ავტორი:

"ჩემი მეუღლე ჩემთვის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და დასაყრდენია" - ნინო ლომჯარია ბავშვობაზე, ოჯახზე, სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულზე

"ჩემი მეუღლე ჩემთვის  ყველაზე დიდი მხარდამჭერი და დასაყრდენია" - ნინო ლომჯარია ბავშვობაზე, ოჯახზე, სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულზე

მან სულ ახლახან დატოვა სახალხო დამცველის პოსტი, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს პოზიცია მისი ცხოვრების სამსახური და მთავარი მისია იყო. მიაჩნია, რომ მისთვის ახლა უფრო მეტი შესაძლებლობები იხსნება და თანამდებობაზე დაგროვილი დიდი გამოცდილებით შეიძლება მეტი საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე აკეთოს. მაგალითად, გაათმაგებულად იმუშაოს თუნდაც იმაზე, რომ საქართველომ საუკუნეობით ნაოცნებარი ევროკავშირის სტატუსი მიიღოს.

"ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანის თავისუფლებაა, ასევე, ძალიან ღირებულია სამშობლოს განცდა. ვამჩნევ, რომ ადამიანები სხვანაირად მხედავენ, ვიდრე მე ვხედავ ჩემს თავს. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა ჩემნაირი ადამიანების სხვანაირად დახატვას ცდილობს, ყველაფერი რაც გამიკეთებია და რისი გაკეთებაც შემიძლია ისაა, რომ მინდა, ჩემი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორსაც იმსახურებს, ღირსეულ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება უნდა გვქონდეს“, - მეუბნება და გულწრფელად აღნიშნავს, რომ ყოველთვის უჭირდა ემოციებისა და საქმის ერთმანეთისგან გამიჯვნა, თუმცა დროთა განმავლობაში ემპათიის თანხლებით პროფესიონალური მიდგომის გამომუშავება და საკუთარი ემოციებისა და თავის დაზოგვაც ისწავლა.

ვიდრე ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია სამომავლო გეგმებს გაგვიმხელდა, მანამდე მის აქტიურ და ლამაზი ფერებით სავსე ბავშვობას იხსენებს:

  • "ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი"

- დავიბადე გურიაში, კერძოდ - ოზურგეთში. დედის მხარე მთიულები და ხევსურები მყავს, ამიტომ ორივე ძალიან ჩემია. არდადეგებს თიანეთში ვატარებდი და ძალიან მიყვარს იქაურობა. ჩემი ბავშვობა საქართველოს ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა - 90-იან წლებს. ბავშვობის პირველი მოგონებები 9 აპრილამდელ მოვლენებს უკავშირდება, როცა მამას ბაღიდან გამოვყავდი და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მიტინგებზე დავყავდი. ერთი ძმა მყავს, დედა ქართულის მასწავლებელია, მამა - არქიტექტორი და ისინი დღემდე თავიანთი პროფესიით მუშაობენ. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, პატარაობიდანვე ჯერ ეზოს ბავშვებთან ერთად ვატარებდით კონცერტებს, ვდგამდით სპექტაკლებს, მე-5 კლასიდან ვწერდი ჩვენი კლასის საახალწლო, სადღესასწაულო პროგრამებს, სცენარებს.

ცოტა რომ წამოვიზარდე, კრიტიკულ მასალებს ვამზადებდი საგანმანათლებლო სისტემაზე, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, მწვავედ ვაკრიტიკებდი ყველაფერს, გადაცემებსაც ვაკეთებდით - ახალგაზრდული წრე იყო, რომელიც მხარდაჭერილი იყო დონორების მიერ და იმ 90-იან წლებში ძალიან ნათელი სხივი იყო ჩვენნაირი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სკოლის გარეთ აქტივობებში ჩართვა გვინდოდა. მახსოვს, ბავშვობიდან ვაკეთებდი ისეთ საქმეს, რაც აბრაზებდა სკოლის დირექციას, განათლების სისტემას, მერიას, ვინაიდან ყველა გადაცემის ან გაზეთის დაბეჭდვის შემდეგ ამ ინსტიტუტებში იყო დიდი ალიაქოთი.

