ავტორი:

რა არის საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად?

რა არის საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად?

მართვის მოწმობის აღება ბევრი ადამიანისათვის ცხოვრების საპასუხისმგებლო ეტაპია. ზოგიერთ ადამიანში ღელვას იწვევს ეს პროცესი და დიდი სამზადისი უძღვის მათი მხრიდან მართვის მოწმობის აღებას. ზოგისთვის ეს პროცესი უფრო მარტივად მიმდინარეობს. გარკვეულ კატეგორიას გამოცდის ერთი ნაწილი ერთულება, გარკვეულს მეორე. ნებისმიერ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია ყველა იმ დეტალის გარკვევა, რაც მართვის მოწმობის აღების პროცესს ახლავს თან და მცირე პერიოდის, თუნდაც 2-3 კვირის, გამოყოფა გამოცდისთვის მოსამზადებლად.

მართვის მოწმობა რამდენიმე კატეგორიაში გაიცემა და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სურს ადამიანს. B კატეგორიის მართვის მოწმობა ყველაზე გავრცელებულია და მძღოლს ავტომობილის ტარების უფლებას ანიჭებს.

B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად, საჭიროა გარკვეული წესების და პირობების ცოდნა. მოცემული ტექსტიც სწორედ ამ საკითხებს ეხება და მკითხველს ყველა იმ დეტალზე მიაწვდის ინფორმაციას, რაც მართვის მოწმობის ასაღებად ესაჭიროება მომავალ მძღოლს.

დღევანდელი მდგომარეობით, ავტომობილის მართვის მოწმობის გამოცდა 3 ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი თეორიული გამოცდაა, მე-2 მოედანზე პრაქტიკის ჩაბარებას გულისხმობს. საბოლოო, მე-3 ნაწილი კი პრაქტიკული გამოცდის ქალაქში ჩაბარებაა. ყოველ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საჭიროა წინას წარმატებით დასრულება.

დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროა გამოცდაზე გასასვლელად:

გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად გარკვეული დოკუმენტების შეგროვებაა საჭირო. შესაბამისად, ეს დოკუმენტები თეორიული გამოცდის წინ უნდა წარადგინოს კანდიდატმა:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • მისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  • სმს შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნასთან დაკავშირებით.

B კატეგორიის მართვის მოწმობის აღება 17 წლიდანაა შესაძლებელი და არასრულწლოვანისათვის დამატებითი დოკუმენტებია საჭირო:

  • ·დაბადების მოწმობის დედანი ან მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • საჭიროა თან ახლდეს მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა ჰქონდეს 17 წლის კანდიდატს თან
  • ასევე ესაჭიროება საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა

ახლა კი განვიხილოთ უშუალოდ გამოცდასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.

ეტაპი N1 - თეორიული გამოცდა

მართვის მოწმობის ტესტები გულისხმობს 30 წუთის განმავლობაში 30 კითხვაზე პასუხის გაცემას. კანდიდატს 3 საპატიო ქულა აქვს, ანუ გამოცდის ჩაბარება 27 სწორი პასუხითაც შეუძლია. ამ გამოცდის ჩასაბარებლად კი აუცილებელია წინასწარი მომზადება და გამოცდისთვის შედგენილი 1792 კითხვის პასუხის გააზრებული ცოდნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი ძალიან მრავალრიცხოვნად ჟღერს, ამ რაოდენობის კითხვის დამუშავება და პასუხების გააზრება საკმაოდ მარტივია იმ მიზეზით, რომ თითოეული კითხვა და მისი პასუხი გარკვეულ საკითხში ჯგუფდება და ამ საკითხების გააზრება და დამუშავება საკმარისია იმისთვის, რომ ძალიან მარტივად ამოიცნოს კანდიდატმა თითოეული კითხვის სწორი პასუხი.

ეს საკითხები დაკავშირებულია საგზაო ნიშნებთან, მოძრაობის წესებთან, უსაფრთხოების წესებთან და ამ ყველაფრის ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ მძღოლმა უსაფრთხოდ და წესების დაცვის დაიწყოს თავიდანვე მანქანის მართვა.

ეტაპი N2 - პრაქტიკული გამოცდა მოედანზე

თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში კანდიდატს უკვე აქვს უფლება, რომ პრაქტიკული გამოცდა ჩააბაროს მოედანზე.

გამოცდის ამ ეტაპსაც თავისი წესები და პირობები აქვს, მაგალითად, გამოცდის დაწყებამდე კანდიდატს ენიჭება 100 ქულა და მანქანის მართვისას წესების დარღვევის შემთხვევაში აკლდება ქულები. ჯამში 39 ქულის დაკლების უფლება აქვს კანდიდატს, ანუ გამსვლელ ქულად ითვლება მინიმუმ 61 ქულა. მინიმუმ 61 ქულის მისაღებად კი მოედანზე შემდეგი მოქმედებების შესრულებაა საჭირო:

1) პარალელური პარკირება;

2) უკუსვლით პარკირება;

3) ზიგზაგი;

4) შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი;

5) რვიანი;

6) აღმართიანი უბანი.

ეტაპი N3 - პრაქტიკა ქალაქში

წინა ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, 365 კალენდარულ დღის განმავლობაში კანდიდატს შეუძლია გამოცდის ბოლო ნაწილიც ჩააბაროს. ეს ეტაპი გულისხმობს ავტომობილის მართვას რეალურ გარემოში, ანუ ქალაქში მინიმუმ 25 წუთის განმავლობაში მანქანის ტარებას და გულისხმობს მოძრაობას:

  • ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან ისეთ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით.
  • დაუსახლებელ პუნქტებში;
  • დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;

მართვის მოწმობის ასაღებად მომზადება:

მართვის მოწმობის ასაღებად თითოეული ეტაპისათვის მომზადების უამრავი შესაძლებლობა აქვს დაინტერესებულ პირს. თუკი ამ დრომდე ავტომობილის მართვასთან დიდი შეხება არ გქონიათ, მაშინ საუკეთესო იქნება შემდეგი გზის გავლა:

1) მოძებნეთ ავტო სკოლა;

2) ავტო სკოლა კარგად გაგარკვევთ გამოცდის სპეციფიკასა და საგამოცდო საკითხების გააზრებაში დაგეხმარებათ;

3) პარალელურად გადმოწერეთ მობილურში თეორიული გამოცდის აპლიკაციები ან ინტერნეტში ნახეთ ვებგვერდები და ინდივიდუალურადაც გამოცადეთ ხოლმე თავი საგამოცდო ტესტების კეთებაში;

4) თეორიის შემდეგ ავტო სკოლავე დაგეხმარებათ პრაქტიკული გამოცდის ორივე ნაწილის კარგად ათვისებაში.

თუკი გამოცდაზე გასვლას უკვე გეგმავთ, შეგიძლიათ ეწვიოთ მომსახურების სააგენტოს ვებგვერდს და ონლაინ დაჯავშნოთ გამოცდაზე ვიზიტი.

ხოლო თუ ჯერ კიდევ არ გყავთ ავტომობილი, ისარგებლეთ მოგოს ავტოლიზინგით და იყიდეთ მანქანა უსწრაფესად. ასვე ნახეთ მოგოს სხვა პროდუქტებიც: უკულიზინგი, სკუტერ ლიზინგი, სპეც ტექნიკა.

იხილეთ საინტერესო სტატიები: ეკონომიური ავტომობილი | მეორადი მანქანის ყიდვა | რატომ არის მნიშვნელოვანი ზეთის შეცვლა | დამატებითი შემოსავლის წყარო

R