ავტორი:

"ხელისუფლებას აფიქრებს მომავალი არჩევნები... ყველაზე ნაღდი იქნება მომავალი გამარჯვებისთვის, რომ მათ მოიპოვონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი" - სალომე ზურაბიშვილი

"ხელისუფლებას აფიქრებს მომავალი არჩევნები... ყველაზე ნაღდი იქნება მომავალი გამარჯვებისთვის, რომ მათ მოიპოვონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი" - სალომე ზურაბიშვილი

"ხელისუფლება უნდა დარჩეს იმ გზაზე, რაც აირჩია და რისთვისაც მიიღო მანდატი, ეს არის ელემენტარული დემოკრატიული პრინციპები", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს არ შეიძლება, რომ მეორედ ეთქვას უარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რომ ეს სტრატეგიული თვალსაზრისით შეცდომა იქნება და არასწორი გზავნილი იქნება რუსეთისთვის.

"პირველი უარი მგონი ცოტა უსამართლოდ იყო განცდილი საქართველოს მოსახლეობისგან, მაგრამ გასაგები იყო, რომ რაღაცებში არ გამოვხატეთ პოლიტიკური ნება და შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული.

გადაწყვეტილება უსამართლო იყო [ევროკავშირთან] დაახლოებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაგრამ რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, შარლ მიშლის დოკუმენტის ხელაღებით გადაგდების შემდეგ, პოლიტიკური ნება ნაკლებად იგრძნობოდა. მოლდოვის მიმართ იყო განცდა, რომ ყველაფერს აკეთებს. შეიძლება ისე წინ წასული არაა, მაგრამ მისი ხელისუფლების პოლიტიკური ნება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

ჩემი მოგზაურობის მიზანი იყო ამეხსნა, რომ ყველაფრის - თუნდაც ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილების და რიტორიკის მიუხედავად, საქართველოსთვის უარის თქმა მეორედ არ შეიძლება სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენი იზოლაციაში გადასროლა სტრატეგიულად არ შეიძლება. საქართველო დღეს ისეთ რეგიონშია, რომ საჭიროა სტაბილურობისთვის და არა მეორე ფრონტისთვის. ჩვენი სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი უარის თქმამ შეიძლება ჩვენს შიდა სტაბილურობაზე იმოქმედოს და მოვლენები სხვანაირად წავიდეს.

ჩვენმა მოსახლეობამ ყველანაირად აჩვენა, სად არის, საით მიდის. ერთი მხრივ, ეს უნდა იყოს აღიარებული, მეორე მხრივ კი ეს [სტატუსის არმინიჭება] იქნება ანტი სიგნალი რუსეთისთვის. არ შეიძლება რუსეთს მისცე განცდა, რომ საქართველო ისე მჭიდროდ აღარაა დაკავშირებული ევროპასთან და ამერიკასთან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ასხივებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება 12 რეკომენდაციის შესრულების პოლიტიკურ ნებას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ „არ ასხივებს, თუმცა ხელისუფლება იქამდე უნდა იყოს მიყვანილი, რომ დაპირებების ერთგული იყოს“.

მანვე გაიხსენა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩაწერა კონსტიტუციაში ქვეყნის ევროინტეგრაციული კურსის და ამ კურსს უნდა გაჰყვეს.

"ხელისუფლებას აფიქრებს მომავალი არჩევნები, ჰოდა, ყველაზე ნაღდი იქნება მომავალი გამარჯვებისთვის, რომ მათ მოიპოვონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი... არავის აურჩევია ეს ხელისუფლება იმისთვის, რომ გაუშვას ეს ისტორიული შანსი ხელიდან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.