მშობლები ყოველთვის დამოუკიდებლად მზრდიდნენ და მათგან ვისწავლე, რომ თანამდებობის პირი არ არის ავტორიტეტი, რომ მთავარია თავისუფლება, ღირსება, სიმართლის მსახურება და ამ მიმართულებით ყოველთვის მქონდა მათგან მხარდაჭერა, თუმცა სულ მახსენებდნენ, რომ ზომიერების გრძნობა არ დამეკარგა.

ბავშვობაში ვჟურნალისტობდი და ბევრ კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა, ოზურგეთში ვინც კი ცნობილი ადამიანი ჩამოვიდოდა, ჩამწერით ვხვდებოდი და მათგან ინტერვიუს ვიღებდი. ალბათ ჟურნალისტიც გავხდებოდი, რომ არა სკოლის ბოლო წლები, როცა საია-ს ოზურგეთის ფილიალში დავიწყე სიარული, სადაც იმიტირებულ სასამართლო პროცესებს მართავდნენ ბავშვთა უფლებებზე. მეც ჩავერთე და მანდ მივხვდი, თურმე რა მაინტერესებს. იმ წლებში მე და ჩემმა გუნდმა საქართველოს თითქმის ყველა ეროვნული ოლიმპიადა მოვიგეთ და წლის საუკეთესო მონაწილედაც დავსახელდი. ჩვენს ბავშვობაში მწირი შესაძლებლობა იყო, მაგრამ რაც იყო, ყველაფერს ვცდილობდი - დავდიოდი ცეკვისა და ქართული-ხალხური სიმღერების წრეებზე, ვუკრავდი ხალხურ საკრავებზე, ვიყავი გოგონათა ანსამბლში და გამოვდიოდი კონცერტებზე.

  • "შეიძლება იღბალიც იყო და ჩავირიცხე“

- სკოლა წარჩინებით დავამთავრე და 2001 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე (უფასო განყოფილებაზე მოვხვდი). ვისაც ახსოვს, ეს ის პერიოდია, როცა უნივერსიტეტში მოხვედრა წარმოუდგენელი იყო, ვიღაცის პროტეჟე თუ არ იყავი, დიდი ფული თუ არ გქონდა გადახდილი ან ძალიან წარმატებული თუ არ იყავი. გამოცდებისთვის რომ ვემზადებოდი, 2 წლის განმავლობაში არცერთი დღე დილის 4 საათზე ადრე არ დამიძინია, ახალი წელი იყო, ჩემი დაბადების დღე, თუ სხვა დღესასწაულები, მეცადინეობის მეტი არაფერი მიკეთებია. საბოლოოდ, ალბათ ვიცოდი 10-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ამას პროგრამა მოითხოვდა, მინდოდა, მიზნისთვის მიმეღწია და ასეც მოხდა - კარგად ჩავაბარე, შეიძლება იღბალიც იყო და ჩავირიცხე. მეხუთე წელს ავირჩიე კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება. ძალიან პოზიტიურად მახსენდება ჩემი სტუდენტობა. როცა დავამთავრე, გადავწყვიტე სამუშაოდ საია-ში წავსულიყავი, მივიჩნევდი, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ჩემი მიმართულება იყო და ამიტომ.

