ავტორი:

"აქ "ფრანკლინის კლუბს" ერჩიან, ამ დროს მათი შვილები ფრანკლინის დაარსებულ წამყვან უნივერსიტეტში სწავლობენ" - რატომ ჩამოვიდა ბერბოკი და რით აიხსნება დასავლეთისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება?

"აქ "ფრანკლინის კლუბს" ერჩიან, ამ დროს მათი შვილები ფრანკლინის დაარსებულ წამყვან უნივერსიტეტში სწავლობენ" - რატომ ჩამოვიდა ბერბოკი და რით აიხსნება დასავლეთისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება?

"საქართველო ევროკავშირს განეკუთვნება. ეს მან მკაფიოდ დაადასტურა არა მარტო ბოლო კვირებში, არამედ ბოლო წლებშიც. ქართველი ხალხის ადგილი ევროკავშირშია", - განაცხადა თბილისში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. მისი თქმით, ეს იყო მთავარი გზავნილი, რომლის გამოც გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა. გერმანელმა მინისტრმა საქართველოს შეახსენა, რომ ახლა ისტორიული მომენტია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის "ფართოდ გაიხსნა" და უახლოესი თვეების მთავარი ამოცანა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის შესრულებაა, რასაც ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. "მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ხილვა ევროკავშირში. გვინდა თქვენი მეგზურები ვიყოთ ამ გზაზე", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია, მაგრამ ვერ შემოკლდება, ამიტომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკომისიის დათქმული 12 პირობა. გერმანელ მინისტრს საკმაოდ დატვირთული ვიზიტი ჰქონდა: ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ქართველ კოლეგას, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში. ამ ვიზიტს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს:

- ერთია, რა განაცხადა საჯაროდ პრესისა და საზოგადოებისთვის და მეორე, რა თქვა ქალბატონმა მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. იმას, რაც მოვისმინეთ ანალენა ბერბოკისგან, ფაქტობრივად, ვისმენთ თითქმის ყველა ევროპელი პოლიტიკოსისგან, ევროპარლამენტისგან თუ სხვა ევროპული სტრუქტურებისგან. მას შეეძლო გერმანიაშიც ეთქვა, რომ ევროპა მზად არის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებისთვის და რომ ახლა ჯერი მართლაც საქართველოზეა. ევროკომისიის დაწესებულ 12 პუნქტზე ჩვენი პარტნიორები მუდმივად ილაპარაკებენ, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ დადგება დღის წესრიგში მათი შესრულების შეფასება, ეს კი, ალბათ, ამ წლის დეკემბრისთვის იქნება. მთავარია, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რა და როგორ თქვა დახურულ კარს მიღმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. ჩემი აზრით, არ იქნებოდა მარტივი საუბრები.

ვფიქრობ, ლაპარაკი იქნებოდა არა მარტო 12 პუნქტის შესრულებაზე, არამედ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესზე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ასეთი მასშტაბური და გავეშებული ანტიდასავლური პროპაგანდა, როგორიც დღეს არის. ვიღაცისთვის ეს პრორუსული პროპაგანდაა, ვიღაცისთვის ნეიტრალური პოლიტიკის მაგალითი, ვიღაცისთვის "ღირსების საკითხი", მაგრამ საბოლოოდ ამას აერთიანებს ერთი ნომინალი - ანტიდასავლური პროპაგანდა. ამის არდაკავშირება იმასთან, რაც ხდება უკრაინაში, თუ ჩვენსა და რუსეთს შორის, ალბათ, დიდი გულუბრყვილობა იქნება. ვფიქრობ, ამ თემაზეც იქნებოდა ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, მძიმე საუბარი გაიმართებოდა პრემიერსა და ბერბოკს შორის. თუ ასე არ ყოფილა, საქართველოში მისი ჩამოსვლის აზრსა და მიზანს ვერ ვხედავ. სხვათა შორის, ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. სამწუხაროა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობა" ისევ ბოიკოტზე ლაპარაკობს, არადა, მოწოდებაში, რომ საჭიროა დეპოლარიზაცია, ისიც იგულისხმება. აუცილებელია ითანამშრომლონ და იმუშაონ პარლამენტში ხელისუფლებასთან ერთად 12 პუნქტის შესასრულებლად. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია. ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. თუ აკვირდებით სახელისუფლებო მედიას ან ხელისუფლებასთან აფილირებულ ექსპერტებს, ჩინეთ-რუსეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ მათი რიტორიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ცდილობენ გააჩინონ იმის მოლოდინი, რომ ეს ორი ქვეყანა ერთ ტანდემად იქცევა და დაამარცხებს უკრაინასა და დასავლეთს. არადა, ოდნავ თუ მაინც ერკვევი გეოპოლიტიკაში, ცხადია, ჩინეთს რუსეთის გამარჯვება არ აწყობს, შესაძლოა არც დასავლეთის, მაგრამ რუსეთი მისი ბუნებრივი მოკავშირე ვერასდროს გახდება. მათი ეკონომიკური შეთანხმებები მხოლოდ რუსული ბაზრის ჩინურ ექსპანსიას ემსახურება. აი, ამას ცდილობს ახლა ჩინეთი. მას აწყობს შექმნილი ვითარება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტად მოითბოს ხელი.

