ავტორი:

რუსი ტურისტი, რომელმაც კუნძულ ბალიზე წმინდა მთა შეურაცხყო, ქვეყნიდან გააძევეს - "მან ჩვენი კულტურისადმი უპატივცემულობა გამოავლინა"

რუსი ტურისტი, რომელმაც კუნძულ ბალიზე წმინდა მთა შეურაცხყო, ქვეყნიდან გააძევეს - "მან ჩვენი კულტურისადმი უპატივცემულობა გამოავლინა"

რუსი მამაკაცი, რომელმაც ბალის წმინდა მთაზე შიშველმა გადაიღო ფოტო, ინდონეზიიდან გააძევეს. გასულ კვირას აგუნგის მთაზე ტურისტის გადაღებული თამამი ფოტო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია. იურიმ "ინსტაგრამზე" ატვირთულ რუსულენოვან ვიდეოში ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ მას ინდონეზიაში ვიზიტი კიდევ 6 თვის განმავლობაში აეკრძალება.

  • ბოლო ხანებში, ბალიზე უწესო ტურისტების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდა. აგუნგის მთა კუნძულის ყველაზე მაღალი ადგილია და ინდუისტების რწმენით, ის ღმერთების სახლია.

ტურისტის უპატივცემულო საქციელი ნეგატიურად შეაფასა ბალის სამართლის და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელმა, ანგიატ ნაპიტუპულუმ:

"მან წესები დაარღვია და ჩვენი კულტურისადმი უპატივცემულობა გამოავლინა", - განაცხადა მან.

  • "ჩემს საქციელს ვერაფრით გავამართლებ. ერთადერთი რამ, რამაც ეს გამოიწვია, ჩემივე უვიცობაა", - თქვა იურიმ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში.

მოგვიანებით მან სპეციალურ განმწმენდ ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ადგილობრივები ამგვარი ინციდენტების შემდეგ მართავენ ხოლმე.

რუსეთის საპატიო გენერალურმა კონსულმა ბალიში, CNN-ს განუცხადა, რომ ტურისტი "გიჟია“ და რომ მისი დეპორტაცია სწორი გადაწყვეტილება იყო. ბევრი ადგილობრივი ეთანხმებოდა ტურისტის დეპორტაციას სოციალურ ქსელებშიც.

ბალის გუბერნატორმა რუსეთიდან ჩასული ტურისტებისთვის ვიზის გაცემის გაუქმების გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ქვეყნიდან ომის ფონზე ჩასული უამრავი ტურისტი ადგილობრივ რეგულაციებს ხშირად არღვევს. ბალის პროვინციული ადმინისტრაცია იმასაც გეგმავს, რომ ტურისტებს კუნძულის მთებზე წვდომა შეუზღუდოს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ბალიში ყველაზე მეტი ტურისტი ავსტრალიიდან შევიდა (დაახლოებით 91 000). მეორე ადგილზე კი რუსეთია - 22 000 ვიზიტორით.

წყარო: bbc

  • მოამზადა: ანა სიბოშვილმა