  • კარიერა

2004 წელს საია-ში დავიწყე სტაჟირება - მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას ვუწევდით, 2005 წლიდან ჩავერთე ანტიკორუფციულ მიმართულებაში (მთავრობის და პრეზიდენტის ხარჯების ანტიკორუფციულ მონიტორინგს ვეწეოდი და გვქონდა ძალიან კრიტიკული ანგარიშები), 2008 წლიდან გავხდი საია-ს საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი, ყველა იმ მძიმე არჩევნების დროს, რაც კი 2008 წლიდან ჩატარებულა, საია-ს მხრიდან მე ვიყავი მისიის ხელმძღვანელი და ყველა დარღვევა მახსოვს, ყველა საჩივარი ჩემი უშუალო ჩართულობით დაიწერა. 2010 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან მივიღე სტიპენდია და მაგისტრატურა აშშ-ს სამართალში ვაშინგტონის უნივერსიტეტში სენტ-ლუისში გავიარე. 2011 წელს დავბრუნდი და გავხდი ისფედის (ISFED) თავმჯდომარე, შემდეგ კი ამ ორგანიზაციის საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ ვიყავი ევროპული ქსელის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის აღმასრულებელი მდივანი, შემდეგ გენერალური აუდიტის მოადგილე გავხდი, 1 წლის შემდეგ კი - სახალხო დამცველი. ადრე თუ ჩემს კარიერაში ყველაფერს იღბალს ვაბრალებდი, რომ ვუკვირდები, საქმეში იმდენი შრომა მაქვს ჩადებული (სწავლით დაწყებული - საქმით დამთავრებული), ვიტყოდი, რომ წარმატების საწინდარი იმ საქმის სიყვარულია, რასაც ვაკეთებდი. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვირჩევდი იმ საქმეს, რაც მიყვარდა და მჯეროდა, რომ მისი კეთება სწორი იყო.

  • ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მისია

2017 წლის დეკემბერში გავხდი სახალხო დამცველი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი. შევუდექი ამ საქმიანობას და მერე წამოვიდა ზღვა სიძულვილი... ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არც მანამდე ვიყავი თავდასხმებს მოკლებული, მაგრამ ეს სიძულვილის და პირადი თავდასხმების ტალღა ცუდად მახსენდება. 2018 წელი იყო შოკისმომგვრელი, როცა ფბ-ზე პირდაპირ ვკითხულობდი მუქარებს, ჩემზე თავდასხმისა და ანგარიშსწორების გეგმებზე... ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი ცხოვრებაში ისეთს, რომ ასეთი არაბუნებრივი ზიზღი და სიძულვილი წამოსულიყო. ჩემი მოვალეობა იყო ადამიანის უფლებების საკითხების მიმართ მიუკერძოებული ვყოფილიყავი. სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ რაც არ ესმით, არის ის, რატომ არ იცავს ომბუდსმენი სახელმწიფოს. სახელმწიფოს არ იცავს სახალხო დამცველი იმიტომ, რომ მისი ვალდებულება ეს არაა, როცა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტი, ან დავაა, შენ უნდა დაიცვა მოქალაქე სახელმწიფოსგან. ომბუდსმენი არაა სასამართლო, რომ მან დაადგინოს ვინაა მტყუან-მართალი, ის ყოველთვის უნდა იყოს იმ მხარეს, ვისი უფლებებიც ირღვევა. ადამიანის უფლებების დარგის მთავარი პრინციპია, რომ უფლებები ირღვევა სახელმწიფოს მხრიდან და ადამიანს სჭირდება მისგან დაცვა. ამიტომ ეს პოზიციონირება ჩემი ვალდებულება იყო და რასაც ვაკეთებდი, მჯეროდა, რომ სწორი იყო. არასოდეს მითქვამს იმაზე მეტი, ან ნაკლები, რაც საჭირო იყო, მჯეროდა, სწორად ვიქცეოდი. შეიძლება საჯაროდ არ მეტყობოდა, მაგრამ შინაგანად ძალიან ვნერვიულობდი, ყველა მოქალაქის საქმეს ისე ვუდგებოდი და განვიცდიდი, თითქოს ჩემი იყო. ალბათ ეს არაა სწორი, ემპათია მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იმდენად რთული საქმეა, იმდენ ადამიანს უნდა დაეხმარო, ალბათ პროფესიონალური მიდგომა მოითხოვს, საკუთარი თავი და ემოციებიც დაზოგო. მეტ-ნაკლებად შევძელი ეს მესწავლა, შეიძლება საჯაროდ არ ჩანდა, თუმცა დღემდე ვთვლი, რომ მიჭირს ემოციებისა და საქმის გამიჯვნა.

