ავტორი:

"სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია - არის საშინელი კახექსია" - სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი

"სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია - არის საშინელი კახექსია" - სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი

თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს პატიმრად გრძნობს და სტრესი არ ეხსნება, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება.

“კლინიკა “ვივამედმა” ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ითხოვენ სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ. იქ არ არის ნათქვამი, რომელ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. მე ძალიან კარგად მესმის ამ კლინიკის თანამშრომლების და დირექციის, უკვე 10 თვეა მიხეილ სააკაშვილი აქ იმყოფება. ყველა მხრიდან დიდი წნეხი აქვთ და რეზულტატებიც არ აქვთ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არ უმჯობესდება.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აპრილის დასკვნაში დავწერეთ, ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ის რამაც გამოიწვია ეს დაავადება, სტრესი ადამიანს არ ეხსნება. იმ გარემოში იმყოფება, რომელ გარემოშიც დაავადდა, არანაირი აზრი არ აქვს ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში გადაყვანას, ან კიდევ სხვაგან ან ვიღაცის ჩამოყვანას, ერთი ან ორი სპეციალისტის ჩამოყვანას. თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს, მე არ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე, გადავადება იქნება თუ დროებით გადაყვანა. ვფიქრობ, საქართველოს პირობებში, სადაც ის თავს პატიმრად გრძნობს, სადაც არ ეხსნება ეს სტრესი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება”, - აღნიშნა გრიგოლიამ.

გრიგოლიას განმარტებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის ჯგუფის წევრები დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოაქვეყნებენ.

“დღეს ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკა ,,ვივამედის” დირექტორს, ნინო ნადირაძეს. ჩვენ დღეს სხვა ექიმებთან არ გვისაუბრია. დღეს მისი სამედიცინო ისტორია არ გვინახავს, დანიშნულება ვნახეთ. ჩვენ ბოლო ორი კვირის ისტორია არ გვინახია. პრინციპში დიდი ცვლილებები არ იქნება. დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოვაქვეყნებთ.

შეიძლება თეორიულად დავუშვათ, რომ ადგილი თვითდაზიანებას აქვს. რას ვგულისხმობ თვითდაზიანებაში, განზრახ არ ჭამდეს საჭმელს და ისევ შიმშილს აგრძელებდეს?კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი კონსილიუმის წევრ ექიმებს ასეთი შთაბეჭდილება არ რჩება, მაგრამ არიან ექიმები, რომლებიც ასე თვლიან. შედეგი ახლა არის ძალიან ცუდი, რადგან არის საშინელი კახექსია, კუნთების განლევა, უჭირს ადგომა. 10 თვის მკურნალობის შედეგად დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე მაისში, როცა ამ კლინიკაში შემოვიდა. შესაბამისად, იმას არ ვამბობ, რომ ეს კლინიკა არაკომპეტენტურია და მათ არ შეუძლიათ მკურნალობა, ეს შედეგი დადგებოდა ნებისმიერი ქვეყნის კლინიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის მოხსნილი ის მიზეზი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია”,- განაცხადა გრიგოლიამ.