ავტორი:

ბესლანის ტრაგედია, ჩაშლილი ქორწილი და ოლიმპიური ოქრო - ვინ არის ზაურბეკ სიდაკოვი, რომელიც გამარჯვებებს ბესლანის ტერაქტისას დაღუპულ ბავშვებს უძღვნის

ბესლანის ტრაგედია, ჩაშლილი ქორწილი და ოლიმპიური ოქრო - ვინ არის ზაურბეკ სიდაკოვი, რომელიც გამარჯვებებს ბესლანის ტერაქტისას დაღუპულ ბავშვებს უძღვნის

ოლიმპიადის მოგება ყველა სპორტსმენის ოცნებაა. სურვილიდან მიზნის მიღწევამდე კი ურთულესი გზაა გასავლელი, რომელიც არამხოლოდ ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშს, არამედ ძლიერ მენტალიტეტსა და ნებისყოფას მოითხოვს.

არაერთი ნიჭიერი სპორტსმენი გვინახავს, თუმცა ყველა ვერ აღწევს ოლიმპიურ ჯილდომდე. ზოგი ტრავმას იღებს, ზოგიც მცირე მიღწევით კმაყოფილდება, ზოგს მოტივაცია ეკარგება, ზოგი კი ნახევარ გზაზე ტოვებს ყველაფერს და ცდუნებებს ვერ უძლებს.

ჩვენი სტატიის გმირი ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი, ზაურბეკ სიდაკოვია, რომელმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, კარიერაში უმაღლეს საფეხურს მიაღწია. სპორტსმენი 1996 წლის 14 მარტს დაიბადა. მამამისის, კაზბეკის თქმით, ვაჟის პირველივე დანახვიდან იცოდა, რომ ის ჩემპიონი გახდებოდა.

"ტრაილერზე ვმუშაობდი, მეუღლე ორსულად იყო, როდესაც წავედი და დიდხანს შეყოვნება მომიწია. როდესაც დავბრუნდი, ზაური უკვე 4 თვის დამხვდა. როდესაც ოთახში შევედი და დამინახა, არ ვიცი, როგორ, მაგრამ რაღაც სიტყვებს ამბობდა. გავძახე ცოლს: "რიტა, ჩვენი ბიჭი ოლიმპიური ჩემპიონი იქნება“. გაოცებულმა მკითხა, რას ლაპარაკობო. "ვფიცავ“, - ვუპასუხე მეუღლეს", - იხსენებს ზაურბეკ სიდაკოვის მამა.

უკვე პატარაობიდან სიდაკოვი ბესლანის სკოლაში ჭიდაობაზე დადიოდა. ქალაქი მისი მშობლიური სოფლიდან 10კმ-ში მდებარეობდა. ბესლანის ტრაგედიის დღეს, როდესაც ტერორისტები სკოლას თავს დაესხნენ და ბავშვები ტყვედ აიყვანეს (2004 წლის 1 სექტემბერი), ზაურბეკი 8 წლის იყო. თვითონ არა, მაგრამ მისი მეგობრები ტერაქტის დროს სკოლაში იყვნენ.

  • "ორი კვირა მოვასწარი ჭიდაობის სექციაზე რომ მევლო. მერე ეს ტერაქტიც მოხდა. მახსოვს, სკოლიდან ქუჩაში როგორ გვყრიდნენ, ამბობდნენ, ბესლანში ტერორისტებმა სკოლა აიღესო. ბავშვები ვიყავით, მაგრამ უკვე ვხვდებოდით ეს რასაც ნიშნავდა. როდესაც სახლში დავბრუნდით, სკოლის კადრებს ყველა საინფორმაციოში აჩვენებდნენ.

ბევრი წელი გავიდა, თუმცა ეს ამბავი ქალაქის ყველა მკვიდრში ცოცხალია. ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო ტრაგედია. ჩემი არაერთი მეგობარი, ვისთანაც ვჭიდაობდი, სკოლაში ტყვედ იყო, ბევრი რამის გადატანა მოუწიათ", - ამბობს სპორტსმენი.

