ავტორი:

მკვლელობა ლონდონში: გოგონას სხეულზე 43 -მდე დაზიანება აღენიშნებოდა - მის სიკვდილში მონაწილეობა მილიარდერის ვაჟმა 15 წლის მერე აღიარა, თუმცა ამბობს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო

მკვლელობა ლონდონში: გოგონას სხეულზე 43 -მდე დაზიანება აღენიშნებოდა - მის სიკვდილში მონაწილეობა მილიარდერის ვაჟმა 15 წლის მერე აღიარა, თუმცა ამბობს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო

15 წლის წინ, 23 წლის სტუდენტის, მარტინა ვიკ მაგნუსენის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მილიარდერის ვაჟი ფარუკ აბდულჰაკი ლონდონიდან იემენში გაიქცა. წლების შემდეგ კი, BBC-სთან აღიარა მისი მონაწილეობა ქალის სიკვდილში. BBC-ის არაბულმა კორესპონდენტმა ნავალ ალ-მაგაფიმ ერთგვარი გამოძიება ჩაატარა და აბდულჰაკთან საუბარი შეძლო.

23 წლის ნორვეგიელი მარტინა ვიკ მაგნუსენის ცხედარი 2008 წელს, ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში, პორტლენდის ქუჩაზე, სარდაფში, ნაგვის გროვის ქვეშ აღმოაჩინეს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

აბდულჰაკი ლონდონის პოლიციის ძებნილთა სიაშია და მის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერი არის გაცემული. კაცმა BBC-სთან განაცხადა, რომ ვიკ მაგნუსენი "სექსის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა".

აბდულჰაკი, რომელიც ვიკ მაგნუსენთან ერთად სწავლობდა უნივერსიტეტში, ამბობს, რომ მზად არ არის დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისთვის და პოლიციასთან შესახვედრად, რადგან, მისი თქმით, უკვე გვიანია.

ჟურნალისტი სტატიაში ჰყვება, რომ როდესაც მარტინას ცხედარი აღმოაჩინეს, ის ლონდონში სწავლობდა და ამ ამბავმა შოკში ჩააგდო, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ ქალის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი იემენელი იყო, რადგან თავადაც იემენიდან არის.

აბდულჰაკთან კონტაქტზე გასვლა პირველად 2011 წელს სცადა, როდესაც BBC-ში დაიწყო მუშაობა, მისი მიზანი იყო, რომ ეპოვა პასუხები მარტინას ოჯახის კითხვებზე.

ჟურნალისტმა ფარუკ აბდულჰაკთან კონტაქტის დამყარება მხოლოდ გასულ წელს შეძლო. მათი კომუნიკაცია სოციალური ქსელით დაიწყო. წლების განმავლობაში კაცთან უამრავი ჟურნალისტი ცდილობდა კონტაქტზე გასვლა, მაგრამ აქამდე ვერავინ შეძლო. ქალი ამბობს, რომ იემენური ფესვები დაეხმარა მისი ნდობის მოპოვებაში.

ნავალ ალ-მაგაფი ტელეფონზე საუბრობს ფარუკ აბდულჰაკთან

"პატარა ვიყავი, რაღაც გავაკეთე, ეს შეცდომა იყო", - უთხრა ფარუკმა ჟურნალისტს.

მას ეჭვმიტანილი ხუთი თვის განმავლობაში წერდა, გაუგზავნა უამრავი შეტყობინება, ასობით ხმოვანი ჩანაწერი, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებია მარტინას სახელი და მისი გარდაცვალება, ის იყენებდა ტერმინებს "ინციდენტი" ან "უბედური შემთხვევა".

ექსპერტიზის დასკვნიდან ცნობილი გახდა, თუ რა საშინელი სიკვდილით დაიღუპა ნორვეგიელი სტუდენტი. სიკვდილის მიზეზად კისრის მოტეხა დასახელდა, თუმცა ქალს სხეულზე აღენიშნებოდა 43 - მდე ზედაპირული ჭრილობა და სხვა ტიპის დაზიანება. როგორც კორონერმა განაცხადა: "ეს ყველაფერი იყო ძალადობისთვის დამახასიათებელი ტიპიური დაზიანებები, რომელიც წინააღმდეგობის გაწევის დროს იყო მიღებული.

ფარუკი და მარტინა ლონდონის Regents Business School-ში სწავლობდნენ. ქალი მეგობრებმა ბოლოს ცოცხალი 2008 წლის 14 მარტს ნახეს ღამის კლუბში, სადაც ის და ფარუკი გამოცდების ჩაბარებას ზეიმობდნენ.

მეგობრები ამბობენ, რომ ფარუკმა შესთავაზა წვეულების გაგრძელება მის სახლში პორტლენდის ქუჩაზე, მაგრამ ისინი არ წავიდნენ, რადგან ძალიან დაღლილები იყვნენ, მაგრამ ამბობენ, რომ მარტინას სურდა ზეიმის გაგრძელება.

კამერებმა აჩვენა, რომ ქალმა ღამის კლუბი ფარუკთან ერთად 02:59 საათზე დატოვა.

მისი ცხედარი ორი დღის შემდეგ იპოვეს. ამ დროში ფარუკი დიდი ბრიტანეთიდან კაიროში გაიქცა. შემდეგ კი მამის კერძო თვითმფრინავში ჩაჯდა და იემენში გაფრინდა. ფარუკი ადვოკატმა დაარწმუნა, რომ ის მკვლელობაში უდანაშაულო იყო.

ფარუკი არ არის ჩვეულებრივი იემენელი. ბავშვობაში ის ცხოვრობდა აშშ-სა და ეგვიპტეში. ის არის იემენის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანის შაჰერ აბდულჰაკის ვაჟი. აბდულჰაკ-უფროსმა ააშენა ბიზნესიმპერია, რომელიც ვაჭრობდა შაქრით, გამაგრილებელი სასმელებით, ზეთითა და იარაღით და იყო იმჟამინდელი პრეზიდენტის ალი აბდულა სალეჰის ახლო მეგობარი.

როდესაც ჟურნალისტმა 2011 წელს პირველად სცადა ფარუკთან საუბარი, რამდენიმე თვე გაატარა იემენში მის მოსაძებნად. მაგრამ ქვეყნიდან წასვლა მოუწია, რადგან ხელისუფლებამ გააფრთხილა.

ნავალი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ფარუკთან კონტაქტის დამყარებას

2022 წლის თებერვალში გადაწყვიტა, რომ საქმეს ხელახლა მიბრუნებოდა. იმ დროისთვის ფარუკის მამა გარდაიცვალა და პრეზიდენტი სალეჰი თანამდებობიდან გადადგა. ქალმა აღმოაჩინა, რომ აბდულჰაკი იყენებდა Snapchat აპს. მესიჯზე კი წამებში უპასუხა.

"შენ ხარ ბოლო ადამიანი, ვისთანაც ვილაპარაკებ", - უთხრა აბდულჰაკმა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ კაცის ნდობა ადვილად მოიპოვა. ფარუკი ძალიან მარტოსულია. მისი ოჯახი ცხოვრობს იემენის ფარგლებს გარეთ, მათ შორის მისი ახლანდელი ცოლი და ქალიშვილი, რომლებიც ქვეყნაში სამოქალაქო ომის შემდეგ გაიქცნენ. მაგრამ დაპატიმრების შიშით ვერ ბედავს მათთან მისვლას.

"ძალიან ვწუხვარ იმ შემთხვევის გამო, ვნანობ იემენში ჩამოსვლას - უნდა დავრჩენილიყავი და პასუხისმგებლობა ამეღო", - ამბობს ეჭვმიტანილი.

როდესაც მარტინა მეორე დღეს სახლში არ დაბრუნდა, მეგობრებმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას შეატყობინეს, მაგრამ საქმეზე გამოძება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მეგობარმა აღმოაჩინა, რომ ფარუკმა წაშალა "ფეისბუქის" ანგარიში. მათ გაჩხრიკეს ფარუკის ბინა და იპოვეს ქალის ნახევრად შიშველი ცხედარი სარდაფში. ამ დროისთვის ფარუკი უკვე გაქცეული იყო.

