ავტორი:

"უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ხრამის ხეობის დამალული ეკლესიის ამბავი: რას ჰყვება სპეციალისტი მისტიური ადგილის ნახვის შემდეგ?

"უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ხრამის ხეობის დამალული ეკლესიის ამბავი: რას ჰყვება სპეციალისტი მისტიური ადგილის ნახვის შემდეგ?

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ხრამის ხეობის დამალული ეკლესიის ამბავი ალბათ, საქართველოში ცოტამ თუ იცის. ამის შესახებ ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებლის ზვიად თურმანიძის პოსტიდან შევიტყვეთ.

"დაღეთის დამალული ეკლესია გამოქვაბულში საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპებს უკავშირდება. თვით მღვიმის შესასვლელიც ვიწრო და შეუმჩნეველია. ეკლესია სუფთადაა გამოკვეთილი რკინის წვეტიანი იარაღით, ერთნავიანია. ეკლესიის დასავლეთ კედელში მოწყობილი გასასვლელით ვხვდებით სათავსოში, სადაც გამოკვეთილია თარო-სარეცლები, წყლის რეზერვუარი, ცეცხლის დასანთები კერები.

როგორც ეკლესია, ისე დამხმარე სათავსი სრულიად ბნელია. რადგან ეს ძეგლი მალული ღვთისმსახურების ნიშნებს ატარებს, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ იმ დროსაა შექმნილი, როდესაც ამ მხარეში ქრისტიანული რელიგია მკაცრად იდევნებოდა. ქვემო ქართლში დროის ასეთ ხანგრძლივ მონაკვეთად სასანური ირანის ექსპანსიის წლებს (V ს.) მიიჩნევენ. ეკლესიის ხუროთმოძღვრება უფრო ადრეული საუკუნეებისკენ იხრება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძეგლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპებს უკავშირდება და მისი სახით უაღრესად საინტერესო, უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე,“ - წერს ზვიად თურმანიძე თავის პოსტში, რომელსაც პირადადაც დავუკავშირდით.

ნახეთ ვიდეო:

ბატონი ზვიადი პროფესიით გეოგრაფია, სამხედრო წოდებით კაპიტანი, გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის ოფიცერი. მათი სამსახურის ძირითადი მიმართულებაა თავდაცვის ძალებისთვის საჭირო კარტოგრაფიული პროდუქტებით, გეოინფორმაციულ სისტემებით და ტოპოგრაფიული რუკებით უზრუნველყოფა. ამდენად, მათი დეპარტამენტი პერიოდულად შესაბამის გეოდეზიურ სამუშაოებს აწარმოებს. აახლებენ ტოპოგრაფიულ რუკებს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ზვიად თურმანიძე:

- ჩვენს სამსახურს ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის სამხედრო თუ სამოქალაქო პერსონალი, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ გეოგრაფიულ მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. მოკლედ, ქართული ჯარის საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადოდ აღჭურვილები პირველი ქართული მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკების შედგენას ვახდენთ. სპეციფიკური სამუშაო შესრულებისას ასევე გვიწევს საქართველოს ნასოფლარების, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების მონახულება, რომელთა არსებობა ხშირად უცნობია, ან მხოლოდ ადგილობრივებისთვის არის ცნობილი. შესაძლოა, მხოლოდ ადგილობრივმა მწყემსებმა და მონადირეებმა იცოდნენ.

- ამ დამალული ეკლესიის შესახებ გქონდათ ინფორმაცია, თუ მორიგი საველე გასვლისას აღმოაჩინეთ?