ტერაქტის შემდეგ, მშობლები დიდი ხნით უკრძალავდნენ ზაურბეკს ბესლანში წასვლას. თუმცა მიუხედავად ამისა, ბიჭმა ჭიდაობაზე უარი არ თქვა და უფრო მეტიც, ელიტარულ სპორტსმენად ჩამოყალიბდა.

  • 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბუდაპეშტში ტარდებოდა, სიდაკოვმა ოქროს მედალი მოიგო.

"ჩემი გამარჯვება მინდა მივუძღვნა იმ ბავშვების ხსოვნას, რომლებიც 2004 წლის ბესლანის ტრაგედიას შეეწირნენ. მე თვითონ იქიდან ვარ, იქ ვვარჯიშობდი. ეს ყველას შეეხო, მძიმედ გადავიტანეთ. ჯერ კიდევ მაშინ მივეცი საკუთარ თავს პირობა, რომ ჩემს გამარჯვევებებს მათ მივუძღვნიდი", - აღნიშნა მაშინ სპორტსმენმა.

  • დრო გადიოდა, ზაურბეკი იზრდებოდა, გამარჯვებას გამარჯვება ემატებოდა, რეპუტაცია მაღლდებოდა და ნანატრი ოლიმპიადაც სულ უფრო ახლოვდებოდა.

ყველაფერი მზად იყო, რომ არა კორონავირუსი. უხანიდან წამოსულმა ეპიდემიამ მსოფლიო შეცვალა. იმ წელს (2020) ცხოვრება ფაქტობრივად, დაპაუზდა. გადაიდო თითქმის ყველა ტურნირი, სპორტული შეჯიბრება, მათ შორის ოლიმპიადაც.

  • რუტინა - მუდმივი შეკრება, ვარჯიში, ტურნირები, შეიცვალა. სპორტსმენებს თავისუფალი დრო გამოუჩნდათ. ზუსტად ამ პერიოდში, ზაურბეკი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც ქუჩაში შენიშნა გოგო, ძაღლთან ერთად. ეს გოგო მადინა ფილიევა იყო, რომელთანაც სპორტსმენმა "განსაკუთრებული ქიმია" იგრძნო, გაიცნო და შეუყვარდა.

წყვილმა ქორწილი აღარ გადადო. მიიჩნიეს, რომ "ერთმანეთისთვის დაბადებულები“ იყვნენ და ლოდინი არ ღირდა. ვლადიკავკაზში ყველაზე დიდი და ძვირფასი რესტორანი იქირავეს. 500 სტუმარი მიიწვიეს. ყველა იმ ქორწილში იყო - ელიტის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, დაღესტნელი და ჩეჩენი მოჭიდავეები. საერთო ჯამში წყვილმა ქორწილში საჩუქრად 10 მილიონი რუბლი მიიღო (დაახლოებით, 125 000 დოლარზე მეტი).

  • თუმცა ქორწილი ზღაპრულად არ გაგრძელებულა

იმ მომენტში, როდესაც ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, კაცები და ქალები ქორწინებას განცალკევებით აღნიშნავდნენ, ვიღაცამ, "ინსტაგრამზე“ საქმროს, მის მეგობრებსა და მშობლებს მადინას ვიდეო გაუგზავნა, რომელიც როგორც ამბობენ "უხამსი იყო." ვიდეოს თან დართული ჰქონდა შემდეგი ტექსტი - "ეს გოგონა ესკორტით იყო დაკავებული."

გააფთრებული საქმრო შეუვარდა საცოლეს, თმაში სწვდა და გარეთ გაიყვანა. ქორწილი ჩაიშალა.

