ავტორი:

"სანამ გამართულად საუბარს ვისწავლიდი, ხატვა მანამდე დავიწყე...  " - 20 წლის გოგონა, რომელიც ჰიპერრეალისტურ ნახატებს ქმნის (ფოტოები)

"სანამ გამართულად საუბარს ვისწავლიდი, ხატვა მანამდე დავიწყე...  " - 20 წლის გოგონა, რომელიც ჰიპერრეალისტურ ნახატებს ქმნის (ფოტოები)

"ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს ის, რასაც ადამიანი საკუთარი ხელით ქმნის. ყველაფერი ხანგრძლივი შრომის და მონდომების შედეგია…" - ამბობს 20 წლის მხატვარი ეკა მანია, რომლის ჰიპერრეალისტური ნახატებიც ადამიანების ძალიან დიდ აღფრთოვანებას და გაოცებას იწვევს.

- ხატვა ბავშვობის ასაკიდანვე დავიწყე, ალბათ გამართულად ლაპარაკს სანამ ვისწავლიდი, იმაზე ადრეც კი. ხატვის ნიჭი პირველი დედამ შეამჩნია. ასევე ჩემმა პირველმა მასწავლებელმა ირმა არაბიძემ, რომელიც დიდი მონდომებით ცდილობდა ჩემთვის პატარ-პატარა გამოფენების მოწყობას.

- პროფესიული სასწავლებლები დაამთავრეთ?

- დაახლოებით, ცამეტი წლის ასაკში სამხატვრო სკოლაში პირველად მივედი. ვფიქრობ, იქაური პედაგოგების წვლილი საკმაოდ დიდია ჩემს განვითარებაში. გარემო, რომელიც იქ დამხვდა, აბსოლუტურ თავისუფლებას მაძლევდა ჩემი პირველი, სრულყოფილი ნამუშევრები შემექმნა. არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი საყვარელი პედაგოგი - ინგა ტორჩინავა, რომელიც არასდროს დამავიწყდება და ვისი დიდი მადლობელიც ვარ.

- რა იყო თავდაპირველად თქვენი მიზანი?

- თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო რეალიზმის განხრით ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმამდე მიმეღწია. მერე კი მივხვდი, რომ პირველ რიგში ჩემი თავი მხატვრობაში უნდა მეპოვა! თუ სად შემიძლია საკუთარი ემოციების ყველაზე კარგად გადმოცემა, ვფიქრობ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ... რა თქმა უნდა, ვფიქრობ ჰიპერრეალიზმს მაქსიმუმი არ აქვს, ყოველთვის შეიძლება ისეთი დეტალების დამატება, რასაც ხატვის პროცესში ვერ აღიქვამ. მე უბრალოდ, მალევე გამიჩნდა სხვა მიზანი და კითხვები საკუთარ თავთან. არის კი რეალიზმი ის, სადაც შევძლებ საკუთარი თავის ბოლომდე გადმოცემას?

- თქვენი შემოქმედება ადამიანებს ძალიან მოსწონთ... თქვენ თვითონ როგორ აფასებთ?

- ვფიქრობ, ზედმეტ თავის ქებად ჩამეთვლება იმაზე ვისაუბრო, თუ რა შევქმენი. თუმცა ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამის სწავლა და შეცნობა მჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შემოქმედება სრულყოფილია. ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს ის, რასაც ადამიანი საკუთარი ხელით ქმნის. ყველაფერი ხანგრძლივი შრომის და მონდომების შედეგია.

- რას იტყოდით კონკურსებზე, გამოფენებზე?

- კონკურსებში ადრეული ასაკიდანვე ჩავერთე, პირველად ნამუშევარი ერთ-ერთ გამოფენაზე გავყიდე, უფრო სწორად, იქვე შესრულებული ეტიუდი. შემდგომში აქტიურად დავიწყე ნამუშევრების გაყიდვა. ალბათ ძალიან ბევრს ექნება ჩემი ნამუშევარი სახლის კედლებზე გამოფენილი და იმედია, მათ ოდესმე ისევ შევხვდები. ძალიან მინდა უფრო მასშტაბურ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, თუმცა ამის საშუალება ჯერ არ მომეცა. იმედია ჩემით დაინტერესდებიან. ვიტყოდი, რომ ასაკი ჯერჯერობით ამის საშუალებას არ მაძლევს.

- რომელმა მხატვარმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული გავლენა?

- რენესანსი ბავშვობიდან მიტაცებს, ბაროკოს და როკოკოს ეპოქის მხატვრობა. მხატვრებიც თავისთავად-მიქელანჯელო, კარავაჯო, დავინჩი……ამ ეტაპზე ვცდილობ, ნამუშევრებში მათი ფერთა გამა დავიჭირო. ქართველებიდან დავით კაკაბაძეს გამოვარჩევდი, საოცარი მონასმები აქვს. თანამედროვე ქართველ მხატვრებში თედო რეხვიაშვილს, რომელიც საინტერესოდ განვითარებადი პერსონაა. მას დიდი ხანია თვალს ვადევნებ..

