური დარანი ჰქვია.

  • რა არის დარანი?

დარანი - მიწისქვეშა ნაგებობა, გავრცელებული იყო შუა საუკუნეების საქართველოში. ეს არის "კლდეში, ანუ მიწის ქვეშ შესასვლელი... "დარანად ითქმის სახლი, მიწის ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად“. ეს არის ლოდებით ამოყვანილი, ქვის სქელი ფილებით გადახურული უქვითკირო ნაგებობათა სისტემა, რომელიც შედგება დახლართული გასასვლელ-გამოსასვლელებისა და სხვადასხვა ზომის სათავსოებისგან. დარანს სხვადასხვა მიმართულებით მრავალი განშტოება აქვს. ერთი შტო აუცილებლად წყალთან არის დაკავშირებული, დანარჩენები, რომელთა სიგრძე ზოგჯერ ასობით კმ-ს აღწევს, ციხესიმაგრეებთან, მეზობელ სოფლებთან, ტყესთან ან გზებთანაა შეერთებული. დარანის შესასვლელი მოფარებულ, ძნელად მისადგომ ადგილებშია მოწყობილი და ჩვეულებრივ, აღმოსავლეთისკენაა მიმართული.

მირიან ხოსიტაშვილი:

- დარანები მესხეთში თავდაცვის სივრცეს ნიშნავს, მიწისქვეშა გვირაბების მთელ ქსელს, რომელსაც განსაკუთრებით აშენებდნენ, აგებდნენ, თხრიდნენ იმისათვის, რომ მტრისგან თავი დაეცვათ. მესხური დარანი არათუ საუკუნეების წინ, არამედ ნასოფლარებში, ნამოსახლარებში დღესაც შეუმჩნეველია... ხშირ შემთხვევაში გვხვდება ქვის გროვები, სინამდვილეში კი ამ ქვის გროვების შიგნით არის უზარმაზარი გვირაბები, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეც შეიძლება იყოს გაყვანილი. მესხეთის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტიპის და სიდიდის დარანი არსებობდა. კილომეტრიან გვირაბებზე ბევრი დადასტურებული ინფორმაცია არსებობს. ეს არის მიწისქვეშ გამოთხრილი და შემდეგ ქვით ნაშენი გვირაბები, რომლებიც ერთი დიდი ქვის ლოდით იკეტებოდა. საგანგებოდ გათლილი ქვის ლოდით, მტერს რომ იქ შეღწევა გაძნელებოდა. ვიწრო გასასვლელის გავლით შიგნით დარანში ცხოვრება იყო შესაძლებელი. დარანს როგორც შესასვლელი, ისე გამოსასვლელი ჰქონდა ორი და სამი მხრიდანაც კი. ეს იმიტომ, რომ იქ მყოფ მოსახლეობისთვის საკვები, წყალი, სხვადასხვა რამ ხელმისაწვდომი ყოფილიყო.. ყველაფერი იმგვარად იყო გათვლილი, რომ გამოსასვლელი გამოდიოდა ხეობებში, უფრო მეტად დაცულ ნაწილებში, გამოსასვლელებიც და შესასვლელებიც გასაიდუმლოებული იყო ადგილობრივ მოსახლეობაში, ეს მტერს არ უნდა სცოდნოდა...

მოგეხსენებათ, რომ მესხეთის დიდი ტერიტორია ტყით დაფარული არ არის. დიდი ნაწილი ალპურ ზონასაც მოიცავს, უტყეო მხარეში დარანებში იყო თავშესაფარი და შორს გაქცევის ნაცვლად, იქვე ახლო-მახლოდ აგებდნენ თავდაცვის ამგვარ ნაგებობას. ზოგიერთ სოფელს თითო დარანი კი არა, რამდენიმე ჰქონდა. როგორც ბოლო დროს არის გამოკვლეული, შიდა სივრცეები უფრო მიწისქვეშა ოთახები იყო, სადაც ცხოვრება უპრობლემოდ შეიძლებოდა.

ბევრ დარანში სამლოცველოც კია აღმოჩენილი, სადაც ადამიანები თავშესაფარში ყოფნის დროს ლოცულობდნენ, ეკლესიურ ცხოვრებას აგრძელებდნენ. რამდენიმე ლეგენდა მოგვითხრობს, რომ დარანებში ნათლობების ცერემონიალებიც იმართებოდა და რომ დარანში ქორწილიც კი გადაუხდიათ.

მესხეთად არ უნდა წარმოვიდგინოთ მხოლოდ ის ტერიტორია, რომელიც დღეს ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაშია. მესხეთი ისტორიულად ბევრად ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და ერუშეთის, ტაო-კლარჯეთის დიდ ნაწილსაც მესხეთი ერქვა. ეს უზარმაზარი და უმდიდრესი მხარე იყო, როგორც კულტურული, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს მის განსაცვიფრებელ ნაგებობებშიც აისახა.

არსებობს ერთი საინტერესო დეტალი - მოგეხსენებათ, ვარძიაში არსებობს საკმაოდ ბევრი გვირაბი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გადის. ვარძიასთან ახლოს არის სოფელი - ჭაჭკარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული სოფელია. ამ სოფელშიც არსებობდა დარანები, რომელთა გვირაბები ვარძიიდან გამოდიოდა და როგორც მტკვრის ხეობაში, ასევე სხვა მიმართულებებით გადადიოდა.