ამ ამბის შემდეგ, მადინას მამა გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაურბეკი კი მეგობრებმა ქალაქს გაარიდეს, რათა შურისძიების მიზნით, ცხელ გულზე, არავინ მოეკლა, ან დაეშავვებინა. თავად მადინამ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა, თუმცა მიუსწრეს და გადაარჩინეს. გამოკეთებისთანავე, მოსკოვში გაემგზავრა და მეგობრებსა და ოჯახთან ურთიერთობა გაწყვიტა.

"ოსისთვის საზოგადოებაში სტატუსი, ხალხის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ზაურბეკი კი ფაქტობრივად, სახალხოდ შეარცხვინეს. ამიტომაც ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი ოსი მოიქცეოდა მის ადგილას. თუ ზაურს გოგონას წარსულის შესახებ ეცოდინებოდა, მოტყუებული არ იქნებოდა და მორალურად მზად იქნებოდა. სხვანაირად მოიქცეოდა მერე. შესაძლოა, ცოლად არ მოეყვანა, მაგრამ გულახდილი იქნებოდნენ ერთმანეთთან. ასე კი გამოდის, რომ საცოლე ასულელებდა.

მადინა არასდროს იმუშავებდა ესკორტზე. მას სერიოზული რომანი ჰქონდა ბევრად უფროს კაცთან. თუმცა ფულის გამო არა, ეს სიყვარული იყო. ის ამბავი ქორწილით ვერ დამთავრდებოდა, რადგან კაცს ცოლი ჰყავდა. შესაძლოა, სწორედ ცოლის ხელი ურევია ამ ამბავში. ეჭვიანობის გამო", - ჰყვება პირი, რომელიც სპორტსმენის ქორწილში იყო.

  • ასევე, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, ზაურბეკის კონკურენტებმა სცადეს მასში საბრძოლო სულისკვეთების განადგურება. თავად სიდაკოვი და მისი მეგობრები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

სპორტსმენი მთაში წავიდა, სადაც ვარჯიში გააგრძელა. სწორედ ვარჯიში გახდა უკიდეგანო დეპრესიისგან მხსნელი. მან სანუკვარი ოცნებისთვის - მოახლოებული ოლიმპიადისთვის ბრძოლა განაგრძო.

2021 წლის წელს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ფინალში ზაურბეკი რაზამბეკ ჟამალოვს დაუპირისიპრდა და მოუგო.

სოციალური ქსელების მომხარებლები მადინას ანგარიშს შეესივნენ. კითხვაზე "არის თუ არა სიდაკოვი ჩემპიონი“, გოგონამ მოკლედ უპასუხა: "იყო, არის და ყოველთვის იქნება“. თუმცა იმ წელს მადინამ სოციალური ქსელები გააუქმა და დღემდე არ აღუდგენია.

2021 წლის 6 აგვისტოს სიდაკოვმა ცხოვრების მიზანს მიაღწია - ტოკიოს ოლიმპიადაზე მან 74კგ წონით კატეგორიაში ოქრო მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ მუხლებზე დაეცა და ტიროდა.

"იმ დილით, ადრე ავდექი და ლოცვა დავიწყე. მე როგორც ზაურს, ისევე დაღესტნელს ვგულშემატკივრობდი (მაგომედჰაბიბ კადიმაგომედოვი წარმოშობით დაღესტნელია, თუმცა ბელარუსის სახელით ჭიდაობდა - რედ.). როცა იმ ბიჭმა წააგო, ცრემლები წამომივიდა. შემეცოდა ყველა მშობელს უნდა, რომ მისმა შვილმა მოიგოს. ღმერთს მადლობა, ვტიროდი, რთული მომენტი იყო. კიდევ უფრო ბევრს ვილოცებ“, - ამბობდა კაზბეკი, ზაურის მამა ოლიმპიადის ფინალის შემდეგ.

ალბათ, ყველა ხვდებით, ვის მიუძღვნა ზაურბეკმა ოლიმპიური ოქრო - ბესლანის ტრაგედიის დროს დაღუპულ ბავშვებს.