- როდესაც საველე გეოდეზიური სამუშაოს შესასრულებლად მივდივართ, წინასწარ ვსწავლობთ აღნიშნულ რეგიონს, მუნიციპალიტეტს, ხეობებს, გეოგრაფიას, გეოლოგიას, იმ კონკრეტულ ადგილას თუ რასთან გვექნება საქმე. ხრამის ხეობა გამოირჩევა გამოქვაბულთა კომპლექსებით და ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. დამალული ეკლესია, სოფელი დაღეთის სამხრეთ-აღმოსავლეთშია, მუგუთის ქვაბებიდან დაახლოებით 900 მეტრში, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ეს არის დამალული კატაკომბური ტაძარი. მასში მოწყობილია ბუნებრივი მიწისქვეშა სათავსები, რომელიც ძველი რელიგიური წეს-ჩვეულების შესასრულებლად გამოიყენებოდა. იქვე ხრამის კანიონის კბოდეზე ერთ კილომეტრში ბრინჯაოს ხანის დაღეთის მეგალითური კომპლექსიცაა, დიდი ნასახლარი, - რაც მთლიანობაში ერთიან სურათს ქმნის.

- ადვილად მიაგენით დამალულ ეკლესიას?

- ეს ეკლესია მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთ უძველეს თუ არა, ერთადერთ მიკვლეულ მალულ ცნობილ ქრისტიანულ ძეგლს წარმოადგენს. ამ ადგილის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველად ვერ ვიპოვეთ (ალბათ აქედანაც მომდინარეობს მისი სახელწოდება - დამალული). ასე 50-60 მეტრის რადიუსში ვტრიალებდით. მერე ხელმეორედ დეტალურად გავიარეთ ყველა ინფორმაცია, მონაკვეთებად დავყავით და საბოლოოდ მივაკვლიეთ.

- სამეცნიერო ლიტერატურიდან მანამდე რა ინფორმაცია გქონდათ?

- ეს ძეგლი პირველად 1982 წელს არის აღწერილი, ეკლესიის შესასვლელი არის ვიწრო ხვრელი, სადაც ხოხვით თუ მოახერხებს ადამიანები შეძრომას... ამ ხვრელიდან რომ შევედით, ბუნებრივ მღვიმეში აღმოვჩნდით, შემდეგ ამ ბუნებრივი მღვიმის დარბაზიდან გასასვლელით იმ დარბაზული ტიპის სამლოცველოში შევედით. ამ დარბაზული ტიპის ეკლესიას აქვს ნალისებური აფსიდა, თაღი, კამარა. ჩემს გადაღებულ სურათებში ეს კარგად გაირჩევა. ამ დარბაზის შემდეგ არის პატარა ოთახი, რომელსაც შესაძლოა, წყლის, საკვების საცავად იყენებდნენ, ან რაღაც პერიოდის მანძილზე საცხოვრებლადაც, ცეცხლის დასანთებად.

- ფოტოებზე ვხედავთ, რომ დანესტიანებულია ყველაფერი...

- წყლის ჭარბი ჩამოდინებაა, მაგრამ როდესაც 1982 წელს აღწერეს, ეს ადგილი მშრალი იყო... გამოკვეთის მომენტში თუ წყალი ასე ჩამოდიოდა, იქ რაიმეს შენახვა და ცეცხლის დანთება საეჭვოა, მოეხერხებინათ. ზოგადად ეს ხეობა აგებულია ვულკანურ, დანალექ ქანებზე. ასევე გვაქვს კვარციტები, კირქვები და კონგლომერატები. სწორედ ამის შედეგად ქანებში ვითარდება კარსტული ფორმები და ასეთ ფორმაშია გამოკვეთილი დამალული ეკლესიაც. ამ ყველაფრის ზემოქმედების შედეგად არის განვითარებული ეკლესიაში მიწისქვეშა ნაღვენთი ფორმებიც. წყალი იქ ახლაც ჭარბი რაოდენობით ჩამოდის... იქედან რომ გამოვედით, შემდგომ მის თავზეც ავედით, გვაინტერესებდა, წყალი საიდან მოდიდოა. დამალული ეკლესიის თავზე, 70 მეტრში წყაროა, საიდანაც ჟონავს იმ კირქვულ ქანებში, რაც ეკლესიის და დარბაზის ტერიტორიაზე გამოიჟონება.

- თქვენ მიერ იქ გადაღებულ ვიდეოში ვნახე, რომ თურმე იქ ღამურები ბინადრობენ. არ იყო სახიფათო, როცა მათთან პირისპირ აღმოჩნდით?

