ავტორი:

"ადამიანები მუშაობდნენ 12 პუნქტის შესრულებაზე, როცა ვაშაძე ყავას სვამდა" - ირაკლი კობახიძე

"ადამიანები მუშაობდნენ 12 პუნქტის შესრულებაზე, როცა ვაშაძე ყავას სვამდა" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით წარდგება, გაუგებარი განცხადებები მის მოხსენებაში მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არ ვიცი, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, მის გამოსვლას დაველოდოთ. სამწუხაროდ, მისი მხრიდან გაუგებარი განცხადებები ხშირად კეთდება ხოლმე. იმედია, ამ შემთხვევაში, მის მოხსენებაში მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი გაუგებარი განცხადებები“, - აცხადებს კობახიძე.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე, გამოეხმაურა "სტრატეგი აღმაშენებლის“ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად, 12 რეკომენდაციის სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს "სამუშაო ჯგუფებს ყავის სმის ჯგუფები დავარქვათ - ვინც შევიდა, რა შედეგი დადო“. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ“.

"ეს ადამიანები მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდნენ 12 პუნქტის შესრულებაზე, როდესაც ყავას სვამდა სწორედ ვაშაძე. ყავის მსმელებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში 12 პუნქტის შესრულებაში იყვნენ ჩართული. ეს არის მათი დამოკიდებულება. ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან დეკემბერს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ქვეყნის ასარევად გამოიყენონ. თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, შარშანდელი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით“, - განაცხადა კობახიძემ.