ავტორი:

"ეს ბედნიერი დასასრულია... დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი" - საოცარი ისტორია ქართველ ტყუპ დებზე, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს

"ეს ბედნიერი დასასრულია... დედა საზღვარგარეთაა და იქ გაიგო ყველაფერი" - საოცარი ისტორია ქართველ ტყუპ დებზე, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი, 20 წლის შემდეგ კი მშობლები იპოვეს

2022 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც 20 წლის ტყუპი და, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი იპოვეს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდნენ.

ტყუპები 20 წლის წინ სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს, ანო სართანია - თბილისში, თამარ ხვიტია კი ზუგდიდში.

14 წლის ასაკში გოგონებს უცნობმა ქალმა ერთმანეთის ფოტოები გაუგზავნა და მისწერა, რომ მას ძალიან ჰგავდა. წლების შემდეგ, ტიკტოკზე, თამარის ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ჩანდა, რომ გოგონამ პირსინგი გაიკეთა, ასე იპოვეს ერთმანეთი...

გოგონებს თავიდან ეგონათ, რომ უბრალოდ, გავდნენ ერთმანეთს, ეჭვი მაშინ გაუჩნდათ, როცა გაიგეს, ორივე ჩხოროწყუში დაიბადა.

თამარს დედის მეგობარმა უთხრა, რომ ნაშვილებია. ანოს მაინც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ დედამისის შვილი იყო და უბრალოდ, ქალს მშობიარობისას თამარი წაართვეს. ანომ ბიძაშვილს მიწერა, იყო თუ არა აყვანილი, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. გოგონა მაშინ მიხვდა, რომ ნაშვილები იყო. მოგვიანებით ყველაფერი ბებიამ დაუდასტურა, უთხრა, რომ აღმზრდელ დედას ორი წლის მანძილზე უნდოდა ამის თქმა...

ბიოლოგიური მშობლების ძებნა დებმა ერთი წლის შემდეგ დაიწყეს. ჯგუფში „ვეძებ,“ რომელიც ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ წლების წინ დააფუძნა და უამრავ ადამიანს ეხმარება ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში. გამონაკლისი არც დები აღმოჩნდნენ...

თამარ და ანო ხვიტიები

2022 წელი, 12 ოქტომბერი, ჯგუფში „ვეძებ,“ იდენტური ტყუპები საერთო პოსტს აქვეყნებენ, სადაც წერია:

- გამარჯობა. მე და ჩემი ტყუპი და ვეძებთ ბიოლოგიურ მშობლებს. როგორც ვიცით, #2002წლის24ივნისს #კირცხში ვართ დაბადებულები. მაგრამ სანდო რამდენადაა, არ ვიცით, რადგან ჩემი დაბადების თარიღი არ ემთხვევა ჩემი დისას. ცალ-ცალკე ვართ გაშვილებულები და რა თქმა უნდა, ორი რადიკალურად განსხვავებული ისტორიაა შეთხზული. გვარებიც სხვადასხვა ვიცით: #ჭითანავა და #გახარია. შესაძლებელია გვყავდეს უფროსი და-ძმები. სამშობიაროში არანაირი საბუთი არ არის, სადაც ფიგურირებს ბიოლოგიური დედა. ისეა, თითქოს ჩვენმა გამზრდელმა დედებმა გაგვაჩინეს. ვინმეს ეს ისტორია თუ გეცნობათ, ან დრო ემთხვევა, შეგვეხმიანეთ...

2023 წელი, 25 მარტი, თამარმა და ანომ ბიოლოგიური მშობლები იპოვეს... ჯგუფში „ვეძებ“ დების კიდევ ერთი სტატუსი გამოქვეყნდა, ამჯერად ერთსიტყვიანი.

"ვიპოვეთ..."

AMBEBI.GE თამარ ხვიტიას დაუკავშირდა. გოგონა დაოჯახებულია და ახლა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ქვევით მოგვიყვება, რა გზა გაიარა ბიოლოგიური მშობლების საპოვნელად.

თამარ ხვიტია:

- როგორც კი ბიოლოგიური მშობლების ძებნა დავიწყეთ, პირველი რაც გავაკეთეთ, ჯგუფში „ვეძებ“ პოსტი გამოვაქვეყნეთ. ამ დროს გამოგვეხმაურა გოგონა, რომელიც სავარაუდოდ ჩვენი და უნდა ყოფილიყო. შემდეგ ტესტი გავიკეთეთ და დღეს დილას მოვიდა დადებითი პასუხი. ოღონდ ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა, იყო ბევრი ხელის შეშლა, მასთან ოქტომბრიდან კონტაქტი გვქონდა, სანამ გავარკვევდით, რომ ნამდვილად ბიოლოგიური და იყო.

- თამარ, სულ რამდენი და-ძმა ხართ?

- ხუთი დედმამიშვილი აღმოვჩნდით. ტყუპი და და ასევე გვყავს ერთი ძმა და ორი და.

- როგორ მოხდა თქვენი გაშვილება?

- როგორც გვითხრეს, ბიოლოგიურმა მამამ იცოდა, რომ მე ზუგდიდში ვიყავი გაშვილებული. ბიოლოგიური ოჯახი ჩხოროწყუში ცხოვრობდა. მამა ხშირად ჩამოდიოდა ზუგდიდში, რომ შორიდან დავენახე. დედა საზღვარგარეთ არის და ახლახანს გაიგო ყველაფერი. თუმცა იცოდა, რომ შვილები ცოცხალი ჰყავდა, სამწუხაროდ, მოუწია ბავშვების დატოვება რაღაც მიზეზების გამო, უფრო მამის ბრალი იყო ყველაფერი. ჩემი უმცროსი დაც უცხოეთშია დედასთან ერთად.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც წარსულის შესახებ უფრო მეტი დეტალი შეიტყვეთ?

- საერთოდ, რთულ სიტუაციაში ადამიანი როგორ მოიქცევა არავინ იცის, უნდა გაუგო. მე და ჩემ ტყუპისცალ დას გვყავს საოცარი აღმზრდელი მშობლები. ჩემთვის ეგრეა, რომ აღმზრდელი დედა ვინც არის, ის არის ნამდვილი დედაც და მშობელიც. მესმის იმ ადამიანის, რომ ბიოლოგიური დედაა და მე მყავს ბიოლოგიური დედა. მე და ანო ორივე, როგორც დედისერთები, ისე გავიზარდეთ, ახლა დრო დაგვჭირდება, რომ ჩვენი ბიოლოგიური და-ძმები მივიღოთ.

- ჯგუფში „ვეძებ“ ის ადამიანები, ვინც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებენ, ხშირად წერენ, ოღონდ იპოვონ და აუცილებლად აპატიებენ, რომ გააშვილეს. თქვენი რას ფიქრობთ ამ თემაზე?

- ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ პატიებაც არ ჰქვია, უფრო ბედნიერი დასასრულია.

- თქვენმა დამ, რომელიც გამოგეხმაურათ, იცოდა, რომ მის მშობლებს ტყუპი გოგონები გაშვილებული ჰყავდა?

- მან იცოდა, რომ დედა ორსულად იყო ტყუპებზე, თუმცა სანამ გვიპოვიდა, ერთი წლით ადრე გაიგო, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ და გააშვილეს. როდესაც ჩვენი პოსტი ნახა, მისი დების ისტორიას ყველაფერი დაემთხვა - თარიღი, წელი და სამშობიარო... ასე ვიპოვეთ ერთმანეთი. მე დაოჯახებული ვარ, მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ, ჩემი და ოჯახთან ერთად ცხოვრობს.