  • იარლიყი - "ნაცების" ომბუდსმენი“

- ჩემთვის პირველი იარლიყი იყო "ნაცი“... ეს ცოტა სასაცილოა, რადგან 2012 წლამდე რასაც ვაკეთებდი, იყო იმჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკა, მწვავე ოპონირება, მათ მიერ ჩადენილი საარჩევნო დარღვევების იდენტიფიცირება, ადამიანების უფლებების დაცვა... ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ძალიან მწვავე და კრიტიკული ვიყავი, ყოველთვის ვმუშაობდი მათთან, ვინც იყო ხელისუფლების ოპონენტი და როცა დღეს გეუბნებიან, შენ "ნაცი" და "ნაცების" დამცველი ხარო, თან ის ადამიანები, რომლებიც იმჟამინდელ ხელისუფლებაში იყვნენ, ამაზე ძალიან მეცინება. ეს პროპაგანდაა და არც ვიცი, როგორ უნდა დავუპირისპირდე. მგონია, ესეც ისე გაცვდა, იმდენად ბევრ ადამიანს მიაკერეს "ნაცის" იარლიყი, აღარ მოქმედებს, მაშინ გამოდის, რომ მათ გარდა ყველა "ნაცია".

  • "ეს არის იარო ქუჩაში და არავის თვალებში ჩახედვის არ შეგრცხვეს“

- 7-8 მარტის აქციებზე როცა დავდიოდი, იმდენ ადამიანს ვხედავდი, რომელთა პრობლემების გადაჭრაზეც მიმუშავია, როგორც სახალხო დამცველს, იმდენი მოდიოდა და მახსენებდა, რომ დავეხმარეთ... ოფისში როცა მუშაობ, ამას ვერ გრძნობ, ვინაიდან იმდენი პრობლემაა, მათი გადაჭრის რეჟიმში ხარ და შედეგებს ვერ გრძნობ, მაგრამ როცა ამდენ ხალხში ვიყავი და ამხელა პოზიტივს ვგრძნობდი, ეს იყო უდიდესი კმაყოფილება, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ეს ის არის, იარო ქუჩაში და არავის თვალებში ჩახედვის არ შეგრცხვეს, ამაზე მაგარი გრძნობა არაფერია. თუმცა არის გამორჩეული მომენტები, მაგალითად, როცა სურამის ფსიქიატრიულში პატიმრების არაადამიანური და შემზარავი ყოფა შევისწავლეთ. შეიძლება ახლაც არ არის იქ იდეალური მდგომარეობა, მაგრამ მაშინდელთან შედარებაც არაა. მას შემდეგ მშვიდად მეძინა, როცა ვიცოდი, ეს ადამიანები წყალში და სიცივეში არ დგანან, სველ ლეიბებზე არ სძინავთ... იყო კიდევ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ამბავი, თუ ინდივიდუალური შემთხვევები, რაზეც, ვფიქრობ, სწორი პოზიციები გვქონდა. ჩემს დროს არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაზეც რეაგირება არ გვქონოდა. ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც ხალხს დაამახსოვრდებოდა როგორც მიუკერძოებელი და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი. ზოგადად, ამ ოფისის ისტორიული მახსოვრობაა საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სახალხო დამცველები. არა მგონია, რომ ჩემი ყველაზე დიდი მისია სახალხო დამცველობა იყო, ალბათ, ყველაფერი წინაა. როცა მანდ ვმუშაობდი, არ ვფიქრობ, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებდი, წამოვედი და როცა რიგითი მოქალაქე გავხდი, მერე უფრო მეტად დავაფასე, რამდენად მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიყავი, მივხვდი, რამდენად საჭიროა ეს ინსტიტუტი და სახალხო დამცველი, რომელიც დაიცავს ჩვენს უფლებებს. ისე, ჩემს ცხოვრებაში სულ ასე იყო - სადაც ვიყავი, მეგონა, ის იყო ჩემი ცხოვრების სამსახური, თუმცა ყოველი მომდევნო სამსახური უფრო საინტერესო იყო ხოლმე. ამიტომ არ ვფიქრობ, ამით რამე დამთავრდა, მიმაჩნია, რომ ახლა უფრო მეტი შესაძლებლობები იხსნება. ამ თანამდებობაზე დიდი გამოცდილება მივიღე და ამ გამოცდილებით შეიძლება ბევრი საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთება.

  • "ამბობენ, რაჭველი კაცები კარგი მეოჯახეები არიანო და“...

- მყავს მეუღლე და 2 შვილი - 16 წლის კატო და 10 წლის ნიკოლოზი. ოჯახი საკმაოდ პატარამ შევქმენი, 21 წლისამ, შეიძლება არც ძალიან ადრეა, მაგრამ ასე ვფიქრობ... რაც დრო გადის, უკვე იმ მოსაზრებასაც ვეწინააღმდეგები, ოჯახი გვიან რომ უნდა შეიქმნას. რაც უფრო ასაკი გემატება, ოჯახური თემებისთვის ნაკლები დრო გრჩება, ამიტომ ვიდრე ახალგაზრდა ხარ, ვიდრე ენერგია გაქვს და ერთად ბევრი რამის კეთება შეგიძლია, რატომაც არა. მეუღლე ზღვაზე, ურეკში გავიცანი და 6 თვეში ოჯახიც შევქმენით. ის პროფესიით ეკონომისტია და აქვს მცირე ბიზნესი. ჩემი მეუღლე ჩემთვის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და დასაყრდენია, ის ჩემი მთავარი კრიტიკოსიცაა, მრჩეველიც და დამამშვიდებელიც. ჩვენ მსოფლმხედველობრივად გვაქვს თავსებადობა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - როცა ამხელა თავდასხმის ობიექტი ხარ, ოჯახში გჭირდება მხარდამჭერი, რომელიც გეტყვის - სწორად აკეთებ საკეთებელს და დაგამშვიდებს. მეუღლე თბილისელია და წარმოშობით რაჭველი. ამბობენ, რომ რაჭველი კაცები კარგი მეოჯახეები არიან და მე შემიძლია ეს დავადასტურო. ვფიქრობ, შვილებისთვის კარგი დედა და მეგობარი ვარ. ძალიან კარგი, პოზიტიური, ზრდილობიანი და კეთილგონიერი შვილები მყავს, მათ ცხოვრება-საქმიანობაში დიდად ჩარევა და კორექტირების შეტანა არ მჭირდება.

  • "ჩემი დიდი პაპა ქაქუცას მეგობარი ყოფილა“

- ბოლო წლებში დავიწყე ჩემი წინაპრების შესახებ ინფორმაციების მოძიება. ერთ-ერთი ინტერესია ჩემი დიდი პაპა, ბებიას მამა - ხევსური გიორგი ჭინჭარაული, რომლის შესახებაც ოჯახში მწირი ინფორმაცია გვაქვს და ვცდილობ ის გადმოცემებით, მოგონებებით შევავსო. როცა "ფეისბუქპოსტი" დავწერე და პაპას ქაქუცასთან მეგობრობის და მერე მისი ოჯახის რეპრესიის შესახებ მოვყევი, ბევრი დამიკავშირდა, რომლებმაც მითხრეს, რომ ერწო-თიანეთში იმ პერიოდში მათ ოჯახებშიც იგივე მოხდა, ახლა ერთმანეთს ვუზიარებთ ისტორიებს და თითქოს სურათი იკვრება. როგორც ვხვდები, დიდი პაპა ქაქუცას მეგობარი იყო, შესაძლოა შეფიცული ან ქაქუცას შეფიცულებს მალავდა... არ ვიცი, მაგრამ როგორც გავიგე, ერწო-თიანეთის მხარეში იმალებოდნენ შეფიცულთა რაზმის წევრები, ჩემი პაპაც წარმოშობით იქიდან იყო და როგორც ჩანს, ამის გამო იმალებოდა მრავალი წელი, მისი ოჯახი იდევნებოდა და საბოლოოდ, ის მოკლეს, მისი საფლავიც არ ვიცით. მინდა, პაპას შესახებ მეტი გავიგო. ვიცი, რომ სავარაუდოდ, ძალიან განათლებული იყო, ხოლო მასზე საუბარი იმდენად საშიში იყო, ამ საკითხზე ოჯახში დედა შვილებსაც კი არ ელაპარაკებოდა. მაქვს მეტის მოძიების ინტერესი და ზოგადად მგონია, რომ ეს 20-30-იანი წლების ისტორია არ უნდა იყოს დავიწყებული, უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკიც და არქივებში ისტორიების მოძიება-მოკითხვა. ჩვენ ხომ რეალურად არ ვიცით ისტორია, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ, არ ვიცით, რატომ მოხდა ის, რაც დაგვემართა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ამაზე დაიწყონ საუბარი.

