ავტორი:

მწარმოებლების დაშინება სტალინური დეპეშებით და ბრძოლა ასევე ჯუღაშვილის დროინდელი ტანკებით? - "მედვედევს რუსმა სამხედრო პროპაგანდისტებმაც კი დასცინეს"

მწარმოებლების დაშინება სტალინური დეპეშებით და ბრძოლა ასევე ჯუღაშვილის დროინდელი ტანკებით? - "მედვედევს რუსმა სამხედრო პროპაგანდისტებმაც კი დასცინეს"

მოსკოვი უფრო და უფრო შორდება რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ გაცხადებულ მიზანს - უკრაინის დემილიტარიზაციას, რის ნაცვლადაც დასავლეთის მხრიდან დღემდე უკრაინის არმიის ინტენსიური შეიარაღება მიმდინარეობს. აგრესორმა რუსეთმა კი ომში დაახლოებით ოთხჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგა, ვიდრე - უკრაინამ. აშკარაა, რომ რუსეთს ისე გაუჭირდა, რომ კრემლი ტანკების მწარმოებლების მიმართ მუქარაზეც კი გადავიდა.

24 მარტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველმა მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს სტალინის 1941 წლის 17 სექტემბრის დეპეშა წაუკითხა, რომელშიც იმჟამინდელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მეთაურებს გენერალისიმუსი აფრთხილებდა, რომ მიცემული დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ ისე მოექცეოდა, როგორც კრიმინალებს და დახვრეტდა. მოკლედ რომ ავხსნათ, მედვედევმა ამ დეპეშით მწარმოებლებს მიანიშნა - როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ტანკების წარმოება შენელებული იყო, სტალინი ყველას ხვრეტდა და თქვენც იგივე დაგემართებათო. არაადეკვატურობით ცნობილმა მედვედევმა სტალინის დეპეშით მწარმოებლებს, ფაქტობრივად, შეუძლებელი მოსთხოვა - ტანკების წარმოება, რომლის ნაკლებობასაც, როგორც ჩანს, ოკუპანტი რუსეთი ფრონტზე განიცდის.

მედვედევმა ამით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აუცილებელია სამუშაო რესურსების მაქსიმალური მობილიზება, რაზეც ყველა პასუხს აგებს და იმასაც, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა სტალინის მეთოდების ეფექტიანობას აღიარებს.

პუტინი და მისი მარიონეტი მედვედევი აქამდე თუ ფარულად, ახლა უკვე ღიად აფიშირებენ, რომ სტალინის აგრესიული იმპერიული პოლიტიკის გამგრძელებელი და მისი მემკვიდრენი არიან. პუტინი ისტორიას თავიდან წერს და ცდილობს სტალინის მსგავსად ძალიან მკაცრი და ეფექტური ლიდერის სახე შექმნას.

შეძლებენ თუ არა რუსეთის ქარხნებში ახალი ტანკების წარმოებას, ან ძველი ჯავშანტექნიკის მოდერნიზებას მაშინ, როცა პუტინმა 1600 ტანკის ფრონტზე გაგზავნა დააანონსა და წინააღმდეგ შემთხვევაში რა ელით მათ, ვისაც მედვედევმა სტალინის დეპეშა წაუკითხა, ამაზე ambebi.ge-ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრება:

- რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივებას, რასაც მთელს მსოფლიოში ბევრი სამხედრო ექსპერტი არ მოელოდა, გვიჩვენა რომელ მხარეს აქვს მეტი რესურსი. ერთ მხარეს აგრესორი რუსეთია, მეორე მხარეს - უკრაინა, თუმცა უკრაინის უკან ვიცით, რომ დასავლეთი დგას და მისი სამხედრო დახმარების გარეშე ის მარტო თავისი მებრძოლებისა და ტექნიკის ხარჯზე ვერ გაძლებდა. რაც შეეხება მედვედევს, მან აჩვენა, სტალინის და მეორე მსოფლიო ომის დროს როგორ იყო, მაგრამ აქ არის რამდენიმე განსხვავება:

1. მაშინდელი სსრკ-სთვის ეს იყო ერთგვარი სამამულო ომი იმ გაგებით, რომ სსრკ იბრძოდა თავის ტერიტორიაზე და თავდამსხმელი იყო ჰიტლერის გერმანია. დღეს რუსეთია აგრესორის როლში უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ როლები შეიცვალა და რაც მაშინ ჰიტლერი იყო, ის დღეს პუტინია.

