ავტორი:

ხელოვნური ინტელექტი, როგორც საფრთხე კაცობრიობისთვის" - ილონ მასკი, სტივ ვიზნიაკი და ტექნოლოგიური გიგანტების სხვა წარმომადგენლები ღია წერილს ავრცელებენ

ხელოვნური ინტელექტი, როგორც საფრთხე კაცობრიობისთვის" - ილონ მასკი, სტივ ვიზნიაკი და ტექნოლოგიური გიგანტების სხვა წარმომადგენლები ღია წერილს ავრცელებენ

ვრცელდება წერილი, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში მყოფი ადამიანები აწერენ ხელს, მათ შორის "ტესლას" დამფუძნებელი ილონ მასკი, Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, Skype-ის თანადამფუძნებელი ჯაან ტალინი და სხვები. ისინი ითხოვენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეჩერდეს მანამ, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ის კაცობრიობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ხელმომწერები ყველა ლაბორატორიისგან მოითხოვენ, AI სისტემების ტრენინგები მინიმუმ ექვსი თვით შეაჩერონ.

ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმა, როგორიცაა ჩატბოტი ChatGPT, სულ უფრო პოპულარული ხდება და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

"ბოლო თვეებია ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიები უკონტროლო რბოლაში არიან ჩართული, რათა კიდევ უფრო ძლიერი ციფრული გონება განავითარონ, რომლის გაგება, პროგნოზირება და კონტროლი მათ შემქმნელებსაც კი უჭირთ. თანამედროვე AI სისტემები ახლა ადამიანებს კონკურენციას ისეთ ზოგად ამოცანებში უწევენ, რომ კითხვა გვიჩნდება, უნდა მივცეთ თუ არა მანქანებს ჩვენი საინფორმაციო არხების პროპაგანდით და სიცრუით დატბორვის უფლება?" - ვკითხულობთ ღია წერილში.

წერილის მიხედვით, ძლიერი AI სისტემები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განვითარდეს, რაც დავრწმუნდებით, რომ მათი ეფექტი დადებითი, ხოლო რისკები მართვადი იქნება.

ამ თვის დასაწყისში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა ფირმამ, OpenAI-მ AI ჩატბოტის უახლესი ვერსია, ChatGPT გამოუშვა. ჩატბოტი პირველად გასული წლის ბოლოს ამოქმედდა და ის ონლაინ სენსაცია გახდა. მას შეუძლია ბუნებრივი საუბარი, სიმღერების, ესსეების და სტატიების წერა. შეუძლია კითხვებს ადამიანური მანერით უპასუხოს და შემდგომი მოთხოვნების კონტექსტს ისევე ჩაწვდეს, როგორც ეს ადამიანებს შორის საუბრისას ხდება. ჩატბოტს საკუთარი შეცდომების აღიარება ან შეუსაბამო მოთხოვნების უარყოფაც შეუძლია. მიუხედავად ყველაფრისა, ChatGPT 4 ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე სანდო და შესაძლოა, ფაქტები გამოიგონოს ან მსჯელობისას შეცდომები დაუშვას.

  • კონკრეტულად რა რისკებზეა ლაპარაკი?

წერილში დაწვრილებით არის ახსნილი კონკრეტულად, რა რისკებს შეიცავს ხელოვნური ინტელექტის არასწორი განვითარება საზოგადოებისა და მთლიანად ცივილიზაციისთვის. ავტორების თქმით, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ სისტემებს შეუძლიათ შევიდნენ კონკურენციაში ადამიანებთან, რამაც შეიძლება ეკონომიკურ და პოლიტიკურ აფეთქებებამდე მიგვიყვანოს. მათი თქმით, ჩნდება ოთხი მთავარი კითხვა, რაზეც კაცობრიობამ უნდა უპასუხოს:

1. უნდა მივცეთ თუ არა მანქანებს საშუალება, დააბინძურონ ჩვენი საინფორმაციო არხები პროპაგანდითა და ტყუილით?

2. უნდა გადავცეთ თუ არა ავტომატებს ყველა სამუშაო, ისიც კი, რაც ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს?

3. უნდა განვავითაროთ თუ არა არაადამიანური წარმოშობის გონება, რომელმაც მომავალში შეიძლება ბევრად აჯობოს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, გვაქციოს არასრულყოფილად და შეგვცალოს?

4. უნდა გავრისკოთ და დავკარგოთ კონტროლი ჩვენს ცივილიზაციაზე?

წერილში ასევე ვკითხულობთ:

"ჩვენ შეგვიძლია "AI-ს ზაფხულით" ვისარგებლოთ და მისი სიკეთეებით დავტკბეთ, ისე დავამუშაოთ ეს სისტემები, რომ ყველასთვის სასარგებლო იყოს და საზოგადოებას ადაპტაციის შანსი მივცეთ. კაცობრიობას სხვა პოტენციურად კატასტროფული ზემოქმედების ტექნოლოგიებიც შეუჩერებია. მოდით, დავტკბეთ ინტელექტის ხანგრძლივი ზაფხულით და ნუ შევხვდებით შემოდგომას მოუმზადებლები".

წყარო: standard.co.uk

მოამზადა: ანა სიბოშვილმა