"ჩვენ, თურმელები" - ასე დაასათაურა ავტორმა, მისივე თქმით, ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური არქიტექტონიკა აქვს. წიგნს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქართულ ბრუდენბროკებს. ასევე ხშირია ასოციაცია „მარტოობის ას წელიწადთან“. ეს გახლავთ ქართული საგვარეულო დინასტია, თურმელების ოჯახის ისტორია. წიგნს წინ უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა უზუსტესი გენეალოგიური ხე. წიგნის ავტორი კი ბავშვებისა თუ ზრდასრულებისთვის საყვარელი მწერალი თამრი ფხაკაძეა.

„თურმე... თეთრი, თლილი ქვის მრავალკარიან სახლში მცხოვრები თურმელები, ჯერ კიდევ ანთიმოზ თურმელის დროიდან, ამ კართა გავლით შედი-გამოდიოდნენ ერთმანეთის ყოველდღიურობაში. თურმე... ერთი მთავარი კარით გადიოდნენ და იკარგებოდნენ შეუცნობელ გარე წუთისოფელში, ხან უმნიშვნელო და ხანაც საბედისწერო მოგზაურობებში. თურმე... ზოგი ბრუნდებოდა, ზოგიც _ ვერ...” - ამ მოკლე, მაგრამ ბევრისმთქმელი აბზაცის წაკითხვის შემდეგ რთულია, წიგნი გადადო და მისი წაკითხვა არ მოგინდეს.

რომანი გვიყვება თურმელთა გვარის ნაშიერთა ლამის უსრულ ხეტიალზე ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე. როდის? რატომ? როგორ? - პასუხები კითხვებზე ამ მაღალოსტატურად მოთხრობილ, ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ საბედისწერო მატიანეშია.
თამრი ფხაკაძის ეს ეპოქალური რომანი, ავტორის ცხოვრების მთავარი წიგნი, როგორც თვითონ აღნიშნავს, თორმეტი წლის განმავლობაში იწერებოდა, ღვინდებოდა, შენდებოდა და საბოლოოდ სრულყოფილი ფორმა მიიღო. რომანი „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიის „იკითხე ქართული ХХI“ ფარგლებში. ეს გახლავთ სერია, რომელიც ХХI საუკუნის ქართულ ლიტერატურას აერთიანებს - წიგნებს, რომლებშიც კარგად ჩანს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური და იდეური თავისებურებები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნის ავტორია ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი და სცენარისტი თამრი ფხაკაძე. თამრი ქართულ სამწერლობო ასპარეზზე 2000-ანი წლების დასაწყისში გამოჩნდა და მას შემდეგ მკითხველს აქტიურად ანებივრებს რომანებითა თუ საბავშვო მოთხრობებით, პიესებითა თუ სცენარებით.
მწერალს მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო და პრემია. მათ შორისაა „საბა“. ის ასევე წარდგენილი იყო ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე.
თამრი ფხაკაძის „ჩვენ, თურმელები“ მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია, მისი შეძენა შესაძლებელია როგორც „პალიტრა L-ის“ საიტზე, ასევე წიგნის მაღაზიებში.
R