ავტორი:

"სენატში გაჟღერდა წინადადება, რომ საქართველო გადაიქცეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ცენტრად, თუმცა ჩვენს და წარმატებას შორის "ოცნება" დგას" - სამადაშვილი

"სენატში გაჟღერდა წინადადება, რომ საქართველო გადაიქცეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ცენტრად, თუმცა ჩვენს და წარმატებას შორის "ოცნება" დგას" - სამადაშვილი

სენატში გაჟღერდა წინადადება, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ცენტრად, თუმცა ჩვენსა და წარმატებას, კეთილდღეობას და ევროპულ მომავალს შორის „ქართული ოცნება“ დგას, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მოსკოვში მომზადებული თემების გაცოცხლებას ცდილობს, თუმცა, ეს თემები ქართველ ხალხს ყურადღებას ვერ გადაატანინებს მთავარი საკითხიდან.

„იმის პარალელურად, როცა მოსკოვში რუსეთის დუმის წარმომადგენელი საუბრობს, რომ დღის წესრიგში უნდა დადგეს საქართველოსთან ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა, გუშინ, აშშ -ის სენატის საგარეო კომიტეტში გაკეთდა ხმამაღალი განცხადება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, დასავლეთი, მაგრამ ქვეყანას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომლის პოლიტიკაც მიზანმიმართულად ხელს უშლის ამ დღის წესრიგს. ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი მხარდაჭერა აშშ- დან. სენატში ასევე გაჟღერდა წინადადება, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ცენტრად, რაც ნიშნავს ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობას, თუმცა ჩვენს და წარმატებას, ჩვენს და კეთილდღეობას, ჩვენს და ევროპულ მომავალს შორის არის ერთადერთი დაბრკოლება და ეს არის „ქართული ოცნება“. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ მორიგ ჯერზე გამოაგორა კამპანია „გარეჯი საქართველოა“. დიახ, გარეჯი არის საქართველო, საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ამას ქართველი ხალხი მიაღწევს მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომელიც დღეს მართავს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ის ასევე, გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ამიერკავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზას საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერაში ხედავენ და როგორც აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მოსკოვს საქართველოში „რუსული კანონის“ მიღება ჩაუვარდა, რუსეთი ჩვენს ქვეყანაზე შეტევის ახალ ტალღას იწყებს.

„რუსეთის ფედერაცია, მას შემდეგ, რაც მათი დავალება ვერ შეასრულა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის შედეგად და რუსული კანონის უკან გაწვევა მოუწიათ, იწყებს ახალ ტალღას ჩვენს ქვეყანაზე შეტევის და როგორც წესი, რუსეთი მოქმედებს ერთი და იგივე საკითხების გააქტიურებით. ამიტომ ისევ გააქტიურეს მათი მოქალაქეების შემოსვლის კიდევ უფრო გამარტივება და ამის პარალელურად მუქარის ენით ითხოვს იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენ დიდი ხანია უკვე აღებული გვაქვს. მრავალი წლის წინ საქართველოს გაკეთებული აქვს განცხადება ძალის არგამოყენების შესახებ, ამიტომ ეს არის მოგონილი თემა ჩვენი უსაფრთხოების ძირის გამოსათხრელად,“ - განაცხადა სამადაშვილმა.