ავტორი:

"საქმეში ფიგურირებს ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც გამოძიების დაწყების დროს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი ჰქონდა, უცნობია მისი ადგილსამყოფელი" - ვაკის პარკის საქმის პროკურორი

"საქმეში ფიგურირებს ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც გამოძიების დაწყების დროს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი ჰქონდა, უცნობია მისი ადგილსამყოფელი" - ვაკის პარკის საქმის პროკურორი

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა პირიქით, ადასტურებს და ამყარებს ბრალდებას. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია, რომ სამუშაოების შესრულების დროს, რელე დამონტაჟებული არ იყო, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის ავტომატურ გათიშვას. ასევე, საუბარია, რომ ძრავის დამცავი ცხაურები დამიწებული არ იყო, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაცვის მხარის მიერ დღეს სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება ბრალდებას ამყარებს და ადასტურებს.

"ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა, მტკიცებულებები მიმოვიხილეთ, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელია და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება წარმოდგენილი ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა. რაც შეეხება, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, ის პირიქით, ადასტურებს და ამყარებს ბრალდებას. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია, რომ სამუშაოების შესრულების დროს, რელე დამონტაჟებული არ იყო, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის ავტომატურ გათიშვას. ასევე, საუბარია, რომ ძრავის დამცავი ცხაურები დამიწებული არ იყო, დამიწების შემთხვევაში, ეს შედეგი არ დადგებოდა.

შესაბამისად, ეს მტკიცებულება პირიქით, ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ჩატარებული გვქონდა მსგავსი სახის ექსპერტიზა, რომელშიც ანალოგიურ საკითხებზე იყო საუბარი, ვინაიდან ექსპერტიზა ერთსა და იმავე პირს აქვს ჩატარებული, კონკრეტულად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს. ეს დასკვნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მასში ხაზგასმითაა საუბარი, რომ სამუშაოების უსაფრთხოების წესებია დარღვეული, ვინაიდან არ იყო რელე, არ იყო ცხაური დამიწებული. პროექტი, რომელიც დამატებით მერიის საქალაქო სამსახურშია წარდგენილი, ბრალდების მხარეს უტყუარი მტკიცებულებები აქვს წარდგენილი, რომლითაც დასტურდება, რომ ის გააყალბა უშუალოდ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა და მან წარადგინა. შესაბამისად, სამუშაოები გაყალბებული პროექტის შესაბამისადაა შესრულებული. ეს პროექტი ყალბთან ერთად, იმთავითვე იყო უხარისხოც, რადგან უსაფრთხოების ნორმები არ იყო გათვალისწინებული“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქმეზე გამოძიება დამატებით კიდევ მიმდინარეობს.

"ჩვენ დამატებითი გამოძიების ფარგლებში, კიდევ ორი ფიზიკური პირი მივეცით პასუხისგებაში, ასევე, სამ იურიდიულ პირს წარედგინა ბრალი - ჯამში, 5 პირია პასუხისგებაში მიცემული, აღნიშნული საქმე ისევ გამოძიებაშია, წინასასამართლო სხდომა 24 აპრილსაა ჩანიშნული. გამოძიება კვლავ გრძელდება, გამოძიებას გარკვეული კითხვები აქვს სხვადასხვა პირების მიმართ. წინასწარი პროგნოზი ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება, თუმცა, თუ ვინმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, რა საკვირველია, ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

  • რაც შეეხება ჩინელი ინჟინრის დაკითხვას, რასაც დაცვის მხარე და ბრალდებული ლაშა ფურცხვანიძე ითხოვს, პროკურორის თქმით, რა რესურსიც გამოძიებას ჰქონდა, რომ ჩინელ ინჟინერს დაკავშირებოდა, ის რესურსი გამოიყენეს, დამატებითი ძალისხმევა კი არ გაუწევიათ.

"საქმეში ჩინეთის მოქალაქე ფიგურირებს, რომელსაც გამოძიების დაწყების მომენტში საქართველოს საზღვარი უკვე გადაკვეთილი ჰქონდა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ამიტომ არ მოხდა მისი გამოკითხვა, თუმცა, გამოძიება გრძელდება და შესაძლებელია, ამ პირის გამოკითხვაც მოხდეს. დაცვის მხარე აპელირებს, თითქოს, ამ პირის მიერ არის შესრულებული ყველაფერი.

სამუშაოები, „გრინსერვის პლუსმა“ შეასრულა, მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია „გრინსერვის პლუსსა“ და მერიის საქალაქო სამსახურს შორის. შესაბამისად, ამ სამუშაოების ხარისხზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი „გინსერვის პლუსი“ იყო და არა, ვინმე სხვა ინჟინერი, რომელსაც შესაძლოა, რამე ფორმით მიეღო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა. რა რესურსიც გამოძიებას ჰქონდა, რომ დაკავშირებოდა, ის რესურსი გამოვიყენეთ, დამატებითი ძალისხმევა არ გაგვიწევია, შესაბამისად, დამატებითი კითხვების დასმა თუ საჭირო გახდება, ჩინეთის მოქალაქესაც და სხვა პირსაც, დაესმება შეკითხვა“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).