- ქალბატონმა ბერბოკმა განაცხადა, რომ "მეტად შთამბეჭდავი იყო პროევროპული განწყობა, რაც თბილისის ქუჩებში მასშტაბურ აქციებზე გამოჩნდა ევროპული ღირებულებების დაცვისას". პრესკონფერენციაზე, სადაც მან ეს ბრძანა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის დროშა არა მარტო საპროტესტო აქციებზე, არამედ ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებსო. თუმცა ამის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ აქციები რადიკალური ოპოზიციის მართული იყო და რაც ყველაზე სამწუხაროა, ცდილობენ ამ აქციების ბირთვის, ახალგაზრდების დისკრედიტაციას. რით აიხსნება ხელისუფლების ეს გაორებული რიტორიკა, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "შიზოფრენიულადაც" კი მოიხსენია?

- ჩემი აზრით, ყოველივე ეს ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. დღეს მეტი სადარდებელი ხელისუფლებას არა აქვს. მართლაც აბსურდია, აქ, თბილისში, "ფრანკლინის კლუბს" რომ ერჩიან და გაიძახიან, რა საერთო აქვს საქართველოსთან ფრანკლინსო, და ამ დროს მათი შვილები ფრანკლინის დაარსებულ წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობენ. იცით, ამან რა გამახსენა, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნების შვილების 90%, სტალინიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ გარბოდა. იგივე მეორდება აქაც. ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის არის თურმე დასავლეთი უბედურება, მაგრამ სახელისუფლებო გუნდისა და მათი შვილებისთვის საფუძვლიანი და თანამედროვე განათლების კერაა. მშვენივრად იციან, რომ ბევრად ჯობს ფრანკლინის დაარსებულ უნივერსიტეტში განათლების მიღება, ვიდრე რომელიმე ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. საკუთარი შვილებისთვის ისინი ყველაფერ კარგს უზრუნველყოფენ. აიღეთ ბიძინა ივანიშვილი. როგორც ვიცი, ამჟამად მისი არც ერთი შვილი საქართველოში არ ცხოვრობს და აქ არც განათლება მიუღიათ. თუ ორმაგ სტანდარტზეა ლაპარაკი, ამაზე მეტი ორმაგი სტანდარტი ვერც წარმომიდგენია. საკუთარი თავისთვის უნდათ დასავლეთი, იქაური განათლება, ცხოვრების დონე, დემოკრატიული განვითარება, რაშიც ვერ გაამტყუნებ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს არ სურთ.

წინააღმდეგი კი არ იქნებიან, თუ სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ ამასთანავე, გარანტია სჭირდებათ, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ. დღეს ხელისუფლება თვითიზოლაციაშია. მარტის მოვლენებს დააკვირდით, იმას, რაც გაშუქდა, გარდა ხელისუფლებასთან აფილირებული ჩაკეტილი წრისა, მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ვერც ექსპერტი მოძებნეს, ვერც საზოგადო მოღვაწე, ვინც მაგათ ე.წ. აგენტების კანონს გაამართლებდა.

ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ლამის მთელი ახალგაზრდობა სატანისტებად მონათლეს. ძალიან საყურადღებო იყო ბატონი რისმაგ გორდეზიანის ინტერვიუ, რომელშიც ბრძანა, 60 წელია უნივერსიტეტში ვარ და არ მინახავს რომელიმე რექტორს, ლექტორს ან მინისტრს, როგორი მკაცრი ხელიც არ უნდა ჰქონოდა, გავლენა მოეხდინა სტუდენტურ მოძრაობაზეო. სრულად ვეთანხმები - 1978 წლიდან მოყოლებული, როდესაც ახალგაზრდობა ქუჩაში ქართული ენის დასაცავად გავიდა, ვერავინ შეძლო მათი შეჩერება, მათ წინააღმდეგ არაფერი მუშაობს. ამიტომაც აშინებთ ასე ძალიან ეს მოძრაობა.

შეგახსენებთ, 2024 წელს არჩევნები პროპორციული წესით გაიმართება. ცხადზე ცხადია, რომ "ქართული ოცნება" ვერ მიიღებს 50%-ზე მეტ მხარდაჭერას, რათა ძალაუფლება ერთპიროვნულად შეინარჩუნოს. მათ ეს ვერ შეძლეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, როდესაც 46% აიღეს და უმრავლესობის პრობლემა მაჟორიტარებით გადაწყვიტეს. აი, ეს პრობლემა აქვთ და აღარ იციან, რა ქნან.

ერთადერთ შანსს, რომ მიიღონ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა "ქართული ოცნება" ხედავს იმაში, რომ დარჩეს ერთი-ერთზე "ნაციონალურ მოძრაობასთან", მით უფრო ასეთთან, რომელშიც სააკაშვილს ანაცვლებენ კეზერაშვილ-მერაბიშვილი. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაუშვან მესამე ძალის ფორმირება. სურთ ამ ორმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და გაუნაწილებელი მანდატებით მოახერხონ უმრავლესობის მოპოვება.

- ამ ლოგიკით შეიძლება ითქვას, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ შესაძლოა დასავლეთმა ხელი შეუწყოს მესამე ძალის გენერირებას და ამიტომაც წამოიწყო ეს კამპანია?

- რა თქმა უნდა. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. მარტამდე შედარებით მშვიდად იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკური სპექტრის დაშოშმინებას მოახერხებდნენ, მაგრამ გამოჩნდა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ახალგაზრდობა, რომელზეც ზეგავლენა შეუძლებელია. გააგრძლეთ კითხვა