ავტორი:

"არ იყენებს მობილურს, ინტერნეტს, პარანოია აქვს, უმეტესად ბუნკერშია..." - რას ჰყვება პუტინის შესახებ მისი დაცვის ყოფილი ოფიცერი და რა არის პრეზიდენტის "უსაფრთხო კაბინა"

"არ იყენებს მობილურს, ინტერნეტს, პარანოია აქვს, უმეტესად ბუნკერშია..." - რას ჰყვება პუტინის შესახებ მისი  დაცვის ყოფილი ოფიცერი და რა არის პრეზიდენტის "უსაფრთხო კაბინა"

რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის ყოფილი წევრი გლებ კარაკულოვი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამშობლო დატოვა, პუტინს "სამხედრო დამნაშავეს" უწოდებს და რუსეთის პრეზიდენტის შესახებ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებზე ლაპარაკობს. ის გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

გლებ კარაკულოვი 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მუშაობდა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურში ინჟინრად და პრეზიდენტის საიდუმლო კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ებარა.

  • Dossier-ი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ოფიცერთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ კარაკულოვი არის რუსული დაზვერვის ყველაზე მაღალი რანგის პირი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან გაიქცა და პუტინის რეჟიმს დაუპირისპირდა. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე დეზერტირობის მუხლით არის აღძრული.

35 წლის გლებ კარაკულოვი ამბობს, რომ პუტინს პარანოია აქვს პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბოლო წლებს ის ყველასგან განცალკევებით, ბუნკერში ატარებდა, ამიტომ მოწყვეტილი იყო რეალურ ინფორმაციას, ერთგვარად ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობდა, რის გამოც, ვერ აღიქვამდა სწორად გარშემო არსებულ ვითარებას.

კარაკულოვი სთხოვს თავის ყოფილ კოლეგებს, გამოაქვეყნონ მტკიცებულებები პუტინის დანაშაულების შესახებ და გააკეთონ ყველაფერი უკრაინაში ომის დასასრულებლად.

მინდა მივმართო რუს ოფიცრებს, მათ შორის ფედერალური დაცვის სამსახურის ოფიცრებს. თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომელიც ტელევიზიით არ გადაიცემა, მე მისი მხოლოდ მცირე ნაწილი მაქვს ნანახი. მოდით, მხარი დამიჭირეთ მეტი მტკიცებულებით. თქვენ დაეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ იცოდნენ სიმართლე.

რამდენი უსახელო მსხვერპლი ჰყავს ამ ომს, რამდენი ბავშვია, კიდევ რამდენი ასეთი მსხვერპლია საჭირო, რამდენი მოკვდება, სანამ ომი არ შეწყდება?

ჩვენი პრეზიდენტი ომის დამნაშავე გახდა, - ამბობს გლებ კარაკულოვი.

  • უსაფრთხო კაბინა

ოფიცერმა ისაუბრა ზოგიერთი იმ დეტალის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახური. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ იყენებს არც ინტერნეტს და არც მობილურ ტელეფონს.

"მთელ ინფორმაციას პუტინი ახლობელი ადამიანებისგან იღებს. სწორედ ამიტომ, ის ერთგვარ საინფორმაციო ვაკუუმში ცხოვრობს“, - ამბობს კარაკულოვი. მან ასევე დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც პუტინს უნდა შეხვდნენ, გადიან ორკვირიან კარანტინს. მისივე თქმით, არ იცის, არის თუ არა პუტინი რაიმე მძიმე დაავადებით დაავადებული.

კარაკულოვი ამბობს, რომ თვითონ არასდროს ყოფილა პუტინის ე.წ. სასახლეში, რომელიც გელენჯიკთან ახლოს მდებარეობს. თუმცა როგორც აღნიშნავს, მისი კოლეგები იქ ხშირად მიდიოდნენ.

პრეზიდენტს აქვს მოლაპარაკებების კაბინა, რომელიც საზღვარგარეთ ვიზიტების დროს დაგვაქვს, ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება საუბარი საიდუმლოების გარანტირებულად დაცვით. კაბინაში მოწყობილია სამუშაო ადგილი და არის დაცული ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საუბარი შიშის გარეშე, რომ უცხოური დაზვერვა არ მოგისმენს - თქვა კარაკულოვმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ პუტინის ოფისები სანკტ-პეტერბურგში, სოჭსა და ნოვო-იგარიოვოში ინტერიერით სრულიად იდენტურია.

იხილეთ ასევე: