ავტორი:

"ზაზას ამბავი რომ გავიგეთ, რეპეტიცია გვქონდა, ყველაფერი ჩაიშალა" - კაცი, რომელიც დააკლდა თეატრს: როგორ იხსენებენ ზაზა მიქაშავიძეს მეგობრები და კოლეგები?

"ზაზას ამბავი რომ გავიგეთ, რეპეტიცია გვქონდა, ყველაფერი ჩაიშალა" - კაცი, რომელიც დააკლდა თეატრს: როგორ იხსენებენ ზაზა მიქაშავიძეს მეგობრები და კოლეგები?

31 მარტს თუმანიშვილის თეატრის მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა. "თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი" - წერია განცხადებაში.

  • ზაზა მიქაშავიძისთვის თეატრი და ზოგადად, ეს სამყარო იყო ყველაფერი, მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოედგინა. ცნობილია, რომ ბატონი ზაზა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის მეუღლე გახლდათ და ამ სამსახიობო წყვილს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

"ჩემი ოჯახი თეატრალურია, ჩემი მეუღლე ზაზა მიქაშავიძეც მსახიობია. ბევრ სპექტაკლში სცენაზე ერთად ვდგავართ და ვთამაშობთ... მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე ვარ. ბატონი მიშა იყო გურუ, ძალიან დიდი პედაგოგი, დიდი რეჟისორი. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე და ცდილობდა, ჩვენც ასევე გვყვარებოდა. ის რომ არ ყოფილიყო, მე მსახიობი არ ვიქნებოდი. ჩემი მეუღლეც ბატონი მიშას მოწაფე იყო. ჩემთვის თუმანიშვილის სახელობის თეატრი არის ყველაფერი“, - ამბობს ნინელი ჭანკვეტაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

სპექტაკლი ''დარაბებს მიღმა გაზაფხულია'' - ზაზა მიქაშავიძე და ნინელი ჭანკვეტაძე

AMBEBI.GE შეეცადა, ბატონი ზაზას კოლეგებს დაკავშირებოდა (უმეტესობამ, ამ მძიმე ამბით შეწუხებულმა, საუბარი ვერ შეძლო)...

რამაზ იოსელიანი, მსახიობი:

- ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზაზა აღარ არის. 45 წელიწადი ერთად ვიყავით. ნინელი და მე ჯგუფელები ვართ და ნინელისგან გამომდინარეც სტუდენტობიდან ერთად მოვდივართ. კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია - ჯერ ერთი, ფანტასტიკური იუმორი ჰქონდა, იყო კარგი მეგობარი, რაც მთავარია, თხემით ტერფამდე პროფესიონალი გახლდათ. არ მახსოვს, რეპეტიცია გაეცდინოს, ან მოუმზადებელი მოსულიყოს. ყველანაირად მოწესრიგებული იყო, ნამდვილად თეატრის კაცი. ბოლოს „ბაკულას ღორებში“ ითამაშა. ეს სპექტაკლი ჩემი და ნინელის მესამე საკურსო სპექტაკლი იყო, რომელიც შემდეგ თეატრში გადმოვიდა... ძალიან შეწუხებული ვარ, ზაზას წასვლით გული დამწყდა. ამდენი წელი ერთად, ხუმრობა ხომ არ არის?! სცენაზეც ხშირად ვყოფილვართ პარტნიორები. ყოველთვის ფორმაში იყო... თეატრის გვერდში მდგომი ადამიანი წავიდა.

ნიკა წერედიანი, მსახიობი:

- 2002 წელს მივედი თეატრში. იმ დღიდან ვიცნობ ზაზას. საოცრად ნიჭიერი იყო. გარდა არტისტობისა, ის მეორე პროფესიით რეჟისორი იყო. მიხეილ თუმანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო დადგმის „ჩვენი პატარა ქალაქის“ ბატონ მიშასთან ერთად დამდგმელი. ახლაც მას ებარა ამ სპექტაკლის აღდგენა. მაისის მერე პრემიერები უნდა გამოსულიყო და ახალი სეზონისთვის უნდა მომზადებულიყო... გარდა იმისა, რომ რეჟისორი იყო, „ჩვენ პატარა ქალაქში“ გოგი გეგეჭკორის შემდეგ წამყვანს და მთხრობელს თამაშობდა. ზაზამ საოცრად შეცვალა... სპექტაკლში მეც ვმონაწილეობდი, რამდენიმე წლის წინ შემიყვანა. ის ინტონაციები და ის ხმა ახლაც ყურში მიდგას. საოცარი იყო. შევდიოდი ხოლმე კულისში და ვუსმენდი, რადგან მისგან განსაკუთრებულად იყო მოწოდებული... მის ხმას რომ ვეღარ გავიგებ, არის საშინელი ამბავი...

