ავტორი:

"ეს რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს, უპირობოდ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება" - კობახიძე

"ეს რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს, უპირობოდ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება" - კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ "დეკემბერში გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება“ და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

როგორც კობახიძე აცხადებს, ოპოზიცია ელოდება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, რათა ეს ქვეყანაში არეულობის შემოტანისთვის გამოიყენონ.

"ჩვენ ველოდებით დეკემბერს. დეკემბერში გადაწყდება კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რაც შეეხება ოპოზიციას - ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს საპირისპირო, ანუ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. უფრო მეტიც, ისინი ელოდებიან დეკემბერს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რათა ეს ყველაფერი ქვეყანაში არეულობის შემოტანისთვის გამოიყენონ. ეს არის მათი მოლოდინი. ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით. არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს, რა თქმა უნდა, უპირობოდ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება შარშანდელი ივნისიდან, როდესაც ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, წელს დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი,“ - განაცხადა კობახიძემ.