- ყველა დარბაზში და ოთახში ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონიები ბინადრობს. მათი ხილვისას მნახველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხრამის ხეობის ყველა ღამურას იქ მოუყრია თავი. შესაბამისად ეკლესიის დარბაზის იატაკი მოფენილია ღამურას სკორეთი... მობილურის და ფარნის შუქზე ისინი დაფრთხნენ და მთელმა კოლონიამ ფრენა დაიწყო. ათასობით არიან.

- ცოტა მისტიკური გარემოა, ხომ?

- კი, თან, ღამურები ცოფის მატარებელი ძუძუმწოვრები არიან. უდიდესი სიფრთხილეა საჭიროა, რომ არ გიკბინონ. მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენდით და ვცდილობდით, სწრაფად გადაგვეღო იქაურობა და ტერიტორია მალე დაგვეტოვებინა. ვიყავით მე და ჩემი კოლეგა კაპიტანი ლაშა მიქიაშვილი ფრენა რომ დაიწყეს, მივხვდით, რომ იქ გაუსაძლისი იქნებოდა დარჩენა. ამიტომ დროულად გამოვედით.

კაპიტნები - ლაშა მიქიაშვილი და ზვიად თურმანიძე

- საბოლოოდ თქვენი მისია შესრულდა, იპოვეთ, შესაბამისი ადგილი რუკაზე დაიტანეთ?

- გამოქვაბულში დამალული ეკლესია მიმდებარე ძეგლებთან ერთად, სამხედრო ტოპოგრაფიულ რუკებზე აღვნიშნეთ. მიახლოებითი კოორდინატები არსებობდა, მაგრამ მაღალი სიზუსტით არ იყო გაკეთებული და ადამიანი შეცდომაში შეჰყავდა. როდესაც მსგავს ისტორიებს აღმოვაჩენთ და მასთან გვაქვს ხოლმე შეხება, შესაბამის სამსახურებს - ძეგლთა დაცვის სამსახურს, ან დაცული ტერიტორიების სამსახურს ინფორმაციას ვაწვდით. ასევე სოციალური ქსელებით ვავრცელებთ. სწორედ სოციალურ ქსელში უნახავს ნოდარ ბახტაძეს და შეგვეხმიანა. ეს ადამიანი წლების წინ, ზუსტად 1982 წელს იყო იქ. სწორედ მან გვითხრა, რომ მაშინ ეკლესიის სივრცე მშრალი იყო. გვითხრა, იქნებ მივმართოთ კულტურული მემკვიდრეების სააგენტოს, რომ მიიღონ ზომები ეს პირველი უძველესი ქრისტიანული სამლოცველო გადავარჩინოთ. იქნებ გრუნტის წყლების მოცილება მოხდეს, ან რაიმე სახის სამუშაოები ჩატარდესო.

- რაიმე სახის მხატვრობა, წარწერები ხომ არ აღმოგიჩენიათ?

- მხატვრობისა და წარწერების კვალი არ შეინიშნება, შეიძლება ადრე იყო, მაგრამ რადგან სულ დაფარულია ნაღვენთი ფორმებით, ამიტომ ახლა მისი დადგენა გართულებულია. ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე შესაბამისი სპეციალისტების შესწავლის საგანია.

- მკითხველს, ან იმ ადამიანებს, ვინც იქ შეიძლება მოხვდეს და შიგნით შესვლის სურვილი გაუჩნდეს, რა გაფრთხილებას, ან მითითებას მისცემდით?

- მნიშვნელოვანია არ დააზიანონ, არ მოტეხონ, ნაღვენთი ფორმები, არ ამოკაწრონ წარწერები. თავი დაიცვან ღამურებისგან, რადგან ცოფის მატარებლები არიან. დანარჩენი თვითონ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გასაკეთებელია - თუ რაიმე მანიშნებლებს, ბილიკის ნიშნებს დასვამენ, იქამდე მისასვლელი კონკრეტული ტურისტული ბილიკიც შეიძლება მოეწყოს. ამ ტერიტორიას, ტურისტული კუთხით, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი პოტენციალი ექნება.