მარტინა მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში Maddox მისი გარდაცვალების ღამეს

ფარუკმა იყიდა კაიროს ბილეთი, საიდანაც მამამ წაიყვანა იემენში, სადაც ფარუკს აქამდე არასდროს უცხოვრია, მაგრამ იქიდან მისი ექსტრადირება შეუძლებელი იყო. როგორც ირკვევა, დიდ ბრიტანეთს არ აქვს ექსტრადაციის ხელშეკრულება იემენთან.

ჯესიკა უადსვორტი, ლონდონის პოლიციის იმჟამინდელი მთავარი გამომძიებელი ამ საქმეზე, აღიარებს, რომ განადგურებული იყო, როდესაც ფარუკის ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი.

მარტინას მამამ 2010 წელს წერილი მისწერა დედოფალ ელიზაბეტს, დახმარება სთხოვა ლონდონის მაშინდელ მერს, ბორის ჯონსონს. ბრიტანეთის მთავრობა არწმუნებდა ოდ პეტერს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ მკვლელობის გასახსნელად.

ჟურნალსტი წერს, რომ ფარუკთან კონტაქტზე გასვლიდან ერთი თვის შემდეგ მათ შორის მომხდარზე ასეთი დიალოგი გაიმართა:

ნ: "გინდა მითხრა, რა მოხდა?"

ფ: "არ ვიცი რა მოხდა, ეს ყველაფერი დღემდე ბუნდოვანია, დროდადრო მაქვს გამონაკლისები, მაგალითად, თუ ვიგრძენი ქალის გარკვეული სუნამოების სუნი, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. არ მგონია, ჩემი ბრიტანეთში დაბრუნებით სამართლიანობა აღსრულდეს. ვფიქრობ, სისხლის სამართლის სისტემა დიდ ბრიტანეთში ძალიან მიკერძოებულია. მდიდარი კაცის შვილი ვარ... გვიანია“.

ფარუკი და მარტინა მისი გარდაცვალების ღამეს

ამ საუბრების შემდეგ, ჟურნალისტი იემენში ჩაფრინდა, რათა პირადად ენახა ეჭვმიტანილი, მაგრამ ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ფარუკმა უთხრა, რომ მას მხოლოდ თავის სახლში შეხვდებოდა. "მე არ ვიყავი მზად ამ რისკისთვის", - წერს ქალი.

ჟურნალისტის სიტყვებზე, რომ მარტინას მამას სურს გაიგოს რა მოხდა, უპასუხა;

"ზოგიერთი რამ სჯობს უთქმელად დარჩეს. საქმე იმაშია, რომ მე არ მახსოვს რა მოხდა, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი..."

ლოდონში დაბრუნებულ ჟურნალისტს კი მისწერა:

"ეს, უბრალოდ, უბედური შემთხვევა იყო. არაფერი საშინელება არ მომხდარა. უბრალოდ, უბედური შემთხვევა სექსის დროს. არავინ იცის სიმართლე, რადგან მე თვითონ ბევრი რამ არ მახსოვს".

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ არ ახსოვდა არაფერი, ერთი სიტყვით უპასუხა: "კოკაინი“.

ფარუკის თქმით, ადვოკატებმა ურჩიეს, რომ პოლიციას არ ჩაჰბარებოდა, რადგან ამ შემთხვევაში, "უმძიმესი სასჯელი" ემუქრებოდა.

ფარუკ აბდულაკი მამის დაკრძალვის დღეს გადაიღეს

როდესაც ჟურნალისტმა გარდაცვლილი ქალის მამას ფარუკთან მიმოწერის შესახებ ესაუბრა, ოდ პეტერს ძალიან გაუჭირდა სატელეფონო საუბრების მოსმენა. მან ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ხმა პირველად გაიგონა...

”ცხადია, რომ მას არ აქვს სიმპატია ჩვენი ოჯახის მიმართ და არ გამოხატავს სინანულს ან რაიმე მსგავსს”, - თქვა მარტინას მამამ. "დაბრუნდი დიდ ბრიტანეთში. მითხარი რა დაემართა მარტინას. იმიტომ რომ, არა მხოლოდ მარტინა იმსახურებს ამას, არამედ ჩვენი ოჯახიც", - მიმართა ეჭვმიტანილს კაცმა. წყარო