ავტორი:

როდის გადავა უკრაინა კონტრშეტევაზე: თავდაცვის მინისტრი სავარაუდო თარიღს ასახელებს - "ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული"

როდის გადავა უკრაინა კონტრშეტევაზე: თავდაცვის მინისტრი სავარაუდო თარიღს ასახელებს - "ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული"

კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, შესაძლოა, აპრილ-მაისში იყოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, თუ როდის იქნება შესაძლებელი ფრონტზე გერმანული Leopard-ის ტანკების ნახვა, რომელთა ნაწილიც უკრაინამ უკვე მიიღო.

"მათ კონტრიერიშში ნახავთ, ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილების შესაბამისად. ის უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის იქნება ყველაზე ხელსაყრელი მომენტი, როგორც გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. მხოლოდ მუხლუხიანი ტექნიკის გამოყენება შეიძლება. ვფიქრობ, მათ ამ ორ თვეში ვნახავთ, აპრილ-მაისში”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებით მინისტრი თვლის, რომ უკვე 2023 წელს მსოფლიო "უკრაინისთვის ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს" ნახავს.

"დარწმუნებული ვარ, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას გავაგრძელებთ, როგორც ეს მოხდა კიევში, ჩერნიგოვში, სუმიში, ხარკოვში, ხერსონში. ეს ყველაფერი გაგრძელდება”, - განაცხადა მინისტრმა.

  • ბახმუტთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელმა დამცველებმა მნიშვნელოვნად "შეამცირეს რუსეთის საიერიშო პოტენციალი", რაც დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს “ფრონტის ხაზის სტაბილურად შენარჩუნებაში და დროს მოგვცემს კონტრიერიშისთვის მოვემზადოთ".

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსებს ასევე არ ჰყოფნით საბრძოლო მასალა.

"ისინი ასევე დაიღალნენ. ძალიან დიდი დანაკარგები განიცადეს, ბევრია გარდაცვლილი და დაჭრილი. ჩვეულებრივ, ყოველდღიურად მინიმუმ ხუთას ჯარისკაცს კარგავენ. მოკლულებით და დაჭრილებით" - განაცხადა რეზნიკოვმა.