ავტორი:

"სააკაშვილი დღეს აიწონა და 64 კილოგრამს იწონის - ეს არის წინა მონაცემთან შედარებით, მომატებული" - რას ამბობს "ვივამედის" დირექტორი

"სააკაშვილი დღეს აიწონა და 64 კილოგრამს იწონის - ეს არის წინა მონაცემთან შედარებით, მომატებული" - რას ამბობს "ვივამედის" დირექტორი

კლინიკა "ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 64 კილოგრამსა და 400 გრამს იწონის. ჩხაიძის განმარტებით, ეს წინა მონაცემთან შედარებით, გაუმჯობესებული წონაა.

ამასთან, როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე.

"ეს არის პაციენტის პირადი ინფორმაცია, პირადი ინფორმაციის საჯაროდ დასახელება, მერე, რა თქმა უნდა, იწვევს სხვადასხვა რეაქციას პაციენტის მხრიდან. ეს აისახება მკურნალობასთან დამოკიდებულებაზე, ექიმების მიმართ დამოკიდებულებაზე. დღეს შემიძლია დავასახელო წონა და ამის შემდეგ ნუ დავასახელებთ ამ რიცხვებს, იმიტომ, რომ კლება არის თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან უარყოფითად აისახება მის დამოკიდებულებაზე ექიმებისა და ზოგადად მკურნალობის მიმართ. დღეს აიწონა და პაციენტი იწონის 64 კილოგრამსა და 400 გრამს. ეს არის წინა მონაცემთან შედარებით, მომატებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება თუ ამას რაღაც გარე ფაქტორები ხელს არ შეუშლის“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე შეფასებით, პაციენტი იმ საკვების მესამედსაც არ იღებს, რაც მას სჭირდება.

"გასაგებია, რომ ვერ იღებს პაციენტი საკვებს, თუმცა იღებს ბევრად უფრო ძნელად ასათვისებელ, გადასამუშავებელ და მოსანელებელ საკვებს, ვიდრე ვთავაზობთ ჩვენ. ჩვენ ეს ყველაზე მეტად გვაწუხებს, რომ უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე. მედიკამენტებზე, სამკურნალო დანიშნულებაზე და ასევე, სამედიცინო პროცედურებზე ამბობს უარს. ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალურად ცენტრებიდან, პირადად მე მქონდა შეთანხმება, ადამიანი, რომელიც ატარებდა ფიზიოთერაპიულ პროცედურებს და ჰქონდა ძალიან კარგი შედეგი, ტემპერატურის კლებაც იყო და ფაქტობრივად არ იყო ტემპერატურის მატება, როდესაც ეს პროცედურა უტარდებოდა და ამის შემდეგ ადამიანმა შეწყვიტა საერთოდ ამ პროცედურების გაგრძელება. ეს არის მთავარი პრობლემა. მე იმედი მაქვს, რომ პაციენტი გაითვალისწინებს ჩვენს რჩევას, ჩვენს რეკომენდაციებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულები, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.