2. მაშინ, როდესაც სსრკ-ში ამ ქარხნების ევაკუაცია ხდებოდა, იმხანად შეძლეს ტანკების გამოშვება და ამ ომში გარდატეხის შეტანა, რაშიც უდიდესი როლი ენიჭება ლენდლიზს - სსრკ-ს აშშ აძლევდა იარაღს და რომ არა ლენდლიზი, ის ვერაფერს გახდებოდა, საბჭოთა მრეწველობა ამდენი ტანკისა და თვითმფრინავის გამოშვებას ვერ შეძლებდა. დღეს ამას, რა თქმა უნდა, ივიწყებენ და არ აფიშირებენ რუსეთში, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ სსრკ-მ აშშ-დან ლენდლიზით ათასობით ტანკი და თვითმფრინავი მიიღო, ასევე, მიიღო მასალები საბრძოლო ტექნიკის დასამზადებლად, ბოლოს და ბოლოს საკვებიც, რომლითაც არმიას კვებავდა.

- ამჟამად რამდენი ტანკია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და რა მდგომარეობაშია ისინი?

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ, 2022 წლის 24 თებერვლისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში საბრძოლო მდგომარეობაში იყო 3417 ტანკი, გარდა ამისა, ჰქონდა დაახლოებით 18-19 ათასი ძველი გამოშვებული, ათწლეულობით შენახული და გამოუყენებელი ტანკი. ამ ომში, 13 თვის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 1800-მდე შედარებით თანამედროვე T-72, T-80 და T-90 ტიპის ტანკი, ანუ იმის ნახევარზე მეტი, რაც დასაწყისში ჰქონდა. ამან აიძულა რუსეთი, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე იმ ხანგრძლივი შენახვის ბაზებიდან დაეწყო ძველი ტანკების ამოღება და ფრონტის ხაზზე გადასროლა. პირველ რიგში, ეს ეხებოდა ხრუშჩოვისდროინდელ T-62- ტიპის ტანკებს, მაგრამ როგორც ახლა აღმოჩნდა, რუსეთს ტანკებთან დაკავშირებით ისეთი სერიოზული პრობლემები აქვს, რომ დაიწყეს T-54 და T-55 ტიპის ტანკების ამოღება საწყობებიდან (სტალინის დროინდელი, 50-იანი წლების). ამასთან დაკავშირებით მედვედევმა, რომელიც არალოგიკურობით და არაადეკვატურობით გამოირჩევა, განაცხადა, ჩვენი ქარხნები 1500 ტანკს დაამზადებენო, რაც თვით რუსეთში სამხედრო პროპაგანდისტების მიერაც კი სასაცილოდ იყო აღქმული.

რამდენიმე დღის შემდეგ პუტინი გამოვიდა და თქვა, რომ ფრონტს 1600 ტანკს მიაწვდის, ოღონდ, 3 წლის განმავლობაში. მათში იქნება არა მარტო ახლადდამზადებული, არამედ განახლებული, მოდერნიზებული და საწყობებიდან აღებული ტანკები. რაც შეეხება იმ ტანკებს, რომლებიც პუტინის სიამაყეს წარმოადგენს - T-14 ARMATA და რომელთაც 10 წელზე მეტია მხოლოდ აღლუმებზე, წითელ მოედანზე დაატარებენ, მათი რაოდენობა სულ რამდენიმე ათეულია და რუსები მათ გაგზავნას უკრაინაში ფრონტის ხაზზე ვერ ბედავენ, რადგან თუ დაკარგეს (რისი დიდი შანსიცაა), პროპაგანდისთვის ეს დიდი საინფორმაციო დარტყმა იქნება. შედარებით თანამედროვე ტანკი, რომელიც დღეს რუსეთს აქვს, არის T-90 M, რომელთა რიცხვი ომის დაწყებამდე 90 იყო, ბრძოლის ველზე 15-ზე მეტი დაკარგეს, მათი ნაწილი კი უკრაინელებმა ალაფის სახით აიღეს ხელში. ასეთი სიტუაციაა დღეს რუსეთის სატანკო შეიარაღებასთან დაკავშირებით.

- დაპირებული 1600 ტანკის ფრონტის ხაზზე გაგზავნას როგორ აპირებს პუტინი, რუსეთს დამოუკიდებლად შეუძლია მათი წარმოება, ან განახლება?

- განსხვავებით სტალინის დროისა, როცა რამდენიმე ქარხანა დღეში ასეულობით ტანკს უშვებდა, რუსეთს დღეს ეს არ შეუძლია.