კადრი ფილმიდან ''მარტოხელა მონადირე''

მომიწია მასთან რამდენიმე სპექტაკლშიც პარტნიორობა. საყვარელი ადამიანი იყო. ახალგაზრდა მსახიობს როგორც შეიძლება, რომ გვერდში დაუდგე, ყოველთვის გვერდში ედგა, ზაზასგან სულ იგრძნობოდა, რომ ძალიან კარგად, დადებითად იყო მათთან განწყობილი. თეატრის გარდა, წილად მხვდა ბედნიერება, მიხეილ ჭიაურელის როლი მეთამაშა. ეს იყო "პირველი არხის“ ერთ-ერთ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ზაზას სტალინის როლი ჰქონდა (ფილმი მიხეილ ჭიაურელისა და სტალინის ურთიერთობაზე იყო). ზაზა სტალინის როლს თამაშობდა და მე - მიხელ ჭიაურელის. გადაღება ერთად გვქონდა და ჩვენ შორის კიდევ საოცარი ურთიერთობა ჩამოყალიბდა... ურთიერთობაშიც არაჩვეულებრივი, ყურადღებიანი, გვერდში მდგომი ადამიანი იყო. ახლა ვიხსენებდი, შარშან რაღაც ვერ იყო კარგად და მაგ პერიოდში მამა გარდამეცვალა. მიუხედავად ამისა, მოვიდა, კარგა ხანი იყო ჩემთან, მამხნევებდა, ვერაფრით დავივიწყებ ამას. ბევრი კარგი მახსოვს... გუშინ, როცა ეს ამბავი გავიგეთ, რეპეტიცია გვქონდა, ერთი სპექტაკლის აღდგენაზე ვმუშაობთ, ყველაფერი ჩაიშალა...

სპექტაკლი "ჰარალეთი'' - ზაზა მიქაშავიძე და ნინელი ჭანკვეტაძე

ვანო ხუციშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ბატონი ზაზას ამქვეყნიდან წასვლა ძალიან სამწუხარო ამბავია. მთელი თეატრისთვის ნამდვილად მოულოდნელობა იყო... ნებისმიერი ადამიანის წასვლა საერთოდ, რთული და მტკივნეულია, მაგრამ ბატონი ზაზა გამოირჩეოდა თეატრთან მიმართებაში საოცარი ურთიერთობით. ის თეატრის დამფუძნებლებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო და მიხეილ თუმანიშვილის თანამოაზრე. პრაქტიკულად, ერთად შექმნეს და განახორციელეს ის იდეა, რასაც მიხეილ თუმანიშვილის თეატრი ჰქვია და ზოგადად კონცეფცია.

ეს ამბავი უფროსი და ახალი თაობისთვის დიდი დარტყმაა, რომელთანაც ძალიან მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა. ვუსამძიმრებ თეატრს, ოჯახს, განსაკუთრებით ვუსამძიმრებ ქალბატონ ნინელის ამ ძალიან დიდ დანაკლისს. უნივერსიტეტიდან ერთად მოდიოდნენ. ბატონი ზაზა იყო მიხეილ თუმანიშვილის პირველი ჯგუფის წევრი, რომლის ბაზაზეც თეატრი შეიქმნა, ხოლო ქალბატონი ნინელი - მეორე ჯგუფის. ძალიან რთულია ახლა ეს ყველაფერი... არადა, ვემზადებოდით „ჩვენი პატარა ქალაქის“ აღსადგენად. 11 მაისს მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების დღეა.

სპექტაკლი ''ჰარალეთი''

ბატონი ზაზა იცით, რომ ამ სპექტაკლის მთავარი პერსონა იყო. თავის დროზე მიხეილ თუმანიშვილმა ამ სპექტაკლზე რეჟისორად აიყვანა. რამდენი აღდგენაც მოხდა, სულ ის აღადგენდა. სამწუხარო ამბავია... თუმცა ცხოვრება გრძელდება და ვფიქრობ, თუმანიშვილის თეატრმა ღირსეულად უნდა უპასუხოს ამ რთულ გამოწვევას და ტრაგედიას. ისე, როგორც ამ თეატრს სჩვევია და ღირსეულად ატაროს მისი სახელი, უნდა გააგრძელოს ცხოვრება. მე სულ ერთი წელია, რაც სამხატვრო ხელმძღვანელად დავინიშნე. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ყველაზე კონსტრუქციული იყო, გამოირჩეოდა თანამშრომლობით, ურთიერთობით როგორც ჩემთან, ასევე თეატრთან მიმართებაში, ეს ბატონი ზაზა იყო. მადლობას ვუხდი მას ამ ურთიერთობისთვის. იმ ფასეულობის გაფრთხილებისთვის, რასაც თუმანიშვილის თეატრი ჰქვია. ის ყოველი ნაბიჯით ამ ყველაფერს უფრთხილდებოდა, რასაც მიხეილ თუმანიშვილის დანატოვარი ჰქვია.

ზაზა მიქაშავიძე გადაღებულია ფილმებში: "კარიერი“, „სახლი ლესნაიაზე,“ „მარადისობის კანონი,“ „ტერანგი,“ „ახალი არკადია“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“, „ქველი (კეთილისმყოფელი),“ „ტურანდოტი,“ „მარტოხელა მონადირე,“ დათა თუთაშხია,“ „ვალსი პეჩორაზე,“ „ვირთხა,“ „დათქმულ დღეს,“ „ანას დაბადების დღე“.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის და რეჟისორის ზაზა მიქაშავიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, თუმანიშვილის თეატრს და მთელ თეატრალურ საზოგადოებას.