ავტორი:

ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს თანამშრომლობა დასრულდება. მე ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ალბათ ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი. ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც ოფიციალურად დადგება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს არის პრინციპისა და ღირსების საკითხი", - განაცხადა "TV პირველის" ეთერში ხატია დეკანოიძემ.

მანამდე მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ ილპარაკა იმ განსხვავებულ ხედვებსა და "შეუთავსებლობებზე", რამაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა.

"მე მაქვს განსხვავებები ჩემს პარტიაში მენეჯმენტთან. პირველი, რაც გამოვიდა სააშკარაოზე იყო ის, თითქოს ეს მხოლოდ ბოიკოტის თემა იყო. რა თქმა უნდა, ბოიკოტის შესახებ მქონდა ძალიან განსხვავებული პოზიციები. ბოიკოტი რას ნიშნავს? - ბოიკოტში შეიძლება გახვიდე ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ერთი სასესიო კვირა, მაგრამ მუდმივად ბოიკოტში გასვლამ და შემოსვლამ, იმდენად გაცვეთილი სახე მიიღო, რომ ადამიანები აღარც აღიქვამენ. მე მესმის, რომ ამ პარლამენტს სერიოზულად აქვს იმიჯი დაკარგული და ეს გარკვეულწილად ჩვენი ბრალიცაა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრს ვიბრძვით იქ. თუ ჩვენ შევედით პარლამენტში, ეს პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. განსხვავებული იყო ბოიკოტზე და როდესაც ჩემი მოსაზრებები არ იქნა გათვალისწინებული რამდენჯერმე, რა თქმა უნდა, დადგა საკითხი, რომ საერთოდ შეუთავსებელია საპარლამენტო საქმიანობაზე ჩვენი პარალელური გზები.

მეორე საკითხი იყო ძალიან სერიოზული, მე არ ვეთანხმებოდი თავმჯდომარის კანდიდატურას. პიროვნული არავისთან არაფერი არ მაქვს საერთოდ, პირიქით, მე მივიჩნევდი, რომ ლევანი არის ძალიან კარგი აქტივისტი ანტიკორუფციონერი და საკრებულოში ძალიან კარგი იყო.

მესამე ეს იყო პოლიტსაბჭოს არჩევნების თემა, როდესაც პოლიტსაბჭოს არჩევნები ჩატარდა გაუმჭვირვალედ და მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა პოსტფაქტუმ გავიგეთ ამის შესახებ. ამაზე მე ჩემს კოლეგებთან საუბარი მქონდა.

ბოლო საკითხი იყო 9 აპრილის აქცია. მე არ ვეთანხმები იმ ფორმას, რა ფორმითაც იქნა გამოცხადებული ეს აქცია. ვფიქრობ, რომ შეიძლება დაზიანდეს საერთო პროცესი." - აღნიშნა პოლიტიკოსმა.