ავტორი:

კოცნის აპარატი, რომლის საშუალებითაც საყვარელ ადამიანს მაშინაც აკოცებთ, თუ ის შორ მანძილზეა - რა არის ცნობილი ახალ გამოგონებაზე

კოცნის აპარატი, რომლის საშუალებითაც საყვარელ ადამიანს მაშინაც აკოცებთ, თუ ის შორ მანძილზეა - რა არის ცნობილი ახალ გამოგონებაზე

ახლა უკვე შესაძლებელია აკოცოთ საყვარელ ადამიანს მაშინაც კი, თუ ის თქვენგან შორ მანძილზეა. ჩინურმა სტარტაპ კომპანიამ შესაბამისი აპარატი გამოიგონა, რომელსაც სილიკონის ტუჩებში სენსორები აქვს და მათი საშუალებით შეგრძნებების შორ მანძილზე გადაცემაა შესაძლებელი.

მოწყობილობას "მუა" ჰქვია, რომელიც შემქმნელებმა კოცნის დროს გამოცემული ხმის გამო დაარქვეს.

"აპარატი კოცნისას ხმებსაც იმეორებს და ოდნავ თბება", - აცხადებენ სტარტაპ კომპანია Siweifushe-ში.

მათივე განმარტებით, გამოგონება პანდემიის დროს დაწესებული "ლოკდაუნით" და იზოლაციითაა შთაგონებული."მაშინ შეყვარებული მყავდა და ლოკდაუნის გამო ვერ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს",- ამბობს "მუას" გამომგონებელი ძაო ჯიანბო.

"მუა" რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი და მისი ფასი 260 იუანია (38 აშშ დოლარი). გამოსვლიდან ორ კვირაში ფირმამ 3 000-ზე მეტი კოცნის აპარატი გაყიდა და დაახლოებით, 20 000 შეკვეთა მიიღო.

"მუა" დასადგამი მოწყობილობაა, მის გამოსაყენებლად შეყვარებულმა წყვილმა სმარტფონზე აპლიკაცია უნდა გადმოწეროს, რომლის საშუალებითაც კოცნის მოწყობილობებს ერთმანეთთან დააკავშირებენ, ხოლო კოცნისას შეგრძნებებს დისტანციურად გადასცემენ.

კოცნის აპარატმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო: ზოგის აზრით, ის საინტერესო გამოგონებაა, ზოგი კი თავს არაკომფორტულად გრძნობდა მისი გამოყენებისას. მომხმარებლების უმეტესობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იმას თვლის, რომ მოწყობილობას ენა არ აქვს. "ძალიან უსიამოვნოა, ნამდვილ კოცნას არ ჰგავს", - დაწერა ერთმა მომხმარებელმა. კიდევ ერთის აზრით, ის სახალისო პროდუქტია იმის მიუხედავად, ხარ თუ არა ვინმესთან ურთიერთობაში.

ამასთან, ჩინურ სოცქსელში, Weibo-ში ბევრმა მომხმარებელმა შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა მოწყობილობა ონლაინ ეროტიკული კონტენტისთვის გამოიყენონ.

"Kissinger"

MUA არ არის დისტანციური კოცნის პირველი მოწყობილობა. ტოკიოს ელექტრო კომუნიკაციების უნივერსიტეტის მკვლევარებმა 2011 წელს "კოცნის გადამცემი მანქანა“ გამოიგონეს, ხოლო მალაიზიის Imagineering ინსტიტუტმა 2016 წელს შექმნა მსგავსი გაჯეტი სახელწოდებით Kissinger.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა