ავტორი:

"აქაურობა ტყედ არის ქცეული... შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს" - ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს

"აქაურობა ტყედ არის ქცეული... შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს" - ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს

ბოლო დღეებში, ოკუპირებულ აფხაზეთში მგლებისა და ტურების დახოცვა დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი მარტიდან, პირველი ივნისის ჩათვლით გარეულ ცხოველებზე ნადირობა გამოცხადდა. ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობის თქმით, ყოველი მოკლული მგლის სანაცვლოდ პირი ჯილდოდ 5 ათას რუბლს მიიღებს, ხოლო ყოველი მოკლული ტურის სანაცვლოდ - 2500 რუბლს.

"ბოლო დღეებია, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილობრივები გარეულ ცხოველებს ხოცავენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურია ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონის მოსახლეობა, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღით მხოლოდ ერთ დღეში 180-მდე ნადირი დახოცეს და ჩააბარეს. მონადირეები მტაცებელ ნადირს აქამდეც ხოცავდნენ და სამახსოვროდ, მათ ყურებს, კუდს, ან თავს ინახავდნენ", - წერს გამოცემა abkhaz-auto.ru. ადგილობრივების თქმით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით ოჩამჩირესა და ტყვარჩელში, ტურები მომრავლებული იყო, თუმცა ბოლო ხანებში, "მგლების შემოსევაც გახშირდა." გამოცემის ცნობით, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში 174 ტურა და 5 მგელი დახოცეს.

ოჩამჩირის რაიონის ე.წ. სახელმწიფოს რაიონული ვეტსამსახურის უფროსის, ახრა ამიჩბას თქმით, "ბოლო წლებში მოსახლეობა გამუდმებით ჩივის, რომ მათი შინაური ცხოველები ხშირად ხდებიან ტურისა და მგლის ნადავლი. თუ ვერ ჭამენ, აზიანებენ, რაც ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ინფექციის კერაც გახდეს და საქონელში გავრცელდეს.

გლეხების ნაწილს, მტაცებლის გამო, საქონლისა და შინაური ფრინველის ყოლაც აღარ უნდა, არადა ეს ბევრი მათგანის ერთადერთი შემოსავალის წყაროა. არაერთხელ უთქვამთ, რომ აზრი არ აქვს წვალებას, რადგან ან მგელი შეჭამს, ან ტურა", - ამბობს ამიჩბა.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მონადირეები, უფრო ინტენსიურად ხოცავენ ტურებს, მგელი ბევრად უფრო ფრთხილი და რთულად მოსახელთებელია.

71 წლის ადგილობრივის, ვლადისლავ ჯოპუას თქმით, დიდი ხანია მტაცებელი ცხოველი ადგილობრივ მოსახლეობას ზიანს აყენებს, მაგრამ ნადირობა შედარებით უშედეგო იყო. ახლა კი, როცა ფულადი ჯილდო დააწესეს, მონადირეებს მოტივაცია გაუჩნდათ.

"ადრე აქაურობა ასეთი დაცარიელებული არ იყო. ხალხი ცხოვრობდა, ძაღლები ჰყავდათ, მიწას ამუშავებენ და გაველურებული არ ყოფილა. ხალხი ციტრუსისა და ჩაის საკრეფად, მიწის დასამუშავებლად დღე და ღამე გარეთ იყო გამოფენილი. სოფლებში ცხოვრება დუღდა. ახლა კი, ოჩამჩირეც კი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო, მიყრუებულ სოფელს ჰგავს. რამდენიმე კილომეტრს ისე გავივლით, ადამიანის ჭაჭანება არაა. ამიტომაც გაჩნდა მტაცებელი. შესაძლოა, სამეგრელოდანაც გადმოვიდა აქეთ ნადირი.

აქაურობა ტყედ არის ქცეული. ზოგიერთ ადგილას შესვლა საშიშიც კი გახდა. შესაძლოა, ნადირი დაგესხას თავს და ყოფილა ასეთი შემთხვევები", - ამბობს ადგილობრივი.

ე.წ. ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, რომან დბარის თქმით, ადგილობრივები, ნებართვის გაცემამდეც ხოცავდნენ ნადირს, თუმცა ახლა ე.წ. ხელისუფლება ამ საქმეს უფრო მეტად ახალისებს, რაც მისი აზრით, სახიფათოა.

ადგილობრივების თქმით, აფხაზეთში, თავის თავს მონადირეს უწოდებს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. იარაღი კი შინ ყოველ მეორეს აქვს.

"მათ არაფერი იციან ბუნების კანონზომიერების შესახებ. არც ის, რომ მგელი ტყის სანიტარია. ისინი აქამდეც ხოცავდნენ მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ხორცი საკვებად უვარგისია, უბრალოდ, ერთმანეთთან სატრაბახოდ. ე.წ. მონადირეები არ ცნობენ არავითარ სეზონს, არც ნადირობისთვის, აღარც თევზაობისთვის. ეს სფერო, როგორც სხვა დანარჩენი, სრულიად უკონტროლოა. დაცარიელებულ ადგილებში მართლა გაჩნდა ნადირი, მაგრამ ისინი მოსახლეობას თავს იმისთვის ესხმიან, რომ მონადირეებმა ტყებში არ დატოვეს ფრინველ-ცხოველი", - წერენ ისინი.