- როგორია დღეს ჩვენი ქვეყანა ხელოვანისთვის სამოღვაწეოდ?

- ვფიქრობ, სამომავლოდ კარიერული წინსვლისთვის მომიწევს საზღვარგარეთაც წარმოვაჩინო ჩემი თავი. თუმცა საქართველოს აუცილებლად დავუბრუნდები და იმედია ჩემი ქვეყანა ჩემით იამაყებს, მიზანიც ეს არის.

- აპირებთ თბილისის დახატვას?

- რა თქმა უნდა! თბილისის ქუჩები მუდმივად იდეებით მამარაგებენ. ბევრი ჩანახატი მაქვს ძველი უბნების არქიტექტურის...

- საზღვარგარეთ წასვლაზე თუ გიფიქრიათ?

- ვფიქრობ, სამომავლოდ კარიერული წინსვლისთვის მომიწევს საზღვარგარეთაც წარმოვაჩინო ჩემი თავი. თუმცა საქართველოს აუცილებლად დავუბრუნდები და იმედია ჩემი ქვეყანა ჩემით იმაყებს, მიზანიც ეს არის.

- თქვენი ნამუშევრებიდან თეთრი ცხენი განსაკუთრებულად მოსწონთ... კონკრეტულად ამ ნამუშევარზე რომ გვითხრათ....

- დიდი მადლობა! რაც შეეხება ნახატს, მასზე გამოსახულია დაუმორჩილებელი, შეუკაზმავი მუსტანგი. ნახატის სახელწოდებაც " სულია" , შინაგანი თავისუფლების შეგრძნების მქონე ლამაზი არსება, ცხენი.

- რამდენად არის თქვენს შემოქმედებაში ბუნების, მცენარეების, ცხოველების გავლენა?

- ბუნების გავლენა ნამდვილად არის, მიყვარს პეიზაჟები. ცხოველების არა, მაგრამ, კონკრეტულად ცხენის დახატვის ინსპირაცია ბავშვობაში ნანახმა ანიმაციამ -" spirit" -მა მომცა. სახელწოდებაც აქედან შევურჩიე.

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- დღეს საკუთარ შემოქმედებაზე ვმუშაობ, ძირითადი ნამუშევრების ნაწილი იყიდება, რადგან რთულია ხელოვანმა ადამიანმა სხვა საქმიანობაში თავი კომფორტულად იგრძნოს. ასე ვთქვათ, ყოფით ცხოვრებაში, ამ ეტაპზე ჩემი ნამუშევრები მეხმარება. თუმცა იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ არამხოლოდ ჩემი, არამედ სხვა ხელოვანების შემოქმედებაც იმ დონეზე დაფასდება, რომ მხატვარს მეტი დრო დარჩება, საკუთარ შემოქმედებაზე გააკეთოს უფრო მეტი აქცენტი. ვგულისხმობ კარგ სპონსორებს და დაფინანსებას. მანამდე კი ვეცდები საკუთარი თავი მაქსიმალურად დავხვეწო და ვიპოვო ჩემი მე!

- თქვენთვის გამორჩეულ ნახატებზე რომ გვითხრათ..

- ჩემი ძველი ნამუშევარია, სადაც ცხენთან ერთად ქალიცაა ასახული. ვფიქრობ, ბუნების ორი საოცარი ქმნილება. ნამუშევარი "მეგობარიც" ძალიან მიყვარს... ბროწეულიც მომწონს, ჩემთვის გამორჩეულად ლამაზი ხილია, რატომღაც შინაგან ქარიზმასთან და სიცოცხლესთან ასოცირდება ჩემთვის წითელი.

- თუ გაქვთ ნახატებში კონკრეტული მესიჯი?

- ზოგიერთ ნახატში, რა თქმა უნდა, მაქვს! ზოგიერთი გარეგნული ესთეტიკური სილამაზის მომნიჭებელია…

- პანდემიის პერიოდმა როგორ იმოქმედა თქვენს შემოქმედებაზე, მიმართულება შეგეცვალათ?

- მიმართულება არა, ტექნიკა. პანდემია დიდხანს გაგრძელდა და ხანგრძლივი მუშაობის პროცესს თავისთავად მოჰყვება პროგრესი.

- რა არის თქვენი ინტერესის სფეროები?

- ამ ეტაპზე არქიტექტურა. არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და ჯერჯერობით ძალიან მხიბლავს, საინტერესოა. ხელოვნების ნაწილია და შორს არ გადავუხვევ ამ მხრივაც…შემოქმედებითი განვითარება, მინდა რაც შეიძლება მეტი გამოცდილება და ინფორმაცია მივიღო. საზოგადოებასაც სიამოვნებით გავაცნობდი თავს მხატვრობით ან არქიტექტურის განხრით, ან სულაც ორივეთი ერთად. ვიმედოვნებ, ამის შესაძლებლობა მომეცემა. საზოგადოებას გავუგზავნიდი მცირე მესიჯბოქსს... მეტი ხელოვნების, სიყვარულის და დადებითი ემოციების დროა!