ავტორი:

წიგნი, რომელმაც დროს გაუსწრო - საინტერესო ფაქტები ჟიულ ვერნის რომანის "კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი" შესახებ

წიგნი, რომელმაც დროს გაუსწრო - საინტერესო ფაქტები ჟიულ ვერნის რომანის "კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი" შესახებ

ჟიულ ვერნი ერთ-ერთი ყველაზე წაკითხვადი ფრანგი ავტორია, რომელმაც სამეცნიერო-ფანტასტიკის რომანის ჟანრი შექმნა. გამოცემული ტირაჟების რაოდენობით, ამ საოცარ მწერალს მხოლოდ ერთეულები უსწრებენ. მოხეტიალე მოგზაურის სული მასში ბავშვობიდანვე ჩასახლდა. 11 წლის ასაკში, ჟიულ ვერნმა სახლიდან გაქცევაც სცადა, რომ გემზე - იუნგად წასულიყო. მართალია, მაშინ შეძლეს მშობლებმა მისი უკან დაბრუნება, მაგრამ მწერლის შემდგომი ცხოვრება გაუთავებელ მოგზაურობად იქცა.

ჟიულ ვერნის გმირები იპყრობენ ტყეებს, უდაბნოებს, ოკეანეების სიღრმეებს, აღმოაჩენენ კოსმოსის საიდუმლოებებს. წიგნში - „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი“ მწერლის ფანტაზია ყინულის უსასრულო ველებში იშლება, სადაც მამაცი მოგზაურები კაპიტან ჰატერასის ხელმძღვანელობით ცდილობენ, პირველებმა ამოიცნონ ჩრდილოეთ პოლუსის საიდუმლო.

1. ჟიულ ვერნმა ამ რომანზე მუშაობა 1863 წელს დაიწყო, თითქმის მაშინვე, რაც დაასრულა - „5 კვირა საჰაერო ბურთზე“ წერა. წიგნზე მუშაობის დროს, მან გამოიყენა ნამდვილი დოკუმენტები პოლარული ექსპედიციებიდან. მკვლევარ ჯონ ფრანკლინს, რომლის ექსპედიციაც უგზოუკვლოდ დაიკარგა, ზოგჯერ კაპიტანი ჰატერასის პროტოტიპს უწოდებენ.

2. წიგნზე მუშაობის პროცესში, ავტორი მუდმივად აწარმოებდა კონსულტაციებს გამომცემელ ეტცელთან, ცალკეულ ეპიზოდებზე. თუმცა, ეტცელის ყველა რჩევა ვერნმა უდავოდ არ მიიღო. მაგალითად, ჰატერასის ექსპედიციაში ფრანგები საერთოდ არ შეიყვანა.

3. ჟიულ ვერნი მთლიანად იყო ჩაფლული რომანის წერაში, რომელიც 1864 წელს დაასრულა. საინტერესოა რომანის ფინალის პირვანდელი ვერსიაც, რომლის მიხედვით, მწერალს განზრახული ჰქონდა ის მთავარი გმირის ვულკანის კრატერში სიკვდილით დაესრულებინა. თუმცა, მუშაობის პროცესში იდეა შეიცვალა.

4. როდესაც ჟიულ ვერნი ამ რომანზე მუშაობდა, დანამდვილებით არ იყო ცნობილი, რა ხდებოდა ჩრდილოეთ პოლუსზე, რადგან არც ერთ ექსპედიციას ჯერ არ მიუღწევია იქამდე. ჩრდილოეთ პოლუსს რობერტ პირის ექსპედიციამ მხოლოდ 1909 წელს მიაღწია. არ იყო ღია ზღვა, არც ვულკანი - მხოლოდ გაუთავებელი ყინულის ველები. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩრდილო პოლუსის მიდამოში არ არის მიწა მრავალწლიანი ყინულის ქვეშ.

5. რომანის პირველი პუბლიკაცია იყო ეტცელის ჟურნალში "Magasin d'Éducation et de Récréation" ("განათლებისა და გასართობი ჟურნალი") 1864 წლის 20 მარტიდან 1865 წლის 5 დეკემბრამდე, სათაურით "ინგლისელები ჩრდილოეთ პოლუსზე. ყინულის უდაბნო“ („Les Anglais au pôle Nord. Le désert de glace“). რომანის პირველი თავით დაიწყო ეტცელის ჟურნალის გამოცემა; ჟურნალმა შემდგომში გამოაქვეყნა ჟიულ ვერნის 30 რომანი. წიგნს ფრანგი და უცხოელი კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოჰყვა.

6. 1866 წლის 4 მაისს (სხვა წყაროებში მას 2 ივნისს ეძახიან), რომანი გამოიცა ცალკე გამოცემის სახით, ორ ტომად: პირველს ერქვა „ინგლისელები ჩრდილოეთ პოლუსზე. კაპიტანი ჰატერასის მოგზაურობა“ („Les Anglais au pôle Nord. Voyages du capitaine Hatteras“), ხოლო მეორე იყო „ყინულოვანი უდაბნო. კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი“ („Le Désert de glace. Aventures du capitaine Hatteras“). გამომცემელმა ეტცელმა დაწერა პირველი ტომის წინასიტყვაობა.

ანოტაცია: 1860 წლის 6 აპრილს ლივერპულის პორტიდან გემი "ფორვარდი" ეკიპაჟის თვრამეტი წევრით გავიდა. მაგრამ არც ნაოსნობის დროს და არც დიდი ხნის შემდეგ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა არც მოგზაურობის მიზანი და არც კაპიტნის სახელი. მხოლოდ არქტიკულ წყლებში შორს წასვლის შემდეგ, მეზღვაურებმა შეიტყვეს, რომ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ცნობილი ნავიგატორი ჯონ ჰეტერასი, რომელმაც საკუთარ თავს დააკისრა ამბიციური ამოცანა, გამხდარიყო პირველი ადამიანი, ვინც მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს.

გამომცემლობა „პალიტრა L“ 3 აპრილიდან ჟიულ ვერნის მეხუთე ტომს გამოსცემს, რომელსაც მკითხველი ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 14 ლარად შეიძენს.

სერიის წიგნები მოიცავს:

  • პირველი ტომი - „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“
  • მეორე ტომი – „საიდუმლო კუნძული“,
  • მესამე ტომი - „კაპიტა გრანტის შვილები“
  • მეოთხე ტომი - „15 წლის კაპიტანი“
  • მეხუთე ტომი – „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა“