ავტორი:

ისტორიული კადრები: ტრამპის მისვლა პროკურატურაში - აშშ-ის ექსპრეზიდენტის ფოტოები დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე

ისტორიული კადრები: ტრამპის მისვლა პროკურატურაში - აშშ-ის ექსპრეზიდენტის ფოტოები დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფორმალურად დაპატიმრებულია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მანჰეტენის საოლქო პროკურატურაში მივიდა და ახლა იგი პოლიციის მიერ არის დაპატიმრებული მის მომავალ სასამართლო სხდომამდე.

CNN-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაკავების ფარგლებში ტრამპი თითის ანაბეჭდებს აიღებენ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია გადაუღებენ თუ არა დაკავების ფოტოს. შემდეგ მას სასამართლო დარბაზში მიიყვანენ და ბრალდებებს წარუდგენენ. ტრამპის სასამართლოში გამოჩენა დიდი ალბათობით სწრაფი და რუტინული იქნება, მაგრამ CNN-ის თანახმად, “აშშ-ის ისტორიაში სურეალისტურ და ისტორიულ მომენტს” წარმოადგენს.

მოსალოდნელი არ არის, რომ ტრამპს ხელბორკილები დაადონ, ვინაიდან ის სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ დარჩება.

ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდებას უყენებენ. 30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ.

მისივე განცხადებით, დენიელმა ტრამპისგან თანხა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაჩუმების სანაცვლოდ მიიღო საკითხზე, რომელიც ტრამპის სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხებოდა და შესაძლოა, მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის იმიჯზე უარყოფითად ასახულიყო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სასამართლოში მისვლამდე ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები ყველანაირად ცდილობენ ის საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