ავტორი:

"ღვედი არ მეკეთა... მახსოვს ძლიერი შეჯახება - ამის შემდეგ, ვეღარ ვხედავდი. გავითიშე... " - მძიმე ისტორია, რომელიც მოგვიწოდებს: არ დავუშვათ შეცდომა!

"ღვედი არ მეკეთა... მახსოვს ძლიერი შეჯახება - ამის შემდეგ, ვეღარ ვხედავდი. გავითიშე... " - მძიმე ისტორია, რომელიც მოგვიწოდებს: არ დავუშვათ შეცდომა!

საქართველოში საგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული დაშავებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 20%-ით შემცირდა. მაგალითისთვის, 2022 წელს თბილისში, წინა წელთან შედარებით დაშავებულთა და საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 6%-ით, შემთხვევების მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება სახელდება და ასევე უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობით არის გამოწვეული. მიუხედავად შედარებით გაუმჯობესებული სტატისტიკისა, აღნიშნული ტენდენცია მიანიშნებს, რომ მეტი ფოკუსირება და ძალისხმევა არის საჭირო საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად.

ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობადობის კიდევ მეტად გაზრდის მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაწყებულია საკომუნიკაციო კამპანია "უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“.

კამპანიის ფარგლებში ემოციურ ისტორიებს ყვებიან ის ადამიანები, რომლებიც საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზარალდნენ. მათი რეალური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევამ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება შეიძლება წამებში რადიკალურად შეცვალოს.

"არ გაიმეორო შეცდომა“- ასეთია კამპანიის და მასში ჩართული ადამიანების მთავარი სათქმელი. მათ სჯერათ, რომ ადამიანებს გულთან უფრო ახლოს მიაქვთ პირადად მოსმენილი მძიმე ისტორიები და ამ ისტორიის გამომწვევ მიზეზებს უფრო კრიტიკულად აფასებენ. სწორედ ამიტომ ფოტო ისტორიების გმირებმა ძალიან მტკივნეული და საბედისწერო დღეები გაიხსენეს და საზოგადოებას საკუთარი საგზაო შემთხვევების და შედეგების დეტალებს უზიარებენ.

გთავაზობთ ერთ საბედისწერო ისტორიას, რომლის მონაწილეც ნატალია გორგიშელი აღმოჩნდა. მისი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა და მძღოლის მიერ საგზაო უსაფრთხოების წესის დარღვევა იყო.

"2010 წლის 19 დეკემბერი იყო, ძალიან სწრაფად მოვდიოდით ბელიაშვილის გზატკეცილზე, ღვედი არ მეკეთა. ჩვენ წინ სატვირთო მანქანა მიდიოდა და გადასწრება გვინდოდა, საპირისპირო ზოლი ცარიელი გვეგონა და გადავედით, მაგრამ დავინახეთ, რომ ჩვენსკენ, ასევე ძალიან სწრაფად, სხვა ავტომობილი მოდიოდა. რომ არ დავჯახებულიყავით, გზიდან გადავედით. მერე მახსოვს ძლიერი შეჯახება - ამის შემდეგ, ვეღარ ვხედავდი. გავითიშე.

ხუთი დღე რეანიმაციაში ვიყავი. ყველაზე მეტად სახე და თავი მქონდა დაშავებული. სამწუხაროდ, ხუთი დღის განმავლობაში აზრად არავის მოსვლია ჩემთვის თვალები შეემოწმებინა. არადა, თურმე, შუშებით მქონდა სავსე. კომაში ვიყავი, თვალები დახუჭული მქონდა, მაგრამ მაინც ვამოძრავებდი, რაც ბუნებრივია და ამდენი დღის შედეგად, თვალები მთლიანად დამესერა. მეხუთე დღეს სისხლიც წამსკდა და მხოლოდ ამის შემდეგ ნახეს, რომ შიგნით უამრავი შუშა მქონდა. ავარიის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი უმძიმესი დღე გავიარე, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს. დღეს უამრავ პროექტსა და ტრენინგში ვარ ჩართული და ვცდილობ დავეხმარო მათ, ვისაც ეს სჭირდება. გთხოვ, არ გაიმეორო შეცდომა - გაიკეთე ღვედი.“

საქართველოში 2016 წლიდან სავალდებულო გახდა უსაფრთხოების ღვედის გამოყენება, თუმცა ეს არ უკავშირდება ბავშვის სამგზავრო სავარძლის სავალდებულო გამოყენებას, შესაბამისად, ძალიან მცირეა იმ მშობელთა რიცხვი, რომლებიც იყენებენ სამგზავრო სავარძლებს ბავშვების უსაფრთხოებისთვის. იმისთვის რომ საზოგადოებაში მოხდეს ცნობიერების ამაღლება და სწორად ინფორმირება, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მგზავრებს, მათ შორის მშობლების მოუწოდებენ - არ გარისკონ ყველაზე დაუცველი მგზავრების სიცოცხლე და არ დასვან ბავშვები მათთვის შეუსაბამო ადგილზე ავტომობილში.

ბავშვის უსაფრთხოების სავარძელთან და ღვედთან დაკავშირებულ შემთხვევის მაგალითს იხსენებს თამთა დოლიძე, "რუსთავი 2" - ის კორესპონდენტი, რომელსაც ავტოშემთხვევა ქალაქ ბათუმში გასულ წელს მოუვიდა. ავარიისას ძლიერმა დარტყმამ ავტომობილი რამდენჯერმე დატრიალდა, თამთა კი მანქანის გვერდითა ფანჯრიდან გადმოვვარდა.

"იმდენად დიდი დაზიანებები მივიღე, რამდენიმე თვე წოლითი რეჟიმი მქონდა. ამ ამბის ბედნიერი ნაწილი ის არის, რომ ჩვენი 2 თვის შვილს საერთოდ არაფერი გაუგია და არანაირი დაზიანება არ მიუღია. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ის მანქანის სპეციალურ სავარძელში იჯდა“, - ამბობს თამთა.

საგზაო უსაფრთხოების საკითხი თითოეული გზით მოსარგებლე პირის პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, კამპანიის მიზანია დააფიქროს და შეახსენოს საზოგადოებას თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საგზაო რეგულაციების დაუცველობამ, მათ შორის იგულისხმება სიჩქარის გადაჭარბებით, ნასვამ მდგომარეობაში და უსაფრთხოების ღვედის გარეშე ავტომობილის მართვა.

საგზაო უსაფრთხოების კამპანია " უკეთესი და უსაფრთო გზები საქართველოსთვის“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და მისი ბანკის, EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.