სტალინის დროს ის ტანკები და მათი წარმოებაც ბევრად მარტივი იყო, ვიდრე დღევანდელი ტანკების, სადაც საჭიროა მეტი რაოდენობით ელექტრონიკა, ოპტიკური ხელსაწყოები და ა.შ. რომელსაც თვითონ რუსეთი დღეს ვერ აწარმოებს და მათ საზღვარგარეთიდან ყიდულობდა. იმავე T-90 M ტიპის ტანკებში არის ფრანგული წარმოების ნაწილები და ახლა, როცა სანქციები მოქმედებს, რუსეთს უჭირს მათი დიდი რაოდენობით შეძენა, თუმცა ცდილობს ისინი შემოვლითი გზებით იშოვონ უცხოეთში. ყოველ შემთხვევაში, მათ აქვთ თანამედროვე შეიარაღების წარმოების პრობლემები, მით უმეტეს ისეთის, რომელშიც დიდი რაოდენობითაა რადიოელექტრონული აპარატურა და მიკროჩიპები. ამიტომ ის, რომ რუსეთი სამ წელში, მით უფრო - 1 წელში 1500-1600 ტანკს გამოუშვებს, არარეალურია, ამ ციფრში შეიძლება ისინი ცდილობენ ჩასვან ის 18000 ტანკი, რაც იყო დარჩენილი და მიმობნეული რუსეთის ტერიტორიაზე (40-50 წელი ღია ცის ქვეშ ეყენა). რუსებმა შეიძლება 2-3 ტანკიდან 1 შეაკოწიწონ და გააგზავნონ ფრონტის ხაზზე, მაგრამ ის ყველა შემთხვევაში ნაკლებად ბრძოლისუნარიანი იქნება შედარებით იმავე "ლეოპარდ-2“ ტიპის ტანკებთან, რომლებიც გერმანიამ, პოლონეთმა, ნორვეგიამ და კანადამ უკვე მიაწოდა უკრაინას (2 დღეა, რაც ჩაიტანეს უკრაინაში).

უკრაინას ბრიტანელებმაც მიაწოდეს "ჩელენჯერ-2“-ის ტიპის ტანკები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე დაცულად ითვლება მთელს მსოფლიოში. სწორედ იმანაც გამოიწვია პუტინის გაღიზიანება, რომ ბრიტანელები ამ "ჩელენჯერებს“ თან აყოლებენ გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ ქვეკალიბრის ჯავშანგამტან სატანკო ჭურვებს. პუტინმა ეს შეაფასა, როგორც ბირთვული იარაღი, მაგრამ ეს ასე არაა - გაღარიბებულ ურანს ძალიან დაბალი რადიოაქტივობა აქვს, ამ მხრივ ნაკლებად საშიშია, თუმცა ასეთი ქვეკალიბრის ჭურვის ღერო, რომელიც სწორედ გაღარიბებული ურანისგანაა დამზადებული, მოწინააღმდეგის ტანკის ჯავშანს როცა მოხვდება, მას ხვრეტს და ურანი ნაწილაკების, მტვრის სახით იშლება ჰაერში. ამის შემდეგ შეიძლება ის წყალში მოხვდეს, ან ადამიანმა ჩაისუნთქოს და თანდათან მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს (არა იმიტომ, რომ ის რადიაქტიურია, არამედ იმიტომ, რომ მძიმე მეტალია).

- გაღარიბებული ურანი ბირთვულ იარაღად რომ შეაფასა, სწორედ ამიტომ განაცხადა პუტინმა, რომ მეზობელი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებდა. ეს პუტინის შანტაჟის გაგრძელებაა, თუ არსებობს ბირთვული ომის სერიოზული საფრთხე?

- რა თქმა უნდა, ეს პუტინის ბირთვული შანტაჟის გაგრძელებაა, თუმცა ის, რომ პუტინი ბირთვულ ქობინებს ჩაიტანს და განალაგებს ამ ტერიტორიაზე, ამაში წარმოუდგენელი, საოცარი და ტრაგიკულიც არაფერია, რადგან იმავე “ისკანდერ - M” ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები რუსეთმა ისედაც გადასცა ბელარუსს. ეს რაკეტა 500კმ-ზე მიფრინავს და რუსეთის უკიდურესი დასავლეთ საზღვრიდან - ფსკოვის ოლქიდან რომ გაფრენილიყო, შესაძლოა, მაქსიმუმ ნატოს წევრი პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარს მისწვდომოდა, ბელორუსში თუ გადაიტანს (ბელორუსის ტერიტორიის სიგანე 600კმ-ია), მისი უკიდურესი აღმოსავლეთ საზღვრიდან ისკანდერის რაკეტა უკვე დაფარავს პოლონეთის მთელს ტერიტორიას, მისწვდება ასევე ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიების ნაწილს. თუმცა ეს ყველაფერი ჰიპოთეტურია, რადგანაც ეს უკვე ბირთვული ომის, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ეს მაინც პუტინის ბირთვული შანტაჟის გაგრძელებაა.