ავტორი:

"მარტი ხელისუფლებისათვის უმძიმესი იყო, რადგან ნოკდაუნში ჩავარდა და სალომე ზურაბიშვილმა წიხლი მიაყოლა" - რომან გოცირიძე

"მარტი ხელისუფლებისათვის უმძიმესი იყო, რადგან ნოკდაუნში ჩავარდა და სალომე ზურაბიშვილმა წიხლი მიაყოლა" - რომან გოცირიძე

პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ლეგიტიმაცია დაუკარგა. საპარლამენტო ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. როდესაც ის "პარტიას“ ახსენებდა, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლას ხელს უწყობს, სალომე ზურაბიშვილია.

"მარტის თვე ხელისუფლებისათვის უმძიმესი იყო, რადგან ის მძიმე ნოკდაუნში ჩავარდა და მას სალომე ზურაბიშვილმა წიხლი მიაყოლა. პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ლეგიტიმაცია დაუკარგა. მისი ნათქვამი, რომ 2021 წლის მერე ვერ გაიგო, ვინ მართავს ამ ქვეყანას, ეს ირონია იყო. პრეზიდენტი ამ ნაბიჯებს იმიტომ დგამს, რომ მას ურთიერთობა აქვს უცხოეთთან. როგორც აღნიშნა, საერთაშორისო ვიზიტების დროს, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ხშირად ეკითხებიან. გარდა ამისა, ის სულ პრეზიდენტი არ იქნება. წელიწადნახევარი დარჩა. რეპუტაციის ნაწილში, თავისი მორალური ვალდებულებები აქვს. ყოფილი პრეზიდენტი არასოდეს წყვეტს საქმიანობას და გარკვეული საზოგადოებრივი წონა ყოველთვის აქვს. ასევე, მან უნდა გამოასწოროს ის შეცდომები, რაც მანამდე დაუშვა. დღეს ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლას ხელს უწყობს, სალომე ზურაბიშვილია. ეს ყოველივე საქართველოს ხელისუფლების გაფუჭებული საქმის გამოსწორების მცდელობაა. საპარლამენტო ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, დააკლო მხოლოდ ღია ფორმულირება - ბიძინა ივანიშვილის ხსენება. როდესაც ის "პარტიას“ ახსენებდა, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სალომე ზურაბიშვილი საფრთხეს წარმოადგენს. როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, თუ "ქართულ ოცნებას“ ექნება ორი ალტერნატივა - ძალაუფლების შენარჩუნება თუ ქვეყნის ევროპული მომავალი, მაშინ ის პირველს აირჩევს.

"რაც შეეხება პოლიტპატიმრების შეწყალებას, ეჭვიც არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლება მოუწევს. ეს პილპილმოყრილი მადლი არ უნდა იყოს. თუ აკეთებს, უნდა გააკეთოს დროზე, ხელი უნდა შეუწყოს პროცესების დაჩქარებას. რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილსაც სურთ ევროკავშირში შესვლა, მაგრამ მათთვის ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. თუ დგას ორი ალტერნატივა - ძალაუფლების შენარჩუნება თუ ქვეყნის ევროპული მომავალი, მაშინ ის პირველს აირჩევს. ივანიშვილისთვის სალომე ზურაბიშვილი საფრთხეს წარმოადგენს. მაშინაც, როცა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება, ბუნებრივია, რომ ივანიშვილზე ისაუბრებენ. უხეშად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს აფიქრებს, დააბეზღებს თუ არა პრეზიდენტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.