ავტორი:

"პუტინი აგრძელებს მცდელობებს უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად და უარყოფს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების იდეას" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

"პუტინი აგრძელებს მცდელობებს უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად და უარყოფს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების იდეას" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აგრძელებს მცდელობებს უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად და როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში მიაღწევს, - ამის შესახებ ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

"პუტინი, როგორც ჩანს, უარყოფს დასავლურ დისკურსში გავრცელებულ იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს ან მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ვერ დაარწმუნეს ის, რომ უნდა განიხილოს კონფლიქტის მოგვარების რაიმე კომპრომისი. პუტინი ფოკუსირებულია თავდაპირველი მიზნების გაჭიანურებული კონფლიქტის გზით მიღწევაზე, რომელშიც ის იმარჯვებს ძალის გამოყენებით უკრაინისთვის საკუთარი ნების მოხვევის ან დასავლეთის მიერ კიევის მიტოვების შემდეგ უკრაინის ნების გატეხვის გზით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ დაარწმუნოს პუტინი მისაღები პირობებით მოლაპარაკებების აუცილებლობაში.

"რუსეთის შეტევითი ოპერაციების გაგრძელება ბახმუტისა და ავდიივკას ირგვლივ, ისევე როგორც ლუგანსკის და დასავლეთ დონეცკის ფრონტის ხაზების გასწვრივ, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პუტინი რჩება გაჭიანურებულ ომში გამარჯვების მიღწევის ერთგული, რომლის შედეგს, დიდწილად, ადგილზე არსებული სამხედრო რეალობები განსაზღვრავს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინას სამი ვარიანტი აქვს: შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რაც გამოიწვევს კატასტროფულ დამარცხებას; განაგრძოს შეზღუდული სამხედრო ოპერაციების ჩატარება მხოლოდ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს წაახალისებს პუტინს შემდგომი თავდასხმებისკენ; წამოიწყოს კონტრშეტევა, რათა დაარწმუნოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში, ან შექმნას ისეთი სამხედრო რეალობა, რომ კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა შეძლონ კონფლიქტის ეფექტურად გაყინვა პუტინის გადაწყვეტილების მიუხედავად.