ავტორი:

ვინ არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანზე ალაპარაკდა  - ტრამპის განცხადება სასამართლოს შემდეგ და დავის ახალი დეტალები

ვინ არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანზე ალაპარაკდა  - ტრამპის განცხადება სასამართლოს შემდეგ და დავის ახალი დეტალები

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალდება 34 პუნქტით აქვს წარდგენილი, მათგან ყველაზე გახმაურებულია საქმე, რომელიც ტრამპისა და ყოფილი პორნოვარსკვლავის, სტორმი დენიელსის ინტიმურ ურთიერთობას უკავშირდება. გამოძიების მასალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა დენიელსს 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ჩუმად ყოფილიყო და არ ეთქვა, რომ წარსულში სექსი ჰქონდათ.

როგორც ირკვევა, საქმეში კიდევ ერთი ქალი ფიგურირებს. დოკუმენტების თანახმად, ტრამპის სახელით თანხა გადაუხადეს კიდევ ერთ ქალს, კარენ მაკდუგალს.

მაკდუგალი არის Playboy-ის ყოფილი მოდელი და ისევე, როგორც სტორმი დენიელსი, ისიც ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანი ჰქონდა. მისი თქმით, ტრამპთან რომანი 10 თვე გაგრძელდა.

მაკდუგალმა მოდელის კარიერა 20 წლის ასაკში დაიწყო. მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში. შემდეგ "ფლეიბოის" ფურცლებზე გამოჩნდა. მუშაობდა ფიტნეს მოდელად და 1999 წელს გახდა პირველი ქალი, რომლის ფოტოც ჟურნალ Men's Fitness-ის გარეკანზე დაბეჭდეს. ეპიზოდური როლები ჰქონდა სხვადასხვა ფილმში. მათ შორის, 2000 წელს ფილმში "ჩარლის ანგელოზები.“

"ნიუ იორკერი" წერს, რომ მაკდუგალის თქმით, დონალდ ტრამპს ლოს-ანჯელესში, 2006 წელს, "ფლეიბოის" ოფისში შეხვდა, მისივე თქმით, ტრამპს, რომელიც დაქორწინებული იყო, ქალი მოეწონა და მაშინვე გამოელაპარაკა. "მითხრა, რომ ლამაზი ვიყავი“, - იხსენებს მაკდუგალი.

დონალდ ტრამპი სასამართლოში

2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მაკდუგალმა გამოცემა National Enquirer-თან ხელი მოაწერა 150,000 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას. ხელშეკრულების თანახმად, ქალს დონალდ ტრამპთან ურთიერთობის შესახებ აღნიშნული გამოცემისთვის ექსკლუზიურად უნდა ეამბა და ამ თემაზე საჯაროდ სხვაგან არასდროს არაფერი ეთქვა. ქალი ამბობს, რომ მოატყუეს და რეალურად, ამ ხელშეკრულების მიზანი იყო, რომ გაეჩუმებინათ და ეს ამბავი არავისთვის მოეყოლა.

2021 წელს გამოძიებამ დაადგინა, რომ გამოცემამ დაარღვია მაკდუგალის უფლებები, რადგან არ გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. National Enquirer $187,500 დოლარით დაჯარიმდა.

  • ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის სასამართლოში ბრალი 34 პუნქტით წაუყენეს. პროკურატურის თქმით, ტრამპი უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად.

ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარდგა და ყველა ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ სცნო.

  • რას აცხადებს ექსპრეზიდენტი სასამართლოს შემდეგ?

"ერთადერთი დანაშაული, რაც მე ჩავიდინე, არის ჩვენი ერის უშიშრად დაცვა მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს", - აცხადებს ტრამპი. მისი მტკიცებით, პროკურატურა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დამარცხებას ისახავს მიზნად.

"ეს ყალბი საქმე მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით აღძრეს, ”- აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ქვეყნის შეურაცხყოფაა.

"ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის. ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, რადგან მსოფლიო უკვე დაგვცინის“, - აღნიშნა ტრამპმა.