ავტორი:

პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ, ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!

პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ, ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!

მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს გარეთ გეოპოლიტიკური რყევებია, შიგნით კი დაუსრულებელი პოლარიზაცია. გარდა ამისა, სოცქსელების განვითარებამ განსაკუთრებით გაზარდა ობიექტური ინფორმაციის ფასი, რადგან სოცქსელებში ხშირად ისეთი დახვეწილი ფეიკნიუსი ვრცელდება, რომ მოქალაქე ძალიან ადვილად შეიძლება მოტყუვდეს. თუმცა თუ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი და ობიექტური მედია, ადამიანს ფეიკნიუსის გადამოწმება ძალიან ადვილად შეუძლია.

ონლაინმედია სწრაფი ტემპებით ვითარდება, თუმცა კიდევ დიდხანს ტელემედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ორჯერ ორი ოთხია, რომ მაყურებლისთვის ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის/ანალიზის მიწოდება შეუძლია მხოლოდ დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას. ელემენტარული ბიზნესმოდელია - მომხმარებელს თუ არ მიაწვდი ხარისხიან პროდუქტს (ამ შემთხვევაში, მედიაპროდუქტს), მას დაკარგავ, შესაბამისად, შეგიმცირდება შემოსავლები, საზოგადოებაში წონა აღარ გექნება და ა.შ.

თუმცა საქართველოში მთავარი პრობლემა ის არის, რომ მედიის გამორჩეული სახეობის - ტელემედიის დიდი ნაწილი პოლიტიზებულია, პოლიტიკური მხარეების (ხელისუფლება და ოპოზიცია) დანამატია, კომერციული ინტერესი კი მეორე თუ მესამე პლანზეა გადაწეული. ტელემედიის დიდი ნაწილის მუშაობაში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია და არა კომერციული.

პოლიტიკურ მხარეებს არ აინტერესებთ ბალანსი ხარჯებსა და შემოსავლებს შორის და ბიზნესგანვითარების სტრატეგია, მათთვის მთავარია პოლიტიკური დღის წესრიგი. შესაბამისად, კონტროლირებად ტელევიზიებში "ასხამენ“ არარაციონალურ სახსრებს, აქვთ არაადეკვატურად მაღალი ხარჯები, რომლებიც, როგორც წესი, იზრდება არჩევნების მოახლოებისთანავე. იქ მომუშავე პროფესიონალები ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, თუ როგორ მოარგონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სპონსორ პოლიტიკურ მხარეს. ინფორმაციის მაყურებლისთვის მიწოდება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მოვლენებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი.

როდესაც ტელევიზიების მფლობელები არხს განიხილავენ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს და არა ბიზნესს, ძალიან რთულია, მედია იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი.

და რაც მთავარია - როდესაც ჭარბობს პოლიტიკური კონტექსტი და ამას, არც თუ იშვიათად, ობიექტურობა ეწირება, ტელემედია ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას - საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარება.

გარდა ამისა, ეს აზიანებს მედიაბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრინციპს. რთულია სატელევიზიო ბიზნესმოდელის შექმნა, როდესაც შენს კონკურენტებს შეუძლიათ პოლიტიკური მიზნებისთვის ათჯერ და ასჯერ მეტი ფულის "გასროლა“, რომელსაც შემოსავლის სახით უკან ვერასოდეს ამოიღებენ (და არც აინტერესებთ).

მაგალითად, "პალიტრანიუსის“ უკან მძლავრი ჰოლდინგი რომ არ იდგეს "პალიტრამედიის“ სახით, რა თქმა უნდა, ტელევიზიას, რომელიც ქვეყნის სწორი გზით განვითარებისთვის აუცილებელია, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად გაუჭირდებოდა ასეთ არაჯანსაღ კონკურენციაში არსებობა. თუმცა სწორედ იმან, რომ ის ბიზნესზეა დამოკიდებული და არა პოლიტიკურ ფულზე, განაპირობა მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რა თქმა უნდა, გაიზარდა საზოგადოებრივი წონაც, რადგან მაყურებელი ხედავს - არხი ყველა პოლიტიკური მხარისთვის გახსნილია, არის მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ობიექტური, განვითარება კი სტაბილური.

პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებულ ტელემედიებს კი სტაბილურობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვთ. პოლიტიკურმა დაჯგუფებამ თუ ჩათვალა, რომ მას ტელევიზიაში მილიონების ჩაყრა აღარ უღირს, არხი მომენტალურად წყვეტს არსებობას. ათეულობით მაღალ ხელფასს შეჩვეული ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ტექნიკური სპეციალისტი რჩება უმუშევრად. ასე დახურულ ტელევიზიებს, ვეჭვობთ, რომ არაერთს ვნახავთ, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ვისურვებდით, რომ დაჩქარებულიყოს პროცესი, როდესაც მედიაბაზრის ძირითად ნაწილს სწორედ დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელეარხები დაიკავებენ. ამაში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას ბიზნესმა, რომელიც სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული ქვეყანაში სტაბილურობისა და სამართლიანობის შენარჩუნებაში. ეს მცნებები კი პირდაპირ კავშირშია ობიექტურ, დაბალანსებულ და პასუხისმგებლიან მედიასთან.

ავტორი: გიორგი კვიტაშვილი