  • რას ვაპირებ...

- სახალხო დამცველის პოზიციის დატოვების მერე ოჯახთან ერთად მოვიწყვე დასვენება, რასაც ჩემს შვილებს წლების განმავლობაში ვპირდებოდი, ვიმოგზაურეთ კიდეც... თუმცა ამ კანონის (ე.წ. გავლენის აგენტების შესახებ კანონის) ინიცირებამ გამოიწვია ის, რომ მთლიანად ამ პროცესში ჩავერთე, სრულიად მოხალისეობრივად, როგორც ერთი მოქალაქე, ვინაიდან კარგად ვიცოდი, რა მოხდა ამ კანონის მიღების შემდგომ რუსეთში და სხვა ქვეყნებში. უცებ გავიაზრე, რომ ეს ჩვენთან ხდება და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა განმეორდეს ის, რაც საქართველომ 1937 წელს გაიარა. ქართული საზოგადოება ძალიან დროულად და სწორად მიხვდა, რომ ეს კანონი უნდა გაგვეპროტესტებინა. ვიცი, რომ ეს საქართველოსთვის გაკეთდა და დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გაიაზრა, რამხელა საშინელების წინაშე ვიდექით. ვაპირებ იმ პოზიციასა და სექტორში დავრჩე, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ვიყო სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და მაქვს გეგმები ვიმუშაო იმაზე, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი, ამ სტატუსის მიღმა არ უნდა დავრჩეთ.

  • "ჩემთვის ძალიან ღირებულია თავისუფლება და სამშობლოს განცდა"

- ბავშვობიდან მიყვარს ხატვა, მაგრამ იშვიათად ვხატავ, ამ მხრივ ჩემს განვითარებაზე რატომღაც არ ვიმუშავე. ალბათ საშუალო ნიჭის ვიყავი და ვერ დავინახე, აქედან რაიმე გამოსულიყო. ხატვამ ბოლოს მაშინ გამიტაცა, კოვიდპანდემიის გამო ჩაკეტილები როცა ვიყავით. მაქვს რამდენიმე ნახატი, ოღონდ ისეთი არა, გამოსაფენად რომ ღირდეს. ვამჩნევ, რომ ადამიანები სხვანაირად მხედავენ, ვიდრე მე ვხედავ ჩემს თავს. არ ვფიქრობ, რამე განსაკუთრებული მიკეთებია ან ვაკეთებ, რასაც სხვა არ აკეთებს, მაქვს იგივე პრობლემები, როგორიც სხვებს. ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანის თავისუფლებაა, ინდივიდუალურ და ერთმანეთის თავისუფლებას უნდა ვცეთ პატივი... ასევე, ჩემთვის ძალიან ღირებულია სამშობლოს განცდა. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა ჩემნაირი ადამიანების სხვანაირად დახატვას ცდილობს (არც მინდა იმ სიტყვების გამეორება), ყველაფერი რაც გამიკეთებია და რისი გაკეთებაც მინდა ისაა, რომ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორსაც ვფიქრობ რომ იმსახურებს, ღირსეულ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება უნდა გვქონდეს. ჩვენ გვყავს უსაზღვროდ ნიჭიერი მოქალაქეები, თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ, რასაც ამტკიცებს თუნდაც ყველა ის აქცია, რომელიც მუდამ თავისუფლების დაცვას უკავშირდება. ვფიქრობ, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ვიყოთ ძალიან კარგი, შემდგარი ევროპული ტიპის სახელმწიფო, რასთანაც ძალიან ცოტა გვაშორებს, უბრალოდ, რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რთული პოლიტიკური კონტექსტი გვაქვს. მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, შეიძლება გავარღვიოთ ეს წრე და საქართველოში მალე ძალიან კარგი პროცესები წავიდეს.