- ანუ ვარძიაში ბევრი დარანებია?

- დიახ, შიდა გვირაბებია, რომელიც ერთმანეთს უკავშირდება და სხვადასხვა მიმართულებით გადის... მესხეთ - ჯავახეთის ტერიტორიაზე თითქმის ყველა სოფელშია შესაძლებელი, ასეთი დარანი ყოფილიყო. ჩვენამდე სამწუხაროდ, მცირე ნაწილმა მოაღწია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრი რამ არ არის გამოკვლეული, ამიტომ დღეისათვის არ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ რამდენი დარანია შემორჩენილი. ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ მასშტაბური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, თანაც ბევრი დარანი განადგურებულია და ჩვენამდე ვერ მოაღწია. ბევრის შესასვლელი დაინგრა და გარედან თვალით შეუმჩნეველია.

ზოგადად მესხები ნაგებობების გასაკუთრებული სტილის მშენებლობით გამოირჩეოდნენ. არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოს დარანი მუდმივი საცხოვრებელი იყო. დარანი მხოლოდ და მხოლოდ თავდასაცავი სივრცე იყო. ძირითადი საცხოვრებელი ნაგებობაც ორიგინალური, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ეს გახლდათ მესხური, დარბაზული ტიპის საცხოვრებელი ნაგებობა, რომელშიც იყო ერდო-გვირგვინით გადახურული და ქვით ნაგები დიდი დარბაზი, ეს ერდო-გვირგვინი, როგორც წესი, ოთხ, ექვს ან თორმეტ ბოძსაც კი ეყრდნობოდა, ე.წ. დედაბოძებს... ერდოს გადახურვის სტილი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და შექმნილია ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებული დამუშავებული ხის მორებისაგან, რომელიც ქმნიან კამარას - ერდოს, საიდანაც სინათლე შემოდიოდა და მთელ დარბაზში ვრცელდებოდა.

შიდა სივრცე კი ნამდვილად ხელოვნების ნიმუში იყო. სადაც ხე იყო გამოყენებული, ძირითადად კარგად დამუშავებული და ჩუქურთმებით იყო მორთული, შიგნით ერთი ცენტრალური ბუხარი იყო, თუმცა აღმოჩენილია ნაგებობები, სადაც რამდენიმე ბუხარიც კი იყო ერთ დარბაზში.

როგორც დარბაზული სახლი, ისევე დარანი გამოხატავს იმ ყოფას, როგორც ცხოვრობდა და შრომობდა ადგილობრივი მოსახლეობა... რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია მესხეთის ტერიტორიაზე, ესაა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ტერასული მეურნეობა. მოგეხსენებათ, მესხეთი მთაგორიანია, უმეტესად ქვიანი ტერიტორია და მესხებმა შექმნეს უნიკალური, ტერასული მეურნეობა. მთის ფერდობებზე ტერასების თითოეული სართული ქვის ყორეებით ამოაშენეს. იქ მოყავდათ როგორც ბოსტნეული, ასევე გაშენებული ჰქონდათ ბაღ-ვენახი, ხეხილი, ვენახი...დღესაც შეგვიძლია ასეთი ტიპის ტერასები ვნახოთ. ძალიან საინტერესოა, რომ 10-12 - სართულიანი ტერასებიც კი იყო, რომელიც უნიკალური სარწყავი სისტემით ირწყვებოდა...

ჭაჭკარის დარბაზი - მესხური დარბაზული სახლის ანალოგი ეროვნული მუზეუმის ექსპოზიციაში

- საქართველოში ამდენად მნიშვნელოვანი მიწისქვეშა გვირაბები არსებობდა და რატომ არ არის ცნობილი უფრო მეტად ამაზე?

- ჩვენთან შიდა ტურიზმიც არ არის სათანადოდ პოპულარული... კურორტებს უფრო აქცევს ყურადღებას ჩვენი მოსახლეობა, ვიდრე ისტორიული ძეგლების შესწავლას. ბევრი უცხოელი ისტორიკოსი, მკვლევარი შემხვედრია მესხეთში, რომელიც დარანებს ეძებდა, ეს ისტორია გაგებული ჰქონდათ და ნახვის მერე, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ჩვენი წინაპრების მიღწევების მიმართ.

დღეს ტექნიკა ძალიან განვითარებულია, ყველაფერი იმდენად შორს არის წასული, დარანის კვლევაც და მისი გამოყენებაც გაცილებით მარტივად და სწორად შეიძლება. არსებობს უსაფრთხების პოლიტიკა და ნებისმიერი ქვეყანა იმაზე ზრუნავს, რომ თავდაცვის ობიექტები შექმნას. აგერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული მიწისქვეშა თავშესაფრებს უდიდესი როლი მიენიჭა. ასეთივე ფუნქცია ჰქონდა თავის დროზე დარანებს, შესაძლოა, მისი გათანამედროვებული ვერსიების შექმნა, ღმერთმა დიაფაროს და იქნება როდისმე დაგვჭირდეს...

გარდა ამისა, ტურისტული თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია მათი რეაბილიტაცია და გამოყენება.

  • დარანების ფოტოები გიორგი მაღრაძის

იხილეთ ასევე: